საქართველოში ჩამომსვლელ რუსი ტურისტების 80%-ს საჰაერო გზა ჩაეკეტა

საქართველოში ჩამომსვლელ რუსი ტურისტების 80%-ს საჰაერო გზა ჩაეკეტა

რუსული ტურისტული ემბარგოს შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა. შედეგი მართლაც დამაფიქრებელია. შარშანდელთან შედარებით საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების ოდენობა თითქმის 80%-ით არის შემცირებული.

„თიბისი რისერჩის“ ჩატარებული მიმოხილვის მიხედვით, რუსეთიდან ავიამიმოსვლის შეზღუდვის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას მაინც ინარჩუნებს. 2019 წლის ივლისის მეორე კვირაში (ე.წ. ავიასანქცია 8 ივლისს ამოქმედდა) საქართველოში საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ით შემცირდა.

მთლიანობაში, პერიოდის განმავლობაში საჰაერო გზით (ტრანზიტით) 2 898-მა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. საავტომობილო გზით კი, რუსეთიდან 38 525 ადამიანი შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია. მთლიანობაში, ივლისის მეორე კვირაში რუსეთის მოქალაქეების 21.4%-იანი კლება დაფიქსირდა.

„სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების მატების შედეგად, ჯამურად ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

მთლიანობაში ივლისის მეორე კვირაში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 3.2%-ით გაიზარდა, თუმცა ეს დაგეგმილ მაჩვენებელთან შედარებით მიზერული შედეგია. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ჩრდილოეთიდან ფრენების შეწყვეტა შემდეგ თვეებში უფრო მეტად მოახდენს გავლენას, რადგან აკრძალვა ახალი დაწესებულია და მისი შედეგები რამდენიმე თვის შემდეგ უფრო თვალში საცემი გახდება.

ამიტომ ტურიზმის სექტორმა რუსული ავიასანქციების საპასუხოდ 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც ეკონომიკის მინისტრს წარუდგინეს. მთავრობისადმი ბიზნესის ერთ-ერთი შეთავაზებაა, რომ ბაქოდან და ერევნიდან თბილისის მიმართულებით შატლი დაინიშნოს.

ამის საპასუხოდ, გასული კვირის ბოლოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერევნიდან თბილისამდე „ჯორჯიან ეარვეისის“ ფრენა დაასუბსიდიროს.

„ჩვენი ანალიზის შედეგად, ერევნიდან უმჯობესია ხელი შევუწყოთ ავიაფრენებს. „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებს რეისებს, მათ შორის რუსეთის ქალაქებიდან ერევნის გავლით საქართველოში და ჩვენ ვეხმარებით. მთავრობის გადაწყვეტილებით შეირჩა ერევნის მიმართულება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისში“ კი „ბიზნეს მედიას“ განუცხადეს, რომ ჯერ სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილება, რა ტიპის მხარდაჭერას გაუწევს სახელმწიფო ეროვნულ ავიაკომპანიას, ჯერ მიღებული არ არის.

რაც შეეხება აზერბაიჯანის მიმართულებას, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს მოლაპარაკება მათ შორის აზერბაიჯანულ საავიაციო კომპანიებთან, რომ მათ ბილეთში შატლების ინტეგრირება მოახდინონ.

კერძო სექტორის მხრიდან რუსეთის ავისანქციების საპასუხოდ წარმოდგენილ ინიციატივას მთავრობის გადაწყვეტილებით კიდევ ერთი პუნქტი დაემატა. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, კერძო სექტორთან შეხვედრაზე ქუთაისში დადგა საკითხი, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან წყალტუბომდე საჭიროა შატლების დაფინანსება.

რა მოცულობის თანხებს გამოყოფს სახელმწიფო როგორც ავიარეისების დასასუბსიდირებლად, ისე შატლების დამატებაზე, ჯერ უცნობია. ჯერჯერობით, ოფიციალურად მთავრობას კერძო სექტორისთვის არც ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა წარუდგენია.

არაგველი641 ცრუსთავი2-ისგან ქვეყანას მიყენებული ზარალის სიდიდე ცნობილია, ნუთუ პასუხი არავის არ უნდა მოეთხოვოს?
5 წლის უკან