„პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ“

„პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ“

საჯარო რეესტრის ვებ–გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია. ცვლილებები უკვე განხორციელებულია და დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ვებ– გვერდზე უკვე ატვირთულია.

ამავე დოკუმენტაციის თანახმად, ტელეკომპანიის 40%–ს შპს „პანორამა“ ფლობს. გარდა ამისა, საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორად პაატა სალიას დანიშვნაც დაადასტურა. რეესტრის გადაწყვეტილებით, „რუსთავი2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაყენებულია.

„ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად „რუსთავი2“–ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. დაუშვებლად სცნო, როგორც დაუსაბუთებელი ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს.

გამომდინარე იქიდან, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“–ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“–ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით“ ასე ამცნო საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასძინა, რომ გადაწყვეტილებას თან ერთვის იმ ერთი მოსამართლის განსხვავებული აზრიც, რომელმაც წინააღმდეგ მისცა ხმა.

„გადაწყვეტილებას ერთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხიც, რაც შეეხება ურთმელიძესა და ქალბატონ თოდუას, ამ საკითხთან დაკავშირებით, უმცირესობაში დარჩენილი იმ ერთი მოსამართლის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომელმაც როგორც გადაწყვეტილებიდან ჩანს, სწორედ ამ ორ კომპონენტში სასამართლიან სასამართლოს მისცა წინააღმდეგ ხმა. ევროპული სასასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილული იქნა ნიკა გვარამიას მიერ მოთხოვნილი – მოსამართლე ლადო ჭანტურიას აცილების შუამდგომლობა, რომელიც უარყოფილ იქნა როგორც – „სრულიად დაუსაბუთებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„რუსთავი 2“–ის კანონიერი მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა მრავალწლიან დავას და ეჭვი აღარ არსებობს, რომ „რუსთავი 2“– ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრეა და კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაართვა. მისი თქმით, ამ ეტაზე მთავარი კითხვა, რაც მის მიმართ შესაძლოა არსებობდეს, მდგომარეობს იმაში, თუ რა იქნება მისი პირველი ნაბიჯები და როგორ წარმოუდგენია „რუსთავი 2“–ის მომავალი. როგორც ხალვაში აცხადებს, არ აპირებს შეეხოს არხის სარედაქციო პოლიტიკას და გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული.

„არ ვაპირებ შევეხო „რუსთავი 2“–ის სარედაქციო პოლიტიკას, ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს ნიკა გვარამია იქნება. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას – უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია. ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ“, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.

არხიდან წასვლას არ აპირებს ნიკა გვარამია და აცხადებს, რომ კამუფლაჟი შემთხვევით არ ჩაუცია. ომი თუ იქნება, თავადაც იომებენ. გვარამიას იმედი აქვს, რომ აღნიშნულ ომში მარტო არ იქნება.

„მე არ ვაპირებ „რუსთავი 2“–ს ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას, ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად. მოწინაღმდეგე „რუსთავი 2“–ს, ჩემი, ჩემი კოლექტივის, ჩემი კოლექტივის სარედაქციო დამოუკიდებლობის, ჩემი უმაღლესი კვალიფიკაციის, დასავალურ ფასეულობაზე მომუშავე ჟურნალისტების და ყველა დანარჩენის, ვინც ამ კომპანიაშია, არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილისთვის უფლების მიცემას, რომ ეს ყველაფერი გასრისოს ერთ დღეში. არც შემთხვევით არ მაცვია კამუფლაჟი, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება ჩვენ ვიომებთ და ჩვენ ეს შეგვიძლია, აქამდე ყოველ შემთვევაში ბევრჯერ დავამტკიცეთ და იმედი გვაქვს, რომ მარტო ამ ომში არ ვიქნებით“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება კონტრაქტს მისი გათავისუფლების შესახებ, აცხადებს, რომ უმაღლეს გარანტიებს შეიცავს და არხიდან ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა, კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს. გვარამიას თქმით, მისი სამსახურებრივი კონტრაქტი ტელეკომპანიის მესაკუთრის შეცვლის გამო ბათილად ვერ ჩაითვლება. გვარამია აცხადებს, რომ „რუსთავი2“–ს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ამას არხის ჟურნალისტები მოისურვებენ.

„ჩემი კონტრაქტი, ჩემივე მოთხოვნით, ჩემი გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს. ეს კონტრაქტი აქვს საჯარო რეესტრსაც. აქ წერია, რომ ჩემი გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. რა დამოკიდებულება აქვს ქიბარ ხალვაშს ამ კონტრაქტთან ჩემთვის მეორე ხარისხოვანია, ჩემი მუშაობის პერიოდის განმავლობაში ხალვაში არ იყო დამფუძნებელი, ვინც იყვნენ დამფუძნებლები, მათ მომცეს ეს გარანტია და ეს არის ლეგიტიმური კონტრაქტი. ამ კონტრაქტის ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო, ცხადია, ვერ დადგება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია ამბობს, რომ „რუსთავი 2“–ის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია აღარ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი და დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა თავად, რაც დარეგისტრირებულია ოფიციალურად.

„ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“–მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს ფინანსურ–ეკონომიკური საქმიანობაც. როგორც არხის მეპატრონემ განაცხადა, ჟურნალისტების საქმიანობას არავითარი პრობლემა და შეზღუდვა არ ექნება. მე დღესვე ვაპირებ კომპანიაში მისვლას და ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება“, – აცხადებს პაატა სალია.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან გაფორმებულ კონტრაქტს, როგორც სალია აცხადებს, ის აღნიშნულ დოკუმენტს არ იცნობს, რადგან კონფიდენციალურია, თუმცა მას შემდეგ, რაც ხალვაში კომპანიის მესაკუთრე გახდა, მას უფლება აქვს ნახოს ეს კონტრაქტი.

„რაც მედიასაშუალებებიდან გავიგე კონტრაქტის შესახებ არის ის, რომ ნიკა გვარამია აცხადებს, მასთან იმგვარი ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომ მისი გათავისუფლება შეუძლებელია თუ არ მოხდება მისთვის თანხის გადახდა. თუ არ ვცდები, 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. მე ეს ხელშეკრულება არ მინახავს, როცა ვნახავ სამართლებრივ ნაწილზე უფრო დეტალურად გესაუბრებით“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

განცხადებას ავრცელებენ „რუსთავი 2“–ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“–ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია. ვულოცავთ ქიბარ ხალბვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„რუსთავი 2“ მესაკუთრე ქიბარ ხალვაში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჯარჯი აქიმიძესთან და დავით დვალთან კონსულტაციებს გააგრძელებს. როგორც პაატა სალია აცხადებს, კონსულტაციები ამ ნაწილში მათთან გაგრძელდება და არაფერს არ გამორიცხავს.

„თუმცა ვერ გეტყვით, მე არ მქონია მათთან კომუნიკაცია ბოლო პერიოდში. ესეც გამოჩნდება, დღეს, ერთ წამში მისაღები გადაწყვეტილებები ეს არ არის. უნდა გავერკვეთ ჯერ კომპანიაში რა ხდება, რა ვითარებაა, მატერიალურ–ფინანსური თვალსაზრისით, სამუშაო არის ძალიან ბევრი“, – განაცხადა პაატა სალიამ.

 

სოციალისტი პაატა სალია - "ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“–მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს." ე.ი. ამ ე.წ. ჟურნალისტებმა ჩვეულ რეჟიმში ანთხიონ ათასგვარი მონაჩმახი და სიბინძურე, შეასრულონ ყოფილი პრეზიდნტის დაკვეთები, აწარმოონ ქართული სახელმწიფოსათვის ძირგამომთხრელი პროპაგანდა?!
4 წლის უკან