ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა ვარდნამ დამატებითი პრობლემა შეუქმნა სამშენებლო ბიზნესს. იანვრიდან მოყოლებული ეს სფერო ისედაც დიდ წნეხს განიცდის და მორიგმა გამოწვევამ ახალი თავსატეხი შეუქმნა დეველოპერებს.
საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე ამბობს, რომ ლარის კურსის თავბრუდამხვევი გაუფასურების შედეგად, დეველოპერული კომპანიების ბიუჯეტების 3.0-იან ნიშნულზე დაგეგმვა სწორი არ არის. ლარის პრობლემა არის სტაბილურობა და არა რომელიღაც ნიშნული.
„ლარი სჯობს მყარად იყოს, პირობითად, 2.90-იან ნიშნულზე, ვიდრე 2.70-სა და 2.80-ს შორის მუდმივად თამაშობდეს. მნიშვნელოვანია სტაბილურობა და პროგნოზირება, განსაკუთრებით დეველოპენტში, სადაც გრძელვადიანი გათვლებია და პროცესი საშუალოდ, 2-3-წლიან პერიოდს მოიცავს. ლარის 2.93-იანი კურსი, რაც 3-4 დღის წინ დაფიქსირდა, უფრო პოლიტიკური პროცესებისგან გამოწვეული პანიკის შედეგი იყო.
ჩემი აზრით, ლარის ასეთი კურსი არის დროებითი. თუმცა, პროგნოზების გაკეთება რთულია. შეიძლება აიწიოს ან პირიქით, გამყარდეს. მნიშვნელოვანია როგორ განვითარდება მოვლენები“, - აცხადებს აბულაძე.
საინტერესოა ლარის კიდევ უფრო გაუფასურებისთვის სამშენებლო სექტორი მზად არის თუ არა. ამასთან დაკავშირებით აბულაძე განმარტავს, რომ უძრავი ქონების და დეველოპერული სექტორი ნებისმიერი რყევების მიმართ მგრძნობიარეა. შესაბამისად, სექტორს კურსის ცვალებადობა ძალიან ურტყამს.
„როგორც კი იქმნება არასტაბილურობის განცდა, მცირდება ტრანზაქციები. განსაკუთრებით, საზაფხულო პერიოდში, თან ასეთი რყევის ფონზე, ყველა შეეცდება სექტემბრამდე მოიცადოს. შესაბამისად, გაყიდვა შემცირდება“, - აცხადებს „კომერსნტთან“ აბულაძე.
ამ პროცესების გამო მშენებლობების გაძვირება არ მოხდება, რადგან სამშენებლო სექტორში მასალების უდიდესი წილი, დაახლოებით 80% ადგილობრივი წარმოებისაა, შესაბამისად, ხარჯიც ლარშია, თუმცა პოტენციურ კლიენტებს უმცირდებათ თანხა, რომელიც მათ უნდა უძრავი ქონების შესაძენად დაარეზერვონ. ეს კი ისევ და ისევ პრობლემებს დეველოპერულ ბიზნესს უქმნის.
ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა და სამშენებლო სფეროში შექმნილი მძიმე სიტუაციის შემდეგ იპოთეკური სესხის გაცემის პირობებს ცვლის. ბიზნესი ფიქრობს, რომ მდგომარეობა ამით ცოტათი გამოსწორდება, თუმცა დანაკარგი იმდენად დიდია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიებს დიდი ძალისხმევის გაწევა დასჭირდებათ. როგორც მენაშენეები ამბობენ, რეგულაციების გამარტივება ბიზნესისთვის შვებაა, მაგრამ შექმნილ ვითარებას ადვილად ვერ გამოასწორებს.
ასე რომ, 1-ელ იანვარს ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გავლენით შემცირებულ სამშენებლო ბიზნესს სესხის აღების პირობები შედარებით გაუმარტივდება. კერძოდ, შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასება კომერციული ბანკების მერ მოხდება, თუ სესხი ლარში იქნება გაცემული და თანამონაწილეობის კომპონენტიც იარსებებს.
ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდულებით შეაფასებენ.
„ეს არის ნორმალური მიმართულებით სვლის თავიდან დაწყება. ცხადია, ეს არ არის არაფერი ახალი, კომერციული ბანკები რეგულაციების ბაზარზე გავლენას საკუთარი კრიტერიუმებით, მოდულებით ისედაც აფასებდნენ. რატომ ჰგონია ვინმეს, რომ კომერციული ბანკები ისედაც ასე არ იქნებოდნენ? ეს არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა საკუთარი ცვლილებების კატასტროფული შედეგი ოდნავ მაინც გამოასწორონ“, - აცხადებს დეველოპერი ირაკლი როსტომაშვილი.