არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში ქართველმა მაღალჩინოსნებმა საქართველო დატოვეს. 5 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ რიზეს ერთ-ერთ სასტუმროში რეგისტრაცია დავით ჭაკუამ, სოსო თოფურიძემ და ალექსანდრე მუხაძემ გაიარეს. ისინი რიზეში გადავიდნენ და 6-ში დილით უკვე მანქანით გაემგზავრნენ ტრაპიზონში.
რიზეს ერთ-ერთი სასტუმროს რეგისტრაციის ამონაწერს „ხალხის პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი ჯუმბერ თავართქილაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სასტუმროში ძმები ახალაიები და მასტერას სახელით ცნობილი გიორგი დგებუაძეც იმყოფებოდნენ, საბაჟოზე კი ისინი აჭარის კუდის უფროსმა თემურ პატარიძემ გააცილა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა როლანდ ახალაიამ განაცხადა, რომ მისი შვილები - დათა და ბაჩო ახალაიები ისვენებენ.
„ჩემი შვილები საჯარო მოხელეები აღარ არიან და ისინი ისვენებენ,“ - განაცხადა ახალაიების მამამ.
თუმცა მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩო ახალაია არჩევნებამდე ორი დღით ადრე წყნეთში საკუთარი ძმის დათა ახალაიას სიმამრის - დავით ბენიძის (ფოთის პორტის დირექტორის ყოფილი მოადგილე და მსხვილი ბიზნესმენი) სახლში, ე.წ. სამთავრობო აგარაკის ყოფილ ტერიტორიაზე იმალებოდა. ამის შესახებ სააგენტო „ივერონი“ იტყობინებოდა. ეს სახლი კი შაქრო კალაშოვის ცნობილ სასახლეს ფეშენებელურობით არ ჩამოუვარდებოდა.
ქართველი მაღალჩინოსნების ამჟამინდელი კვალის შესახებ For.ge ჯუმბერ თავართქილაძეს ესაუბრა.
- სასტუმროს რეგისტრაციის ამონაწერი ადასტურებს, რომ იქ იმყოფებოდნენ სოსო თოფურიძე, ციხის უფროსი დავით ჭაკუა და ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ (გლდანის N8 საპყრობილის დირექტორი). ისინი ქალაქ რიზეში ჩავიდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდნენ დათა და ბაჩო ახალიაები და ერთი სასულიერო პირი. იქ მათ დახვდა ე.წ. მასტერა, ისინი ცოტა ხნით დარჩნენ და შემდეგ გაემგზავრნენ ტრაპიზონში. მას შემდეგ მათი კვალის შესახებ არაფერი ვიცი. თუმცა ეს ხალხი რიზემდე ჩააცილა აჭარის ყოფილმა კუდის უფროსმა. როგორც მითხრეს, დღეს იგი გაათავისუფლეს. მათთან ერთად იყო მათი სამკაციანი ზონდერჯგუფი, არა თანამშრომლები, არამედ ე.წ. „ზონდერკამანდა“. ესენი იმავე სასტუმროში დაბინავდნენ, 6 ოქტომბრის დილით კი ტრაპიზონში გაემგზავრნენ.
როგორ მოხერხდა მათი გაშვება, თუ ფლობთ ინფორმაციას?
- ჩემი ინფორმაციით, ქართული მხარის საზღვარი - სარფის საბაჟო ოთხმა სამთავრობო ჯიპმა ისე გადაკვეთა, რომ არცერთი მათგანი არ ჩამოსულა მანქანიდან, გარდა აჭარის კუდის უფროსის.
ე.ი. საგანგებო ვითარებაში გარბოდნენ.
- დიახ, ოღონდ ეს ხდებოდა დღისით-მზისით.
მაინცდამაინც თქვენს მიერ ხსენებულ სასტუმროს რატომ შეაფარეს თავი და უსაფრთხოების მომეტებულ ზომებს რატომ ვერ მიმართეს?
- არჩევნები ოთხი დღის დამთავრებული იყო და ამ ადამიანებმა, როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ ჩვენ ვიყავით ეიფორიაში, გამარჯვებას ვზეიმობდით. სინამდვილეში, ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, კანონის წინაშე ეს კრიმინალური ბანდა დასჯილი რომ იქნება.
რიზეში მათი ყოფნის შესახებ თქვენ ვინ შეგატყობინათ?
- შემთხვევით ჩემმა მეგობარმა შეიტყო ამის შესახებ. იგი ემიგრაციაში იმყოფება და ამ ხელისუფლების მიერ დევნილი ერთ-ერთი ბიზნესმენია. მან მომაწოდა ეს ინფორმაცია. ამის შემდეგ პირადად გადავკვეთე საზღვარი, გადავედი თურქეთში, მოვინახულე ჩემი მეგობარი და მან მომცა ეს დოკუმენტები. ასე რომ, 21-ში დილით დავტოვე საქართველო, გადავედი და საღამოთი ისევ დავბრუნდი. თავად მინდოდა აღნიშნული ფაქტის გადამოწმება, რადგან ჩემს მიერ გაჟღერებული ფაქტი არ უნდა ყოფილიყო ჭორებზე დაყრდნობილი.
ალბათ, შეხვდით სასტუმროს მეპატრონესაც, მანაც დაადასტურა ეს ინფორმაცია?
- დიახ.
ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები ხომ არ არსებობს?
- როგორც ჩემი ინფორმატორი ამბობს, მათ შეეძლოთ ამის გაკეთება და ფოტოების გადაღება. უბრალოდ, ეს შესამჩნევი გახდებოდა და, როგორც წესი, „მასტერა“ თურქეთშიც „მასტერაა“, ყველა იცნობს, როგორც კრიმინალ ადამიანს. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ჩემს მეგობარს და იქაურებს ამ ფოტოების გადაღება შეეძლოთ, მაგრამ შეგნებულად არ გააკეთეს. მე უშუალოდ გახლდით სასტუმროში, მაგრამ სამწუხაროდ, იმ ფოიეში, სადაც მათი შეხვედრა მოხდა, არ იყო დამონტაჟებული ვიდეომკამერები, რათა ეს მასალა მომეწოდებინა.
სასტუმროს მეპატრონისგან ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, ისინი როგორ იქცეოდნენ?
- ჩემი ინფორმატორის დავალებით, საქართველოდან დევნილი კიდევ სხვა ბათუმელი აკვირდებოდა მათ ქმედებებს. ესენი ყოფილან ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ინფორმატორმა ვერ დააკონკრეტა, თუ რა ჰქონდათ მათ მანქანაში, მაგრამ მათ თან ჰქონდათ მხარზე ჩამოსაკიდი ჩანთები და თითოეულ მათგანს ჰქონდა ორ-ორი შავი დიპლომატი. სხვა რაიმე ბარგი სასტუმროში არ გადაუტანიათ. დავინტერესდი, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი, ნასვამი ხომ არ ყოფილან. თუმცა წყარომ მითხრა, რომ ნასვამები არ ყოფილან, უბრალოდ, მოუწესრიგებელი ჰქონდათ სახე და ბახუსის ნიშნები არ ემჩნეოდათ. სახის მოუწესრიგებლობაში კი მათი ორი დღის გაუპარსაობა იგულისხმება.
რატომ მაინცდამაინც თურქეთის აღნიშნულ სასტუმროში არჩიეს დაბინავება? ქართველები არ ეგულებოდათ და თავს დაცულად გრძნობდნენ?
- იმ სასტუმროში არავინ არის. ჩვეულებრივი ერთი სამვარსკვლავიანი სასტუმროა. როგორც ჩანს, შეგნებულად აარიდეს თავი ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობას. თანაც, არც ისე მდიდრული სასტუმროა და, ბუნებრივია, ასეთ სასტუმროში ვინმე ისეთი პირი, ვინც მათ იცნობდა, არ იქნებოდა. გარდა ამისა, ალბათ, თვითონ „მასტერამ“ შეარჩია ეს სასტუმრო.
თუ გაქვთ ინფორმაცია, „მასტერას“ აქამდე თურქეთთან შეხება ჰქონდა?
- ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მე მგონი, თურქეთთან ჩემს გარდა ურთიერთობა საქართველოში ყველას აქვს. მე კი 15 წლის შემდეგ გადავკვეთე საზღვარი. ჩემი აზრი ასეთია, მაინცდამაინც თურქეთი იმიტომ არჩიეს, რომ, როგორც ჩანს, აჭარის კუდის უფროსი ძალიან დაახლოებული იყო ახალაიებთან და ეს იყო დიდი ნდობის ფაქტორი. აშკარაა, ახალაიები უკვე აღარავის ენდობოდნენ, გარდა აჭარის კუდის უფროსის, რომელმაც პირნათლად შეასრულა მათი ნდობა და პირნათლად გადაიყვანა საზღვარზე. ორი დღეა ამაზე ვფიქრობ და ერთადერთი არგუმენტი ესაა. მათ მართლაც შეეძლოთ სხვა გზაც მოენახათ, თუნდაც აეროპორტით ესარგებლათ ან ვალეს, ან სომხეთის საზღვარი გადაელახათ, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, მათ აჭარა უფრო უსაფრთხოდ ეჩვენათ იმის გამო, რომ მათი უახლოესი მეგობარი კუდის უფროსი გახლდათ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ კუდის უფროსი სასტუმროს მეპატრონესაც იცნობდა. სიმართლე გითხრათ, ახალაიების ხელი თითქმის ყველა რეგიონს სწვდებოდა. თუმცა პირადად ახალაიას ხელით აჭარაში ტრაგიკული მომენტები რომ შექმნილიყო, არ მახსენდება. ალბათ, ესეც იყო მიზეზი, რომ ერთ-ერთი უსაფრთხო კუთხე მათთვის აჭარა იყო.