„დასავლეთში კარგად ესმით ანაკლიის პროექტისა და მასთან იდენტიფიცირებული პიროვნების მნიშვნელობა და ეს ნათლად აუხსნეს მათ, ვისაც ეს ეხებოდა“

„დასავლეთში კარგად ესმით ანაკლიის პროექტისა და მასთან იდენტიფიცირებული პიროვნების მნიშვნელობა და ეს ნათლად აუხსნეს მათ, ვისაც ეს ეხებოდა“

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე ამ ბრძოლაში არ დამარცხებულა. პირიქით, მან შეძლო და ძველი პოზიციები დაიბრუნა და ამით ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც ფლობს. ფირალიშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, დასავლეთში კარგად ესმით ამ პროექტისა და მასთან იდენტიფიცირებული პიროვნების მნიშვნელობა და ეს ნათლად აუხსნეს კიდეც იმათ, ვისაც ეს ეხებოდა. ფილოსოფოსის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე ახლა არ შემოსულა პოლიტიკაში. ის „ახალი მემარჯვენეების“ ერთ–ერთი ლიდერი იყო, ხოლო ბოლო ხანებში პოლიტიკური ბრძოლების ქარტეხილში აღმოჩნდა უკვე მაშინ, როდესაც პორტის იდეის განხორციელებაზე დაიწყო ზრუნვა.

for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

მამუკა ხაზარაძეს განცხადებით, ქვეყანაში არსებული პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, რაც საზოგადოების დაპირისპირებისკენაა მიმართული. ეს არის ერთერთი მიზეზი, რატომაც გადაწყვიტა პოლიტიკურ ველზე შემოსვლა. რადგანაც არსებობდა .. მესამე ძალის მოლოდინი, ამ თვალსაზრისით, მამუკა ხაზარაძის მოძრაობა შეიძლება ყველაზე პერსპექტული აღმოჩნდეს ანუ ხაზარაძე დაიკავებს მესამე პოლიტიკური ძალის სტატუსს?

ზაზა ფირალიშვილი: დღეს უკვე პოლიტიკაში სრულიად ჩაუხედავმა ადამიანმაც იცის, რომ 2012 წლის შემდეგ მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ უნაყოფო დაპირისპირებაში მიმდინარეობდა. ამასთან, ისტორიაში არ არსებობს უნაყოფო პროცესები. უარყოფითი ნაყოფიც შედეგია. მთავარი შედეგი ის ჩიხია, რომელშიც აღმოჩნდა მთელი ეს პოლიტიკური ბატალიები და, რაც მთავარია, ის გაუცხოვება, რომელიც მოსახლეობაში მთავარი პოლიტიკური აქტორების მიმართ გაჩნდა. ყველაფერი თითქოს სადღაც სხვაგან ხდება და, თუ ჩვენს ცხოვრებას მაინც ეხება, მხოლოდ უარყოფითი ნიშნით. სამწუხაროდ, ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ, მართალია, იმთავითვე მარცხისათვის განწირული „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოპონენტად „დანიშვნა“ მომგებიანი ნაბიჯი იყო, მაგრამ ამ სტრატეგიის გაჭიანურება, საბოლოოდ, მასვე ცუდად შეუბრუნდებოდა. უიდეობამ და სახელმწიფოებრივი პროექტის არქონამ შედეგად ის მოიტანა, რომ წინა პლანზე წამოვიდნენ ძალები და პერსონები, რომელთა ნეოფეოდალური იდეოლოგიაც პირდაპირ ჩრდილოეთისაკენ მიგვაქანებს.

ქვეყანაში მსოფლმხედველობრივი ქაოსი და ცივი სამოქალაქო ომია. ანუ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ვითარება, რომელზეც კრემლის სტრატეგოსები მხოლოდ თუ იოცნებებდნენ. პირადად მე 90–იანი წლების შემდეგ ვერც წარმოვიდგენდი, თუკი კიდევ ერთხელ შევესწრებოდი სახელმწიფოებრივი ნავის ასეთ დარწევას. ოცნება – ნაციონალების ჩიხმა მესამე ძალის იდეა შვა. მან გაიჟღერა თუ არა, რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ სწორედ მას ეკავა ეს ნიშა. არადა, ამ ნიშას ვერ დაიკავებს ის, ვინც თავადაც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობს ნავის დარწევაში და თავადაც ცივი სამოქალაქო ომის ტერმინებში აღწერს ვითარებას.

საინტერესოა, რას ელოდება თავად მოქალაქე?

– დღეს მოქალაქე რაღაც სხვას ელოდება, განსხვავებულ სახელმწიფოებრივ პარადიგმას, განსხვავებულ პოლიტიკურ ლინგვისტიკას. თუ ასეთი ვინმე გამოჩნდება, მას საკმარისად დიდი სოციალური ბაზა დახვდება იმ ადამიანების სახით, ვინც არჩევნებზე არ მიდიოდა იმიტომ, რომ თავისი სინდისისათვის არ ეღალატა, ვინც იძულებით, ოპონენტის გამარჯვების შიშით მისცა პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს ხმა, ვინც ხედავს, რომ ქვეყანა უნაყოფო ბორგვაშია და, რომ მთელი მსოფლმხედველობრივი დიაპაზონი ნეოფეოდალ რუსოფილებს და სექსუალურ უმცირესობებს აქვთ ხელში ჩაგდებული, მაშინ, როდესაც, ლამის, აღარავის ახსოვს მრავალი ათეული ათასი უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანი.

ბოლოს და ბოლოს, ამ დღეებშიც რუსთაველზე პროტესტს გამოთქვამენ ახალგაზრდები, რომლებიც უარს ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ დაპირისპირების კონტექსტში მოექცეს და შესაძლოა, არც ისე დახვეწილად, საჭირო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე, მაგრამ მაინც ცდილობენ, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება განახლდეს და 7 წლის განმავლობაში თავსმოხვეული ფორმებისაგან გათავისუფლდეს.

მოკლედ, მესამე ძალისათვის სოციალური ბაზა საკმაოდ დიდია და ბატონი მამუკა ხაზარაძის წამოწყებას, ამ თვალსაზრისით, საკმაო პერსპექტივა აქვს. ძნელია თქმა, რა ბედი ეწევა კონკრეტულად ამ მოძრაობას, მაგრამ თავად ის, რომ თავის პირველივე გამოსვლაში სამოქალაქო მშვიდობა ახსენა და აქცენტი სახელმწიფოებრივ ხედვებზე გააკეთა, ის, რომ მას დიდ ეკონომიკურ პროექტების შექმნასა და განხორციელებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, თანაც, როგორც ლიდერს, ძალზე მნიშვნელოვანია. შეძლებს კი ის, უნაყოფო და უსაზრისო მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური ბატალიებიდან საზოგადოების ყურადღება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის იდეაზე პოზიტიურ სივრცეზე გადაიტანოს და ამით იქცეს მიზიდულობის ცენტრად? ცხადია, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ერთი კი შემიძლია ვთქვა: დროც შესაბამისია და ადგილიც.

როგორ ფიქრობთ, ხაზარაძე იქნება ის ევროპული მიმართულების ლიდერი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ანაკლიის პორტის მშენებლობას და ხელისუფლებას დაუპირისპირდა? ვიცით, რომ პომპეომ ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვა, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს და ამის შემდეგ შეიცვალა ხელისუფლების პოზიციაც...

– ბევრს კარგად გვახსოვს, როგორ იბრძოდნენ ნავთობსადენისა და სატრანსპორტო დერეფნის იდეის წინააღმდეგ 90–იან წლებში. მაშინაც ამ ბრძოლის სულისჩამდგმელი მოსკოვი იყო. ნებისმიერი პროექტი, რომელიც გაზრდის ჩვენს რეგიონულ როლს და მნიშვნელობას, რომლის წყალობითაც მხოლოდ ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო ტურისტულ რეგიონად არ დავრჩებით და მასთან ეკონომიკურ კავშირებს შეასუსტებს, რუსეთისათვის მიუღებელია.

რუსეთი შეეწინააღმდეგება ნებისმიერ პროექტს, რომელიც ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანზე მის უპირატესობას ეჭვქვეშ დააყენებს. მოგეხსენებათ, ამ ქვეყნის ნეოიმპერიული პოლიტიკისათვის არ არსებობს წმინდა ეკონომიკური მოვლენები. მისთვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესთა ბალანსის პრინციპიც უცხოა. ის ცხოვრობდა და ცხოვრობს ეკონომიკურ პროცესებზე იმპერიული იდეოლოგიის პრიმატის პრინციპით. ამიტომაც ეწინააღმდეგებოდნენ ასე მკვეთრად ნავთობსადენის პროექტს და ამიტომაც არსებობს, სულ მცირე, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ ბატალიებში მისი ხელი ურევია. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება სერიოზულ დათმობას აპირებდა და თიბისი ბანკზე შეტევაც ამიტომ იყო წამოწყებული.

პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს. მასთან ჩვენი ეკონომიკისა და შვილების მომავალი არის დაკავშირებული. მისი შეცვლა მარიხუანას კულტივირების თემით, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. მამუკა ხაზარაძე ამ ბრძოლაში არ დამარცხებულა. პირიქით, მან შეძლო და ძველი პოზიციები დაიბრუნა და ამით ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც ფლობს. როგორც ჩანს, დასავლეთში კარგად ესმით ამ პროექტისა და მასთან იდენტიფიცირებული პიროვნების მნიშვნელობა და ეს ნათლად აუხსნეს კიდეც იმათ, ვისაც ეს ეხებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მამუკა ხაზარაძე ახლა არ შემოსულა პოლიტიკაში. ის „ახალი მემარჯვენეების“ ერთ–ერთი ლიდერი იყო, ხოლო ბოლო ხანებში პოლიტიკური ბრძოლების ქარტეხილში აღმოჩნდა უკვე მაშინ, როდესაც პორტის იდეის განხორციელებაზე დაიწყო ზრუნვა.

როგორ ფიქრობთ, მამუკა ხაზარაძეს აქვს, ან ექნება აშშის მხარდაჭერა და იქნება ის მძიმეწონოსანი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც შეძლებს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას, რა რესურსი აქვს მას?

– ამ კითხვაზე ნაწილობრივ უკვე ვუპასუხე. საზოგადოებრივი რესურსები საკმაოდ დიდია. რაც შეეხება შეერთებული შტატების მხარდაჭერას, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული მოვლენებისა და მაიკლ პომპეოს განცხადების შემდეგ ამგვარი მხარდაჭერის გამო, ეჭვი შეიძლება აღარ გვქონდეს. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დასავლური პოლიტიკის რეგიონული საყრდენი, უკვე კარგახანია, თავის როლს ვეღარ ასრულებს და ამ ეტაპზე ახალი ძალების გამოჩენასაც უშლის ხელს.

ხოლო ის, თუ რამდენად შეძლებს ბატონი მამუკა ხაზარაძე და მისი მოძრაობა საჭირო როლის შესრულებას, ამის თქმა დღეს არავის შეუძლია. ერთი ნამდვილად შეიძლება ითქვას: ძალიან ბევრი ხელსაყრელი წინაპირობა არსებობს. დარწმუნებული ვარ, ბატონმა მამუკამ ისიც იცის, თუ როგორი საინფორმაციო ომი გაიმართება მის წინააღმდეგ.

ყველა თანხმდება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი შესაცვლელია და ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს. არსებობს ორი ძალა, რომელიც ყველაფერს ერთმანეთს აბრალებს და ქვეყანა წინ არ მიდის. პოლიტიკური სპექტრი რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება, მით უკეთესია პოლიტიკური მომავლისთვის. რამდენად უშვებთ კოალიციური მთავრობის შექმნას?

– გეთანხმებით, რომ პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია ახლა, ჩვენი ცხოვრების ამ ეტაპზე. ქვეყანაში ჯერ არ არსებობს მყარი სოციალური ფენები და ადამიანთა გაერთიანებები თავისი მყარი ინტერესებითა და მომავლის პროექტებით. ამ ვითარებაში მყარი პოლიტიკური რელიეფის არსებობა, მით უმეტეს, ორპოლუსიანისა, შეუძლებელია.

რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, არ ვიცი, რამდენად ვართ ამისათვის მზად. ასეთი რამ ძალზე მაღალ დემოკრატიულ კულტურას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად სამთავრობო კრიზისი და პარალიზებული აღმასრულებელი ხელისუფლება გვექნება. მესმის, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა ბევრი პოლიტიკური პარტიისა და აქტორის ინტერესებშია, მაგრამ ერთია ვინმეს პოლიტიკური ინტერესები და სხვა – ქვეყნისა.