რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებული ბოლო მოვლენები უკვე აისახა ფქვილზე და ის, 50 თეთრით გაძვირდა. ტენდენცია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს, რადგან რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია და ნებისმიერ დროს შეიძლება ამ კუთხით ემბარგო დაგვიწესოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს.
მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ქვეყნაში ხორბლის დაახლოებითს 3 თვის მარაგია. მიუხედავად ამისა, ფქვილი მაინც გაძვირდა.
„ეკონომიკის მინისტრმა დაადასტურა, რომ შემოდგომიდან ყაზახეთიც ჩაერთვება ხორბლის მოწოდეობაში, რაც ძალიან კარგი ინფორმაციაა, მით უფრო იმ ფონზე, რომ ტრანსპორტირების ნაწილობრივ სუბსიდირებაზეა საუბარი. ეს არის მოლოდინი, მაგრამ პრაქტიკაში, ჯერ ისევ ვართ რუსეთზე დამოკიდებული. არსებობს შიში ხორბლის მოწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ბოლო მოვლენები უკვე აისახა ფქვილის ფასზე და 50 თეთრით მყისიერად გაძვირდა“, - ამბობს მალხაზ დოლიძე.
საიმედოა წლევანდელი ადგილობრივი მოსავალი. წელს ხორბლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 140-150 ათასი ტონაა. კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები თითქმის დასრულებულია და უახლოეს მომავალში ხორბლისა და ქერის აღება ქართლში დაიწყება.
„წელს ვვარაუდობთ, რომ 140-150 ათასი ტონა ხორბალი გვექნება, თუმცა ეს 600 ათას ტონიან პრობლემას ვერ გადაგვიწყვეტს. ჩვენ 80%-85%-ით იმპორტირებულ ხორბალზე ვართ დამოკიდებული და ბუნებრივია, უნდა გავზარდოთ მოსავლიანობა, ნათესი ფართობები. ჩვენ ვაკეთებთ ისეთ წინასწარ ღონისძიებებს, რომ ფერმერმა ხორბალი მიიღოს და გაყიდოს წარმატებულად. სწორედ ამისთვის კახეთში 84 ათასი კვ/მ სასაწყობო ფართი გაკეთდა და ამ მხრივ სამუშაოებს კვლავ გავაგრძელებთ“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა.
თუმცა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პურის გაძვირების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან ჯერჯერობით საგანგაშო არაფერი ხდება.
„ჩვენი ეკონომიკის პრობლემა ხორბალთან დაკავშირებით დამოკიდებულია მსოფლიო ბაზრებზე. არც რუსეთის, არც საქართველოს ხორბალი ამოგლეჯილად არ განიხილება; როდესაც მსოფლიო ფასები იზრდება, ბუნებრივია, ქართული ბაზარიც მისდევს ამ ფასებს. მე ყოველდღიურად მომდის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება მსოფლიო ბაზარზე და, ჯერჯერობით, რაიმე საგანგაშო ისეთი ციფრი რომელიც ამოვარდნილია სისტემიდან, არ ყოფილა.
ჩვენ გვაქვს მთავარი პრობლემა, როდესაც ორაგანიზებული ბიზნესი არაორგანიზებულმა ჩაანაცვლა, რომელმაც რისკები გაზარდა. ამიტომ ჩვენი ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული არა ბიზნესის საზიანოდ, არამედ იმისთვის, რომ ეს მათი წარმატების საფუძველი იყოს“, - განაცხადა ხანიშვილმა.
პარალელურად ეკონომიკის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს, რომ რუსეთს ხორბლის მოწოდების მხრივ ალტერნატივა გაუჩნდეს. მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთის ხორბლის ექსპორტიორი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის „პროდკორპორაციის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს რინატ აკბერდინსა და მმართველ დირექტორს ნურბეკ დაიბეკოვს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის განხორციელების საკითხი.
თურნავას ინფორმაციით, ყახაზეთიდან ხორბლის იმპორტის ზრდა საქართველოს ბაზარზე მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ხორბლის მარაგი. მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ყაზახეთთან წარმატებით დასრულდება და უკვე წელს ყაზახეთიდან ხორბალი კონკურენტულ ფასად შემოვიდეს.