„პორტის ოპერატორმა კომპანიამ „SSA Marine“ წამოაყენა ახალი მოთხოვნა, რომ ანაკლიის პორტი გარკვეული დროით, ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს საქართველოში“, – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, ამერიკული კომპანია „SSA Marine“– ისგან 10 დღის წინ მიიღეს წერილი ახალი მოთხოვნით. კერძოდ, პორტის ოპერატორი და ინვესტორი კომპანია „SSA Marine“, გარკვეული პერიოდით ანაკლიის პორტისთვის ექსკლუზივის მინიჭებას ითხოვს.
„ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ჩვენი პარტნიორები, პორტის ოპერატორი დაგვერწმუნებინა, რომ პროექტს მთავრობის მხარდაჭერა აქვს, თუმცა მაისში განვითარებული მოვლენების გამო, მათ გადაწყვიტეს, რომ წამოეყენებინათ დამატებითი მოთხოვნა, რაც გულისხმობს, რომ ანაკლიის პორტი გარკვეული დროით, კერძოდ, სანამ პროექტის პირველი ფაზა არ მიაღწევს 70%–იან უტილიზაციას, იყოს ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში.
ეს არის „SSA MARINE“–ს მიერ წამოყენებული ახალი პირობა, რომელიც მანამდე არ ყოფილა. ისინი მზად არიან ჩაერთონ პროექტში, განახორციელონ ინვესტიცია, რომელზეც აიღეს ვალდებულება თავის დროზე, მაგრამ ეს ახალი პირობა წამოაყენეს. მათი ეს რეაქცია პორტთან დაკავშირებული საკითხების ორაზროვნებამ გამოიწვია“, – აცხადებს ლევან ახვლედიანმა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენდირექტორის თქმით, „SSA MARINE“–ის მოთხოვნის შესახებ მთავრობა ინფორმირებულია, თუმცა ამ მოთხოვნაზე მთავრობის პოზიცია მისთვის ცნობილი არ არის. მისი თქმით, რაც არ უნდა ილაპარაკონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება, არასწორია. როგორც ახვლედიანი აცხადებს, პორტის პროექტის მომავალთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს.
„როდესაც მთავარი სპონსორის მიმართ ბრალი არის წაყენებული, ეს მეტყველებს საფრთხეზე. აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ზოგადი საინვესტიციო გარემო და ეს უდიდესი პროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური თუ ზოგადი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენას საგანგებო განცხადებით ეხმაურება აშშ–ის საელჩო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩო შეშფოთებას გამოვთქვამთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით. ამასთან, საელჩო ხაზს უსვამს, რომ აშშ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში.
„ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით. მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, – ნათქვამია აშშ–ის საელჩოს განცხადებაში.
საგანგებო განცხადება გაავრცელა დიდი ბრიტანეთის საელჩომ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმის გარშემო პროცესები გაჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. საელჩო ხაზს უსვამს, რომ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა აუცილებელია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის.
„დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ საბანკო მოქმედებებს ეხება.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გაჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის განცხადებაში.
აშშ–ის და დიდი ბრიტანეთის კრიტიკული განცხადების მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტს არაფერი ემუქრება.
„როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ანაკლიის პროექტი წარმოადგენს ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ცალსახად გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. სახელმწიფოს პროექტის უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს გაცხადებული და აქედან გამომდინარე, ამ პროექტს არაფერი არ ემუქრება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
პარლამენტის ვიცე–სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი არ არის რომელიმე პირის პირადი პროექტი, ეს არის სახელმწიფოს დაკვეთა.
„ანაკლიის პორტი არ არის რომელიმე ან კომპანიის ან კონსორციუმის ან რომელიმე პირის პირადი პროექტი ან საკუთრება. ეს არის სახელმწიფოს სტრატეგიული პროექტი, ეს არის სახელმწიფოს დაკვეთა, რომ საქართველოში აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის გამტარუნარიანობა, ტრანზიტის შესაძლებლობები, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი.
ამიტომ, უბრალოდ, შეუძლებელია, საკითხის ისე დაყენება, თითქოს ეს ეკუთვნის ან ერთ კომპანიას, ან ერთ პირს, ეს არის სახელმწიფო პროექტი და სახელმწიფო ყველა ეტაპზე მაქსიმუმს აკეთებდა, რომ ხელი შეეწყო პროექტის განმახორციელებელი კომპანიისთვის პროექტის წარმატებით წარსამართად“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, საელჩოს განცხადება, ქვეყანაში არსებულ რეპრესიებზე მიუთითებს. მისი თქმით, აშშ–ის განცხადებით დასტურდება, რომ ივანიშვილი და მმართველი გუნდი ანგარიშს არავის უწევს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს.
„ის, რაც ხდება „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით, ამ 2 დღის განმავლობაში თითქმის 14%–ით გაუფასურდა მისი აქციები, ეს იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში ნაგროვები, სიმწრით ნაშოვი კაპიტალი დაეკარგათ 1 დღეში. ეს არის დანაშაული, რაც ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ. ერთი მხრივ, ანაკლიის პორტის ჩაძირვა, მეორე მხრივ, საფინანსო სისტემის სრული კონტროლის დამყარება, ეს „თიბისის“ დამორჩილების გარეშე არ მოხდება და მესამე – ფაქტობრივად პოლიტიკური ოპონენტების ჩამოცილება და პოლიტიკური დევნა.
ქვეყანა მიდის ავტორიტარული რეჟიმისაკენ. ამის გაჩერება, როგორც ხედავთ, საერთაშორისო ზემოქმედებითაც კი ვერ ხდება. ერთადერთი უებარი წამალი არის ხალხი. როგორც ხალხმა არაერთხელ გააჩერა თავნება მმართველობის ხარბი მადა, ასევე გააჩერებს ამას ხალხი და ეს უნდა მოხდეს 2020 წელს, თუკი 2020 წლამდე მიაღწია ამ ხელისუფლებამ, იმდენ დანაშაულს და შეცდომას ჩადიან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
გამოიტანს თუ არა სასამართლო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების დაკავების გადაწყვეტილებას, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. თუმცა, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ხაზარაძე–ჯაფარიძის დაკავება უხეში ფორმა იქნება. ექსპერტი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში უფრო გირაოს ღონისძიებას გამოიყენებს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ქვეყანაში პოლიტიკურ კონიუნქტურას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე კანონს და სამართალს.
„ჩვენთან სამართლიანობის აღდგენის სურვილს არ დაადგა საშველი. ხომ ხედავთ, ჩვენ ახლა იმაზე ვმსჯელობთ, თუ არის დამნაშავე ხაზარაძე, დააკავებენ თუ გირაოს შეუფარდებენ. საქმე ისაა, რომ ჩვენთან პოლიტიკურ კონიუნქტურას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ვიდრე კანონს და სამართალს.
არ ვიცი, როგორ მოიქცევიან, იმიტომ რომ, აქ დანაშაულია მთავარი შემადგენელი თუ ხაზარაძის პოლიტიკური აქტიურობა, ეგ არის გასარკვევი. იყო ასეთი ტიპის დანაშაულებები წინა ხელისუფლების პირობებშიც, ძალიან ბევრს ჰქონდა, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებსაც, მაგრამ ზოგ შემთხვევაში კანონი კანონობს, ზოგ შემთხვევაში – არა“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.
რაც შეეხება განცხადებებს, რომ ხაზარაძის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება, მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს მას, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება მანამდე დაიწყო, სანამ ხაზარაძე პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა.
„რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, ამ აზრს აქვს თავისი არსებობის უფლება, თუმცა გამოძიება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ხაზარაძე პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა, მაგრამ რასაკვირველია, პოლიტიკური ნაწილიც არსებობს, ამას ვერავინ უარყოფს.
ხელისუფლებისთვის, როგორც ჩანს, ხაზარაძის გამოჩენა პოლიტიკურ სცენაზე არის არასასურველი. იმდენი ხალხი ჰყავს საქართველოში ბანკებს გამწარებული, ვერ ვხედავ მე იმის საშიშროებას, რომ ბანკირის მიერ შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია განსაკუთრებულ ხიფათს შეუქმნის ქართულ პოლიტიკურ ველს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ აშშ–ს საელჩოს განცხადება არის ირიბი მინიშნება იმაზე, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ პროცესებში, ამერიკელები პირდაპირ ხედავენ სხვა მოტივაციებსაც. ექსპერტის შეფასებით, ხაზარაძე არის ტესტი ამერიკისთვის, რა დოზით და რა სახის ინტერესები შერჩა აშშ–ს საქართველოს მიმართ. ლაგაზიძეს შეფასებით, აშშ–ს საელჩოს ამ განცხადებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ანაკლიის პორტის მშენებლობას პირდაპირ უკავშირებს მამუკა ხაზარაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
„ძალიან ნათლად არის აქცენტები მოცემული. ამ განცხადებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ანაკლიის პორტის მშენებლობას პირდაპირ უკავშირებს ხაზარაძის თემას. პირდაპირ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ხაზარაძის გარშემო შექმნილი პრობლემების სათავე არის ანაკლიის პორტი.
ამ განცხადებაში ნათლად არის ამერიკელების მიერ დანახული კავშირი ხაზარაძესა და ანაკლიის პორტს შორის და პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ხაზარაძისთვის პრობლემების შექმნა არის ანაკლიის პორტისთვის პრობლემების შექმნა. განცხადება ასევე არ მალავს და ძალიან ხაზგასმით და ნათლად სვამს კითხვებს ხაზარაძის გარშემო, დროისა და კონტექსტის გათვალისწინებით. საელჩო იმ დროს, როცა ეს პროცესი დაიწყო, პრობლემურად მიიჩნევს. შესაბამისად, ამ განცხადების სულისკვეთებიდან ნათლად ჩანს, რომ აშშ იმის მიღმა, რასაც ოფიციალური თბილისი აცხადებს, ძალიან ბევრ ქვეტექსტს კითხულობს. უპირველესი, სწორედ ეს ანაკლიის პორტია, თორემ სხვაგვარად რომ იყოს, დროსა და კონტექსტზე ხაზს არ გაუსვამდა ამერიკის დიპლომატია. ეს არის ირიბი მინიშნება იმაზე, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში, ამერიკელები პირდაპირ ხედავენ სხვა მოტივაციებსაც, გარდა იმისა, რასაც ოფიციალური თბილისი აცხადებს“, – აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.
როგორც ლაგაზიძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამაზე გაცილებით ნათელი მესიჯი იყო ბახტაძის ამერიკაში ყოფნის დროს პომპეოს განცხადება, სადაც მან ხაზგასმით აღნიშნა, ამერიკის ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართ.
„ისიც კი თქვა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ინტერესების გაძლიერება ამერიკის ინტერესებში არ შედისო. ასე იყო აღქმული ეს განცხადება. ამას შემდეგ დროში მოჰყვა ხაზარაძის და ჯაფარიძის დაბრუნება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელ რგოლში და როცა პომპეოს განცხადება არ იქნა შესაბამისად აღქმული და გათვალისწინებული, არ ვიცი რამდენად იქნება გათვალისწინებული პომპეოს დაქვემდებარებაში მყოფი ამერიკის საელჩოს განცხადება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადების მიღმა კიდევ სხვა მოლაპარაკებები მიდის ამერიკის ოფიციალურ პირებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
რატომ დასაჩინჩლავად?! აბა ლგბტ ქვეყნებს მეტი რისი ტაკო აქვთ!
ასე იცის უთავმოყვარეობამ და ერთ ადგილში შეხვარხვალებამ!