ხალვაში ჟურნალისტების კაპრიზების შესრულებას არ აპირებს

ხალვაში ჟურნალისტების კაპრიზების შესრულებას არ აპირებს

ქიბარ ხალვაში მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელ ან ამერიკელ მედია–მენეჯერს ეძებს. „რუსთავი 2“–ის 100%–იანი წილის მფლობელი უკმაყოფილებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში არხის ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო და მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები სწორედ იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ეფუძნება.

„ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი და უზრუნველვყოთ არხის გამართული მუშაობა. ასეთ ვითარებაში, როდესაც, ერთის მხრივ, კომპანიის დირექტორი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, ხოლო, მეორეს მხრივ, ეთერიდან გვესმის ჟურნალისტების აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, რომლებიც აცდენილია არხის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს.

როდესაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხდება დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ვფიქრობ, რომ კომპანიას აუცილებლად სჭირდება სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია–მენეჯერი, რომელიც დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში.

დაწყებული მაქვს შესაბამისი კადრის მოძიების პროცესი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია–მენეჯერი“, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.

გარდა ამისა, ხალვაში აცხადებს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული, თუმცა სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებებისა და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. განცხადებაში ხალვაში წერს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი.

„მე, ბუნებრივია, საკუთარი სიტყვის ერთგული ვრჩები და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. მიმაჩნია, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტთა დამოუკიდებლობა უნდა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან, რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე ცივილიზებული მედია.

ესაა ჟურნალისტის პროფესიული თავისუფლების პირობებში მიღწეული მიუკერძოებლობა და გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე, რამაც სანდოობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს; ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ არ მიაყენოს ზიანი ან შეურაცხყოფა აუდიტორიას, დაიცვას ეთიკური სტანდარტი და არ დაუშვას შეგნებულად სიცრუის და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყველა მხარეს უნდა მიეცეს აზრის და პოზიციის გამოხატვის საშუალება“, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.

ხალვაშის საგანგებო განცხადებას აფასებენ უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მისი სურვილია, იხილოს კრიტიკული მედია, მაგრამ შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც ხალვაშის უნდა და არც ყარამანიშვილების. როგორც გია ვოლსკის განცხადებით, ბულინგი, შანტაჟი, შავი პიარი და იმის მცდელობა, რომ ტყუილებით დააზარალონ პოლიტიკური ოპონენტი, არის ხელწერა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა.

„ცოტა ხნის წინ ანონიმურ წერილზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი კოლეგები ბიძინა ივანიშვილისგან რაღაცის სანაცვლოდ, მორჩილებისა და მესიჯების გამეორების სანაცვლოდ, შავ ფულს ვიღებთ. გარდა იმისა, რომ ეს სწორი არ არის, სიბინძურეა.

ასეთივე წარმატებით შემიძლია ვთქვა, რომ ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ „რუსთავი 2“–ის გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს და შავი კატის წინაშე იფიცებს, რომ ერთმანეთს არ უღალატებენ და ბრძოლაში ბოლომდე დადგებიან. ზუსტად იგივე შემიძლია, გავავრცელო, მედიასაშუალება რომ მქონდეს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას შეფასებით, ივანიშვილის მარიონეტის უტიფარი ნაბიჯი მოულოდნელი არ იყო – გონიერება არ ეყოთ და ხისტად მოქმედებენ. ბოკერიას შეფასებით, ყველაფერი სწორედ „რუსთავი 2“ – ის სარედაქციო პოლიტიკის გამო გაკეთდა.

„ეს დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიას, დააზიანებს ატმოსფეროს, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმს ვერ გადაარჩენს. დიდი მავნებლური გულუბრყვილობაა, რაც მათ ჰგონიათ. ყველას გვესმის, რომ ეს ყველაფერი სწორედ სარედაქციო პოლიტიკის გამო გაკეთდა. ამიტომ ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ არის, თუმცა ცოტა უფრო გონიერები რომ ყოფილიყვნენ, ასე ნაჯახისებურად არ იმოქმედებდნენ.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რაც გაქვს, ეს არის ქიბარ ხალვაში და ამ ყველაფრის ფასი შემდეგ მშვიდობიან არჩევნებზე უნდა გადავახდევინოთ, ამ გუნდის ხელისუფლებიდან მთლიანად ჩამოშორებით. იქამდე ლეგიტიმური ზეწოლით გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სოციოლოგის ვალერიან გორგილაძეს შეფასებით, სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა ვიღაცის ახირებების შესრულებას არ გულისხმობს. გორგილაძე ამბობს, რომ ხალვაშის განცხადება ადეკვატურია და ამავე დროს რელევანტური. მისი თქმით, პირობებისა და ულტიმატუმების ფორმა, რომელსაც ჟურნალისტების კორპუსი იყენებს, შეურაცხმყოფელია.

„როდესაც ქიბარ ხალვაშს წამყვანი უყენებს პირობას 10 კონტრაქტის თაობაზე, არა მგონია, ეს ადეკვატური საქციელი იყოს. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ტელეკომპანია პრაქტიკულად წართმეული იყო და წართმეული ტელევიზიის თანამშრომელთა ბირთვი ძველ მფლობელს რაღაც პირობებს უყენებს, ვფიქრობ, არარელევანტურია.

რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას პროფესიონალი მედიამენეჯერის მეშვეობით უზრუნველყოფს, არის აბსოლუტურად ადეკვატური და გასაგები. არ მესმის, რატომ ჰკარნახობს მფლობელს მოგონილ სტანდარტებს ის ჯგუფი, რომელიც ტელევიზიაში წლების განმავლობაში პრივილეგიებით სარგებლობდა და, ფაქტობრივად, იდეოლოგიურადაც ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს“, – აღნიშნა ვალერიან გორგილაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე თვლის, რომ კარგია, როდესაც ხალვაშს გამოცდილი უცხოელი ტოპ მედია–მენეჯერის მოწვევა სურს, რადგან ადგილობრივი ზოგიერთი ფსევდოს სტანდარტების იმედზე, წინ ვერ წავალთ.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ამგვარი მავნე ზეგავლენისგან როგორიცაა, გინება, ფეიკნიუსები და ცილისწამება და სხვა, მაგალითად, ბრიტანელ ტელემაყურებელს იცავს იქაური მარეგულირებელი. თუმცა, ევროპის სხვა ქვეყნებში შიდა ტელემედია-რეგულირება გაცილებით მაღალ სტანდარტზეა, ვიდრე „რუსთავი 2“–ის არსებული, მოჩვენებითი ეთიკური სტანდარტი.

სამწუხაროდ, ხალვაშის განცხადება „რუსთავი 2“–ისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ აღქმულია, როგორც სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს რაზე მიუთითებს? იმაზე, რომ „რუსთავი 2“ საერთაშორისოდ აღიარებულ, ცივილიზებულ მედიასტანდარტებს დღემდე არ ცნობს და არ ეთანხმება. რა გამოდის? მათთვის სტანდარტის დაცვა მიიჩნევა შეტევად“, – ამბობს გია აბაშიძე.

მისი თქმით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციები იმის აღიარებაა, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური იარაღია.

„ჟურნალისტმა მიზანმიმართულად უნდა იცრუოს და ესაა საერთაშორისო სტანდარტი და თუ მოთხოვე, რომ შეგნებულად არ ატირაჟიროს სიყალბე, ეს არის დამოუკიდებლობის შეზღუდვა? გინება, ბინძური შეურაცხყოფაც თავისუფალი მედიის სტანდარტია? ეს ისწავლეს ევროპულ ტრენინგებზე აქ, სტრასბურგის სასამართლოს საჯარო შეურაცხყოფებზე თვალისდამხუჭველმა ჩვენმა მრავალსტანდარტიანმა NGO-შნიკებმა? მათი რეაქციები არის იმის აღიარება, რომ „რუსთავი 2“ მედია კი არაა, არამედ „ნაცმოძრაობის“ რუპორი და პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, როგორც ამას თავად ამბობს სტრასბურგის სასამართლოს მლანძღველი გვარამია“, – აღნიშნავს გია აბაშიძე.

საერთაშორისო მკლევარი თამარ კიკნაძე მიიჩნევს, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან, რომლებსაც თანამედროვე ცივილიზებული მედია ეფუძნება. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ აუდიტორიას შეურაცხყოფა არ მიაყენოს, დაიცვას ეთიკური სტანდარტი, არ დაუშვას შეგნებულად სიცრუის და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება.

„სამწუხაროდ, ქიბარ ხალვაშის განცხადება „რუსთავი 2“–ის მიერ და ზოგიერთი არასამთავრობოს მიერ აღქმულია, როგორც სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „რუსთავი 2“ საერთაშორისოდ აღიარებულ, ცივილიზებულ მედიასტანდარტებს არ ცნობს და არ ეთანხმება.

ანუ რა გამოდის? მათთვის სტანდარტის დაცვა ითვლება შეტევად? თუ მოთხოვე, რომ არ იცრუოს ჟურნალისტმა, რომ შეგნებული ტყუილი არ გაავრცელოს, ეს არის დამოუკიდებლობის შეზღუდვა? რომ ეუბნები შეურაცხოფა არ მიაყენო – ესაა დამოუკიდებლობის შეზღუდვა? რომ ეუბნები რომ გინება არ უნდა ისმოდეს ეკრანიდან, რომ ეუბნები ყველა მხარეს მიეცი აზრის გამოხატვის საშუალება – ესაა შეზღუდვა?

მათი რეაქციები იმის აღიარებაა, რომ „რუსთავი 2“ მედია კი არა, პოლიტიკური ბრძოლის იარაღია. ამას გვარამიაც აცხადებს. დიახაც, სწორედ მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და გამოცდილი ადამიანების მოწვევა და ჩარევაა საჭირო, რომ „რუსთავი 2“ გახდეს ტელევიზია და არა პოლიტიკური ბრძოლის უხამსი იარაღი, ტელევიზიის სახელით“, – ამბობს თამარ კიკნაძე.

thrgg@yahoo.com ბოკერია თავის ამპლუაშია, სისინებს როგორც შეუძლია, აკი ჩვენ ევროპული ვართო:(:(:(... გულით მაინც ნაცსექტელები ხართ არა>! ჰოდა მაგ შავ გულზე თქვენა...
4 თვის უკან