სავალუტო ბაზარზე ქაოსია, რატომ ეცემა ლარი გაურკვეველია

სავალუტო ბაზარზე ქაოსია, რატომ ეცემა ლარი გაურკვეველია

სრულიად მოულოდნელად, ყველა პანიკის გადავლის შემდეგ, ლარმა ისევ ნახტომისებური გაუფასურება დაიწყო. ამჟამად კურსი პანიკურ ნიშნულზეა. ეროვნული ვალუტის ასეთი ვარდნა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ლოგიკურ ახსნას ვერც ხელისუფლების წარმომადგენლები უძებნიან, ვერც ეკონომისტები და ვერც ბიზნესმენები.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ვარაუდობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული ვითარება დასტაბილურდება. ამჟამად გარკვეული მოლოდინები კურსზე მოქმედებს და დოლარის დეფიციტს ქმნის.

„ზოგადად, ლარის კურსთან მიმართებაში განმეორებადი ინფორმაციები ადამიანს ბეზრდება და თითქოს ეფექტიანობასაც კარგავს, მაგრამ როდესაც საუბარია მოლოდინზე, ამ შემთხვევაში, სწორედ ამას ჰქონდა ადგილი. როცა ყველა, ვისაც მაგალითად 100 ლარი ჰქონდა გადანახული, ფიქრობს ამითაც კი დოლარი შეიძინოს, რადგან მიმდინარე მოვლენების გამო შესაძლოა, ლარი გაუფასურდეს, ეს ფაქტი მოქმედებს დოლარზე და მის დეფიციტს ქმნის. ეს არ არის გრძელვადიანი მდგომარეობა. დანარჩენი ფაქტორები არ არის დაზიანებული, ამიტომ ველოდები, რომ ლარი დასტაბილურდება“, - განაცხადა დეპუტატმა.

გაუფასურების ახალ ტალღას ეხმიანებიან ეკონომისტებიც. ირაკლი ყიფიანის განმარტებით, ბოლო პერიოდში ბიზნესი უყურებდა ლარის კურსს, რამდენად გამყარდებოდა, თუნდაც პუტინის განცხადებების შემდეგ. რეალურად, გამყარება რამდენიმე დღე დაფიქსირდა, დღეს კი ლარი ისევ რჩება გაუფასურების მაღალ ნიშნულზე. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკას დიდი პრობლემები აქვს.

„ბაზრის მოთხოვნას დიდხანს ვერ შეაკავებ, რადგან ბიზნესს თავიანთ უცხოურ პარტნიორ კომპანიებთან გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვთ. გადარიცხვები განსახორციელებელია და შესაბამისად, შეკავების ხანგრძლივობამ დოლარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა. მე პირადად, აღარ მჯერა იმის, რომ ლარი დაუბრუნდება მნიშვნელოვან გაუფასურამდე არსებულ ნიშნულს. აუცილებლად წონასწორობის ახალი ნიშნული ჩამოყალიბდება“, - აღნიშნავს ყიფიანი.

როგორც ცნობილია, „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ლარი რუსული სანქციების დაწესებამდეც გაუფასურებული იყო, ახალი შოკის შედეგად კი დოლარის კურსი შესაძლოა 3.00-3.05-მდე გაიზარდოს, რასაც შედარებითი გამყარება მოჰყვება.

ამ თემაზე ირაკლი ყიფიანის პოზიცია ასეთია: „როდესაც ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუტს ასეთი მოლოდინი აქვს, ვგულისხმობ „თიბისი ბანკს“, პროცესები კიდევ უფრო არასტაბილურ ხასიათს იძენს“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას ეკონომისტმა.

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია კი ეროვნულ ბანკის მენეჯმენტს ლარის კურსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და პროგნოზებს უწუნებს. გარდა ამისა, ბიზნესმენის აზრით, ე.წ. რუსული ავიასანქციების შედეგად საქართველოს ეკონომიკისთვის პოტენციურ დანაკარგთან დაკავშირებით, სებ-ის მიერ გაკეთებული პროგნოზი პანიკის შემცველია.

„როდესაც ვსაუბრობთ, 200-დან 300 მილიონ დოლარამდე დანაკარგზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა გამოგვიცხადა ნაწილობრივ ემბარგო, თავად ეს განცხადება უკვე პანიკის შემცველია. 200 მლნ-სა და 300 მლნ-ს შორის 100 მლნ-ია სხვაობა, 1 მლნ-ზე ხომ არ ვლაპარაკობთ?! ეს უფრო არაკომპეტენტური განცხადება მგონია, ვიდრე ექსპერტების მიერ გაკეთებული ვარაუდები. თუ ასეთი შოკია, ამ შემთხვევაში უფრო მყარად უნდა იდგეს ეროვნული ბანკიც და მთავრობაც და ერთობლივად უნდა იმუშაონ, ერთბლივი განცხადებები უნდა გააკეთონ. თქვენ ბოლოს გინახავთ, კობა გვენეტაძის მიერ გაკეთებული განცხადება? სებ-ს ვეთანხმები იმაში, რომ ეკონომიკურმა გუნდმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ეკონომიკა იყოს ძლიერი, ხელოვნური ჩარევა მათი მხრიდან არ უნდა იყოს, მაგრამ იმ დროს როდესაც პანიკაა, უცხოური ვალუტა კი არ უნდა შეისყიდოს, არამედ, პირიქით, რაღაცა პერიოდში შეიძლება გაყიდოს კიდეც“, - განაცხადა ჭყონიამ.