ბიზნესმენები და ფინანსისტები ეროვნული ბანკის წინააღმდეგ

ბიზნესმენები და ფინანსისტები ეროვნული ბანკის წინააღმდეგ

ეკონომისტებთან ერთად, ეროვნული ბანკის საქმიანობას უკვე ბიზნესმენებიც უარყოფითაც აფასებენ. საქმე ეხება ლარის დევალვაციას, რომელიც უკვე შემწუხებელი გახდა საზოგადოების ყველა ფენისა და დარგისათვის. ვითარება საფინანსო ბაზარზე ეტაპზეც დრამატულია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს ტრაგიკულშიც გადაიზარდოს.

კომპანია „რედიქსის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ეროვნულ ვალუტას საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უცხოური ვალუტის შესყიდვა და ლარის წინააღმდეგ მიმართული ინტერვენციები აღარ განახორციელოს.

მდგომარეობა ეკონომიკაში მაინც სტაბილურია, თუმცა ბიზნესმენის აზრით, მთავრობის გადაწყვეტილებებში არის გარკვეული ხარვეზები, რომელიც სწორედ ბიზნესის ინტერესებს აზიანებს. პირველ რიგში, ქვეყნის დიდი გამოწვევაა ეროვნული ვალუტის გაუფასურება.

„ბოლოს გვქონდა შეხვედრა პრემიერთან და ეკონომიკურ ბლოკთან. ისეთი თემა, როგორიც არის ე.წ. ოქროს სიის გაუქმება, არ უნდა ხდებოდეს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ბიზნესს აზიანებს. დიდი გამოწვევაა ამ ქვეყნისთვის ასევე ლარის კურსი“, - განაცხადა პაპაშვილმა.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ დიდი ხანია არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომელიც ინფლაციის რეგულირებას ლარის გაუფასურებით ახდენს. რადგანაც ქვეყანამ უცხოური ვალუტის სავალდებულო რეზერვი მინიმალურ დონემდე უკვე შეავსო, აღარ უნდა მოხდეს უცხოური ვალუტის შეძენა, რაც ლარის კურსზე უარყოფითად აისახება.

„კურსთან დაკავშირებით მე დიდი ხანი ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ არ მივესალმები და არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პოზიციას, რაც ლარის ცალმხრივად გაუფასურებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, ჩვენნაირი ეკონომიკებისთვის კურსი უმნიშვნელოვანესია და არა მხოლოდ ინფლაცია. ეროვნული ბანკისთვის ძირითადი ამოცანა ინფლაციის დაჭერაა. მსხვილი ქვეყნებისთვის და წამყვანი ეკონომიკებისთვის ინფლაცია მართლაც შეიძლება უმთავრესი იყოს, მაგრამ ჩვენი ზომის ეკონომიკისთვის, ასევე უმნიშვნელოვანესია ეროვნული ვალუტის კურსი და მე ლარის გამყარებას რაც შეიძლება მეტად შევუწყობდი ხელს.

ჩვენი ქვეყნისთვის ლარს გადამწყვეტი როლი აქვს და ამაში ნებისმიერი მოქალაქე დამეთანხმება. იმის ფონზე, როდესაც ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ სავალუტო რეზერვი მართალია მინიმალურ, მაგრამ მაინც ზღვარზე ავიდა, სებ-მა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უცხოური ვალუტის შესყიდვა და ლარის კურსის წინააღმდეგ ცალმხრივი ინტერვენციები აღარ განახორციელოს“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში პაპაშვილმა.

ის საკითხი, რაზეც ბიზნესმა ბოლო პერიოდში ხმა აღიმაღლა, დიდი ხანია მკაცრად აქვთ დაყენებული ფინანსისტებს. ისინი ეროვნული ბანკის დამოკიდებულებას კარგა ხანია გმობენ, თუმცა გვენეტაძის უწყება ჯიუტად ძველ გზას მიუყვება. აფბას ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ბოლოდროინდელ დევალვაციას მიმოიხილავს.

„არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, უნდა გაეკეთებინა თუ არა ეროვნულ ბანკს ინტერვენცია, გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით. ზოგადად, ცენტრალურ ბანკს საკუთარი რეზერვების სწორედ ასეთი ადგილობრივი და მოკლევადიანი შოკების გასანეიტრალებლად აქვს. მეტიც, რიგი ქვეყნების ცენტრალური ბანკები სავალუტო ინტერვენციებს მაშინაც მიმართავენ, როდესაც სავალუტო ბაზარზე, ეგზოგენური ფაქტორები ზემოქმედებენ და წინასწარ იციან, რომ ინტერვენციით, ამ გაუფასურებას ვერ შეაჩერებენ, თუმცა ინტერვენციის გზით, ისინი თავიდან იცილებენ ნახტომისებურ და ბიზნესისთვის მტკივნეულ გაუფასურებებს.

ფაქტი ერთია - ჩვენ შემთხვევაში კურსი სრულად იყო იგნორირებული და გაუფასურების შესაჩერებლად არანაირ ჩარევას არ ჰქონია ადგილი. ამ დროს თუ პროცესებს გადავხედავთ დავინახავთ, რომ სიტუაციის მართვა სწორი და დროული კომუნიკაციითაც კი იქნებოდა შესაძლებელი. მაგალითად, ლარის ტრენდს თუკი დავაკვირდებით, ნათლად დავინახავთ, რომ სებ-ის მიერ გაკეთებული წერილობითი განმარტების შემდეგ, კურსმა გაჯანსაღება დაიწყო.

ცხადია, პროცესების, ასეთმა განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენა ფასების სტაბილურობა, იმპორტირებული პროდუქცია უკვე გაძვირდა, თუმცა ადგილობრივი ხილ-ბოსტნეული გაიაფდა და სწორედ ეს აბალანსებს ჯერჯერობით ინფლაციის მაჩვენებელს“, - აღნიშნავს პაატა ბაირახტარი.