რუსეთიდან ფრენის სუდსიდირებას კრიტიკა არ ასცდა

რუსეთიდან ფრენის სუდსიდირებას კრიტიკა არ ასცდა

საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენის სუბსიდირებას დადებითის ნაცვლად, პირველ რიგში, უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. უკმაყოფილება ოპოზიციის კვალდაკვალ უკვე გამოთქვეს ავიაკომპანიების ნაწილმა და თვით ტურისტულ ბიზნესში ჩართულმა სუბიექტებმაც კი.

მთავრობამ შესაბამისი დადგენილება უკვე გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ფრენების სუბსიდიაზე 600 ათასამდე ევრო გამოიყოფა. პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი დადგენილება ძალაში 24  ივლისიდან შევიდა.

დოკუმენტის მიხედვით, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს.

„სტიმულირების ხელშეკრულების მიზნებისათვის პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებად ითვლება რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები, თუკი სახეზეა რეგულარული სატრანზიტო ფრენა და ხორციელდება მგზავრების თბილისის ან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გადაყვანა რუსეთის ნებისმიერი აეროპორტიდან, რომლიდანაც ხდება მოგზაურობის დაწყება (და პირიქით). ერევანის საერთაშორისო აეროპორტი კი გამოიყენება სატრანზიტოდ“, -აღნიშნულია დადგენილებაში.

ავიაბიზნესი საქართველოს კი მთავრობის დადგენილებას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ის კონკრეტულ ავიაკომპანიაზე მორგებული გადაწყვეტილებაა. „მაივეი ეარლაინსში“ აცხადებენ, რომ „სტიმულირების პროგრამა“, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ავიარეისებით მგზავრთგადაყვანის და სუბსიდირებას ითვალისწინებს, ევროკომისიის გადაწყვეტილების უგულვებელყოფაა, რომელიც საერთაშორისო ავიარეისებზე სუბსიდირებას კრძალავს.

ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილება, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ერევნის გავლით მგზავრთ გადაყვანების დაფინანსებას ითვალისწინებს, შესაძლოა საქართველოს ძვირი დაუჯდეს.

„კარგია, რომ მთავრობა ფიქრობს ავიასანქციებიდან გამომდინარე, როგორ დაეხმაროს ტურიზმის, ტრანსპორტის სექტორებს და მათ შორის ავიაციას. სწორი მიმართულებაა, თუმცა როგორც ყოველთვის, ხდება გადაწყვეტილებების მიღება ნაჩქარევად, გაუაზრებლად და ძალიან ბევრი დარღვევებით.

ზოგადად ავიაციაში სუბსიდირება ევროკომისიისა და ევროკავშირის მიერ პირდაპირ იკრძალება. არ შეიძლება მოხდეს სუბსიდირება, ან მსგავსი ტიპის წახალისება ავიაკომპანიებისთვის საერთაშორისო ფრენებზე იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კონკრეტულ ავიაკომპანიას უპირატესობებს ანიჭებს და ქმნის ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციას. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას ევროკომისიის მიერ მკაცრი სანქციები არ მოჰყვება“, - აცხადებს „ბიზნეს მედიასთან“ აფციაური.

სატრანზიტო ფრენების სუბსიდირების საკითხს ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი საბა კიკნაძეც ეხმიანება. მისი აზრით, სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება ტურიზმისთვის განსაკუთრებული ეფექტის მქონე ვერ იქნება.

„რაც წერია ეს ყველაფერი, რომ შესრულდეს მთავრობა 6 666 მგზავრის გადმოყვანას შეძლებს და რას მოგვცემს ეს რაოდენობა, როგორ გამოადგებიან ინდუსტრიას? მე არ მიმაჩნია სწორად ის, რომ ამას შესაძლოა ტურიზმისთვის რამე განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდეს. სახელმწიფომ კაცზე 90 ევრო უნდა დახარჯოს და ამ პირმა საქართველოში 400-500 დოლარი უნდა დახარჯოს, რაზე ვლაპარაკობთ?“ - განმარტა კიკნაძემ.

მისივე განცხადებით, რუსეთიდან ერევნის გავლით ფრენების სუბსიდირებისთვის გამოყოფილი 600 ათასამდე ევროს გამოყენება სახელმწიფოს სხვა ქვეყნებში მარკეტინგული კამპანიებისთვის შეეძლო.

„ეს ერთი სერიოზული მარკეტინგული კამპანიის თანხაა. 600 ათას ევრომდე თანხა ევროპის ქვეყნებზე გააზრებულად რომ დაიხარჯოს, გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ შედეგს მოგვცემს“, - ამბობს კიკნაძემ.

მთავრობის გადაწვეტილებას რასაკვირველია აპროტესტებს ოპოზიციაც. როგორც „ევროპული საქართველო“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია.

„ჩვენი აზრით, ასეთი ხარჯის გაღება, მით უმეტეს, რომ მგზავრთა რაოდენობაზე გადაანგარიშებით, მგზავრზე 90 ევრო გამოდის, არის ძალიან მცდარი. მთავრობის ოფიციალური სტატისტიკით, ერთი ბრიტანელი ან გერმანელი ვიზიტორი ხარჯავს სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე ერთი რუსი ვიზიტორი. ამის გათვალისწინებით, „ევროპული საქართველო“ იმეორებს მოწოდებას, გააფორმოს კონტრაქტი წამყვან დაბალბიუჯეტიან კომპანია „რაინეართან“, რომელსაც რუსეთიდან ფრენების აკრძალვით გამოწვეული დანაკლისის კომპენსირება და დანაკლისზე ბევრად მაღალი შემოსავლის უზრუნველყოფა თავისუფლად ძალუძს“, -აღნიშნავს პარლამენტის წევრი.

DDDzia გიორგი კანდელაკი აცხადებს:
ერთი ბრიტანელი ან გერმანელი ვიზიტორი ხარჯავს სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე ერთი რუსი ვიზიტორი. ამის გათვალისწინებით, „ევროპული საქართველო“ იმეორებს მოწოდებას, გააფორმოს კონტრაქტი წამყვან დაბალბიუჯეტიან კომპანია „რაინეართან“, რომელსაც რუსეთიდან ფრენების აკრძალვით გამოწვეული დანაკლისის კომპენსირება და დანაკლისზე ბევრად მაღალი შემოსავლის უზრუნველყოფა თავისუფლად ძალუძს“

ისე შენი რეგვენი პატრონი არ იყოს.
შენ უცხოელი, რომელიც დიდ ფულს ხარჯავს ლოუკოსტით გინახია სადმე დაფრინავდეს?
უცხოელები აქ ბუნების სანახავად ჩამოდიან და ძირითადად მაღლა აწეული ცერა თითით და ზურგზე წამოკიდებული ბარგი-ბარხანით.
იკვებებიან ძირითადად ქუჩაში ნაყიდი ხაჭაპურით და ღვეზელით და თუ სადმე შედიან საცხოვრებლად, მხოლოდ იმიტომ, რომ კარვის დასადგამი ადგილი ვერ ნახეს. ის ღამის გასათევიც 15 ლარზე მეტი არ ღირს.
4 წლის უკან