საქართველოსთვის ავტომობილების ბიზნესს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იმპორტთან ერთად ექსპორტშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პორტებში შემოყვანილი მანქანები თითქმის 85% სამი ქვეყნის მიმართულებით იგზავნება.
2018 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტმა 47% შეადგინა, სომხეთში - 24%, ხოლო უკრაინაში - 12%. ეს იმ სამი ქვეყნის ჩამონათვალია, სადაც საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ყველაზე დიდი ოდენობით ხორციელდება. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, 2018 წელს ავტომობილების 5% ყირგიზეთში განხორციელდა, 2% - რუსეთში, ხოლო 7% - სხვა დანარჩენ ქვეყნებში. ჯამში, აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულებამ 2018 წელს 409 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2014 წელს აზერბაიჯანში, საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ბაზარზე ახალი ევრო-4 რეგულაციები ამოქმედდა რომლის თანახმად, ქვეყანაში მხოლოდ 2005 წლის შემდეგ წარმოებული ავტომობილების იმპორტი უნდა განხორციელდეს. დროთა განმავლობაში ამ მხრივ ბიზნესი ჩავარდნილი იყო, მაგრამ ბოლო 2 წელია გამოცოცხლების გზაზეა.
„2015-2016 წლებში, რეგიონში ეკონომიკის ზრდის შენელებამ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზეც მოახდინა ზეგავლენა. უფრო კონკრეტულად, 2014-2016 წლებში, აზერბაიჯანში ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა 2017 წელს ვითარება გამოსწორდა“, - ნათქვამია კვლევაში.
საქართველოდან ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტით პირველ პოზიციას აზერბაიჯანი იკავებს, ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობით კი - სომხეთი.
„2017 წელს, რეექსპორტის თვალსაზრისით, უკრაინა საქართველოსთვის მესამე უმსხვილესი ბაზარი გახდა. აღნიშნული ტენდენცია 2016 წლის აგვისტოში უკრაინაში მიღებულმა კანონმა განაპირობა, რომლის თანახმადაც, 2010 წლის შემდეგ გამოსულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი შემცირდა. შედეგად, 2018 წელს საქართველოდან უკრაინაში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულებამ 49,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (12%). კარგი სავაჭრო ინფრასტრუქტურისა და ცოდნის გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავთ, რომ ქართველი ავტო დილერები ახალ ბაზრებზე შევიდნენ, თუ შესაძლებლობები გამოჩნდება“, - ნათქვამია კვლევაში.
ავტოექსპორტის მიმართულებით დადებით ტენდენციას ადასტურებს ბიზნესიც. კომპანია „იამოტოს“ წარმომადგენელი პაატა მაისურაძე ამბობს, რომ რეექსპორტის ზრდა ნამდვილად შესამჩნევია. რადგანაც რუსეთში ევრაზიის საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის მაღალი გადასახადია, ავტომობილები ჩრდილოელ მეზობელთან სომხეთის გავლით ხვდება.
„ექსპორტი ნამდვილად გაზრდილია ბოლო წლებში, მათ შორის რუსეთის მიმართულებითაც აშკარაა ზრდა. რადგანაც საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ავტომობილის იმპორტის გადასახადი ძალიან მაღალია, საქართველოდან რუსეთში მანქანები სომხეთიდან შედის. მოგეხსენებათ, ეს ქვეყანა ევრაზიული კავშირის წევრიცაა, იქ მანქანის შეყვანა არავითარ პრობელმას არ წამოადგენს და ასე ხვდება რუსულ ბაზარზე საქართველოდან გასული ავტომობილები.
სომხეთში, ძირითადად შედის იაპონური „ნისან ტიდები“ და „ტოიოტას“ მინივენები, ოღონდ აუცილებლად საჭეგადატანილი. რაც შეეხება უკრაინას და შუა აზიას, იქ ამერიკიდან იმპორტირებული კორეული ავტომობილები - „ჰიუნდაი“ „კია“, „ტოიოტა“ და ა.შ. - მოსწონთ. მოკლედ, სხვადასხვა მოთხოვნაა.
რაც შეეხება შიგა ბაზარს, ბოლო დროს აქ მხოლოდ ჰიბიდული ავტომობილებია მოთხოვნადი და რეალიზაციამაც იკლო. ასეთ დროს ნამდვილად მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის ეს ქვეყნები. რაც შეეხება არაბთა გაერთიანებულ საემიროს, არ მქონია მსგავსი პრაქტიკა, რომ იქ ავტომობილი გაგვეგზავნა და პრინციპში არც მსმენია“, - აცხადებს მაისურაძე.