„ოპოზიციას არ აწყობს გახარიას გადადგომა, ურჩევნიათ ამ გარემოებით ტაქტიკური დარტყმები მიაყენონ ხელისუფლებას“

„ოპოზიციას არ აწყობს გახარიას გადადგომა, ურჩევნიათ ამ გარემოებით ტაქტიკური დარტყმები მიაყენონ ხელისუფლებას“

თუ გავითვალისწინებთ რა მძიმე შედეგები დადგა, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ამირან სალუქვაძის განცხადებით, სახეზე გვაქვს ე.წ. რეზინის ტყვიებს არასწორი გამოყენება. ექსპერტის შეფასებით, ეს არის სისტემური პრობლემა, ცალკეული პოლიციელების მომზადების დაბალი დონე, თუ ასევე ცალკეული პოლიციელების განზრახ სისასტიკე, ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ხელისუფლებამ სათანადო მკაცრი ზომები გაატაროს.

For.Ge ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

გავრილოვის ჩამოსვალა, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობა და შემდეგ უკვე განვითარებული მოვლენები - როგორ ფიქრობთ, ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო ქვეყნაში პოლიტიკური ვითარების არევა, რაც რევოლუციურ სცენარში გადაიზრდებოდა?

ამირან სალუქვაძე: რთული სათქმელია, ვინ რა დაგეგმა. ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა იმ გარემოების და რისკების გააზრება, რომ რუსეთის დელეგატების ხილვა პარლამენტში მიუღებელი იქნებოდა საზოგადოებისთვის. როგორც ჩანს, იყო ჩანაფიქრი ასამბლეის ტრიბუნა გამოეყენებინათ რუსეთისთვის მართლმადიდებელი ქვეყნების თანდასწრებით არამართლმადიდებლური პოლიტიკის წარმოების, დეოკუპაციის აუცილებლობის და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების შესახებ. ამ გარემოებას ადასტურებს ექს–სპიკერ ირაკლი კობახიძის მიერ ასამბლეისადმი საკმაოდ მწვავე მიმართვა.

მერწმუნეთ, ეს სესია პარლამენტის ნაცვლად სხვა შენობაში რომ ჩატარებულიყო, არაფერი მოხდებოდა. როგორც ჩანს, სცენარები იყო გარედანაც და შიგნიდანაც მართული. მომხდარით ისარგებლა რუსეთმაც, შიდა ძალებმაც. პროტესტი უნდა დაწყებულიყო მანამ, სანამ პარლამენტში სესია დაიწყებოდა და გვემოქმედა ცივი გონებით. ყველაფრის გადატანა რევოლუციურ სცენარებში, უკვე მომაბეზრებელია. დანარჩენზე ბევრი ითქვა.

ვნახეთ, რომ რუსეთმა ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენა ემბარგო, თუმცა ამას უკურეაქცია მოჰყვა რუსეთში, რა უკუშედეგი შეიძლება ამით მიიღოს რუსეთმა და საქართველომ?

– უკუშედეგები სახეზეა. თუ რუსეთი ცდილობს ასეთი გზებით საკუთარი ზეგავლენა გააძლიეროს საქართველოში, საპირისპიროს მიიღებენ. ფაქტია, რომ კრემლმა მიზეზი იპოვა. ჩემი აზრით, რუსეთისთვის საშიში აღმოჩნდა მილიონობით რუსი ტურისტის მიერ ერთ–ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში პოზიტიური შთაბეჭდილებების დაგროვება, რუსეთისგან განსხვავებული რეალობის დანახვა და რუსეთის საზოგადოებაში გავრცელება. ასევე ფაქტია, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები დაუბრუნდა ნულოვან წერტილს.

20–21 ივნისის მოვლენების დროს, როგორც ოპოზიცია ეძახის – „გავრილოვის ღამეს“ - ვნახეთ,ნაციონალური მოძრაობისწევრების და მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის და გუბაზ სანიკიძის მოწოდება პარლამენტის შენობის აღებასთან დაკავშირებით. პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა ძალა, მაგრამ რამდენად პროპორციული იყო ეს ძალა, რომელიც გამოყენებული იქნა მომიტინგეების წინააღმდეგ?

– პარლამენტზე შტურმის მიტანა და სპეცრაზმთან ორსაათიანი ხელჩართული ბრძოლის მოწყობა კატეგორიულად მიუღებელი იყო. ეს პოზიცია დააფიქსირეს სახალხო დამცველმა, არასამთავრობოებმა, დიპლომატიურმა კორპუსმა. შტურმზე პასუხისმგებლობა ეკისრება აქციის ორგანიზატორებს. რომ არა ეს, არ იქნებოდა გაგრძელებაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ დაშავებულია 80–ზე მეტი პოლიციელი, მათ შორის ბევრი მძიმედ, მაშინ პროპორციულობაზე საუბარი ზედმეტია. ცალკე საკითხია რეზინის ტყვიების გამოყენების სისწორე და სათანადო პროტოკოლების დაცვა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. აქაც, თუ გავითვალისწინებთ რა მძიმე შედეგები დადგა, სახეზე გვაქვს ე.წ. რეზინის ტყვიებს არასწორი გამოყენება. ესაა სისტემური პრობლემა, ცალკეული პოლიციელების მომზადების დაბალი დონე თუ ასევე ცალკეული პოლიციელის განზრახ სისასტიკე, ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ხელისუფლებამ სათანადოდ მკაცრი ზომები გაატაროს. გამოძიება უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ. უკვე გადაწყვეტილია, რომ მასში ჩართული იქნება სახალხო დამცველის აპარატი. კარგი იქნება თუ მოიწვევენ უცხოელ ექსპერტებს.

როგორ ფიქრობთ, განვითარებული მოვლენები იძლევა იმის საფუძველს, რომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია? შს მინისტრის წინააღმდეგ გამოდის მთელი ოპოზიციური სპექტრი, მასთან დაახლოებული არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები...

ჩემი შეფასებით ოპოზიციას არ აწყობს გიორგი გახარიას გადადგომა და ურჩევნიათ ამ გარემოებით ტაქტიკური დარტყმები მიაყენონ ხელისუფლებას. სამართლიანი იქნებოდა ორთავე მხარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოთხოვნა. ვგულისხმობ როგორც აქციის ორგანიზატორებს, ვინც შტურმისკენ მოუწოდა ხალხს, ასევე ხელისუფლებას, მაგრამ ითხოვენ მხოლოდ გიორგი გახარიას გადაყენებას, თან ცდილობენ ჩამოჰკიდონ სისხლიანი ჯალათის იარლიყი. გახარია თუ ასეთი ბრალდებით გადადგება, ეს იარლიყი შერჩება. ამიტომ მას ჩიხური ვარიანტი შესთავაზეს. ჩიხს მინისტრისთვის ერთი გამოსავალი აქვს – გამოძიებით დაადგინოს მტყუანი და მართალი და ამის შემდეგ იფიქროს სამომავლო ნაბიჯებზე. თუ არ გადადგება, ოპოზიცია ფიქრობს, რომ „ოცნებას“ ზიანს აყენებს, თუ გადადგება იზეიმებს გამარჯვებას.

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, როგორც ამბობენ, რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. გახარია თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ ეს ტყვიები მას უკვე ნაყიდი დახვდააქ იკვეთება საბოტაჟის ნიშნები და მივდივართ კოაბიტაციის პრობლემასთან?

– კოაბიტაცია ტყვიებთან მიმართებაში არაფერ შუაშია. გასარკვევია, თუ ეს ნარინჯისფერი ტყვიები მართლაც 2012 წელსაა ნაყიდი, მაშინ გასაჯაროვდეს მასალები და კითხვები შეუტრიალონ უკან, თუ აკრძალული საშუალებებია, რატომ შეიძინეს. ეს ყველაფერი თითქოს მარტივია და რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება, გაურკვეველია. ზოგადად, ნებისმიერ საშუალებას, რეზინის ტყვიას, ხელკეტს, გაზს, ქვას თუ რკინის კონსტრუქციებს შეუძლია ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

ნუ გვგონია, რომ მრგვალ, შავ ტყვიებს ნაკლები ზიანის მიყენება შეუძლია, ვიდრე ვიზუალურად შემაშინებელ ნარინჯისფერ ტყვიებს. ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებულია სროლის მანძილზე, კუთხეზე, სხეულის ნაწილზე, თუ სად მოხვდება. ახლახანს, საფრანგეთში პოლიციას რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა მისცეს. ყვითელი ჟილეტების აქციებზე სულ ამ საშუალებების გამოყენების 9 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაშავებულია 40–ზე მეტი მოქალაქე. საფრანგეთის ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ მოქალაქეებისა და პოლიციელების შეტაკებებისას პოლიციელს რჩება საშუალებების მწირი არჩევანი: ხელკეტი და ფარი და ტაბელური იარაღი. ტაბელურ იარაღს რეზინის ტყვიები არჩიეს. მომხრე ვარ აიკრძალოს რეზინის ტყვიები და გაზები, მაგრამ, ამ შემთხვევაში, პოლიციელზე ხელის აღებისათვის საგრძნობლად უნდა გამკაცრდეს პასუხისმგებლობა და ეს ქმედება თავისუფლების აღკვეთის საგრძნობი ვადით უნდა ისჯებოდეს. სხვაგვარად სამართალდამცავები, საპროტესტო აქციებისას, საკუთარი ფუნქციების შესრულებას ვერ შესძლებენ.

რა მსგავსებაა 2019 წლის და 2003 წლის მოვლენებს შორის? ოპოზიცია იგივე სცენარით მოქმედებს დღესაც? მმართველი გუნდი თანხმდება, რომ გიორგი გახარიამ ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებას გადაარჩინა, თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ ჩქარობს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ის პოლიტიკოსები, რომლებიც მათივე განცხადებით, 20 ივნისის მოვლენების პროვოცირებაში მონაწილეობდნენ...

– 2003 წელს რა მოხდა, აქციის დაშლას ჰქონდა ადგილი? მგონი არასწორი პარალელია.

არსებული ვითარება ძალიან ჰგავს 2000 წლის მოვლენებს, როდესაც მაშინდელინაციონალური მოძრაობაქვეყნის პრეზიდენტისგან ითხოვდა შს მინისტრის კახა თარგამაძის გადადგომას. ანალოგიური სცენარით ვითარდება პროცესები ახლაც და ამ ვითარებაში შს მინისტრის გადაყენება ხელისუფლების შესუსტებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება?

– მე ვთვლი, რომ თუ ვაყენებთ შსს მინისტრის გადაყენების საკითხს, რაც პოლიტიკიდან ჩამოშორების ტოლფასია, მაშინ უნდა მოვითხოვოთ პოლიტიკას ჩამოშორდნენ და პასუხი აგონ მათ, ვინც პარლამენტის იერიშისკენ მოუწოდებდა მომიტინგეებს. ასევე მოვითხოვოთ იმ პირების დასჯა, რომლებმაც პოლიციელებს მიაყენეს მძიმე დაზიანებები. თუ მათ ადამიანებად არ ვთვლით?! მოკლედ, ორთავე მხარეს უნდა ახსოვდეს, რომ აქედანაც და იქედანაც ადამიანები, თანამოქალაქეები არიან. მინისტრების საკითხი მეორეხარისხოვანია.