„თუ გახარიას სისხლიან ჯალათს ვეძახით, ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა, ხოლო, თუ მორალური პასუხისმგებლობაა, მაშინ ჯალათი არ არის“

„თუ გახარიას სისხლიან ჯალათს ვეძახით, ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა, ხოლო, თუ მორალური პასუხისმგებლობაა, მაშინ ჯალათი არ არის“

20 ივნისს მომხდარზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარია სიტყვიერად იღებს, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე არ გადადგება. ის აცხადებს, რომ სკამს გამოკიდებული არ არის, მაგრამ მისი გადადგომა დამოკიდებულია გამოძიების შედეგებზე.

ამასობაში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება და არც ახალგაზრდები აპირებენ ამ მიზნით დაწყებული შიმშილობის შეჩერებას.

„ჩემი პასუხისმგებლობის ზონაა, რაც მოხდა, მაგრამ ჩემი გადადგომა ან განმუხტავს, ან გააღრმავებს დაძაბულ სიტუაციას“,-მიიჩნევს გახარია და პოსტს არ თმობს. ის აცხადებს, რომ, როგორც კი გუნდისთვის დამაზიანებელი გახდება, გადადგება. ამ ნათქვამის მიუხედავად, სავარაუდოდ, შს მინისტრი ფიქრობს, რომ გადადგომის დრო არ დამდგარა და, შესაბამისად, მისი ფიგურა გუნდისთვის დამაზიანებელი არაა.

სხვაგვარად ფიქრობენ მომიტინგეები. ისინი ეჭვობენ, თითქოს გახარიას სურს გადადგომა, მაგრამ რაღაც ან ვიღაც აკავებს, ამიტომ მას გადასადგომად ბიძგი სჭირდება და ეს ბიძგი სწორედ საპროტესტო აქციებია.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ გახარიას პოლიტიკური კარიერა ამ ეტაპზე დასრულებულია და, რაც მალე გაიგებს ამას, მით უკეთესი ქვეყნისთვისაც და მისთვისაც. გია ხუხაშვილის აზრით, გახარია, როგორც პოლიტიკური ავტორიტეტის მქონე ფიგურა აღარ არსებობს, მას უკვე უჭირს საზოგადოებასთან რაციონალური არგუმენტით საუბარი.

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძესაც შთაბეჭდილება რჩება, რომ გახარია წასვლას აპირებს, ოღონდ ეს მოხდება გარკვეული დროის შემდეგ. ვანო მაჭავარიანი კი ფიქრობს, რომ ნორმალურ სახელმწიფოში მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო მთავრობას, პრემიერსა და შს მინისტრს.

უნდა წავიდეს თუ არა გახარია და ვინ უნდა აიღოს ქვეყანაში რეალური და არა სიტყვიერი პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამის დარბევის გამო?

საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ გახარიას გადადგომა ეს არის კონკრეტული ადამიანის პირადად გადასაწყვეტი საკითხი.

„მე ამ თემაზე ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ ჩემს მოსაზრებას ჩემთვის შევინახავ. კონკრეტულად რაშიც ბრალს სდებენ გიორგი გახარიას, იარაღის გამოყენებაზე და სხვა, ეს ბრალეულობა ამ ეტაპზე არ იკვეთება. აქ შეიძლება ვისაუბროთ მორალურ პასუხისმგებლობაზე, ანუ იმაზე, თუ რა შედეგი დადგა საპოლიციო ოპერაციის შემდეგ, როცა უკვე საქმეში ჩაერთო სპეცრაზმი. როგორც წესი, მოვლენები ასეთ დროს დინამიკაში ვითარდება და წინასწარ ვერ გათვლი, რა მოხდება. პოლიციამ წინმსწრებად არ იცის, როგორ იმოქმედებენ მომიტინგეები. როგორ სწორადაც არ უნდა ემოქმედა პოლიციას, მთლიანობაში, მივიღეთ 80 დაშავებული პოლიციელი და 150 დაშავებული მოქალაქე. ამიტომ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა უკვე მორალური საკითხია, რომლის შესახებაც გახარიამ თქვა კიდეც, ეს ჩემი ტვირთიაო“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ და შეკითხვის საპასუხოდ, როცა ადამიანს სისხლიან ჯალათს უწოდებენ, რამდენად რთულია კარიერის გაგრძელება, განმარტა, რომ ადამიანმა შეიძლება დაიხუროს ქუდი, წავიდეს და შერჩეს სისხლიანი ჯალათის სახელი. თუმცა არის მეორე გზაც და გახარიაც შესაძლოა, ამ გზას დაადგა. კერძოდ, მას სურს, დაამტკიცოს თავისი სიმართლე და ამ სიმართლის შემდეგ თქვას, ახლა ხომ დამტკიცდა, რა არის თეთრი და შავი, ამიტომ უკვე მივდივარ.

არის მესამე ვარიანტიც, სიმართლის დამტკიცების შემდეგ გახარიამ კვლავაც გააგრძელოს სამსახური. თუმცა რომელ ვარიანტს აირჩევს, ეს მისი გადასაწყვეტია. ფაქტია, რომ, როცა მას რამდენიმე ასეული ადამიანი ასეთ მძიმე იარლიყს აწებებს, მან თანამდებობა რომ დატოვოს, შემდეგ ვინ უნდა გაამართლოს იგი?!

„თუ მას სისხლიან ჯალათს ვეძახით, მაშინ ეს უკვე გახარიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა და ამას მხოლოდ გადადგომა არ შველის, ხოლო, თუ მორალური პასუხისმგებლობაა, მაშინ გახარია ჯალათი არ არის. თუ მომიტინგეებს სურთ, გახარია რეალურად გადადგეს, მას უნდა უთხრან, ჩვენც ვიღებთ მომხდარზე პასუხისმგებლობას, შესაძლოა, შენ მართალიც იყავი, მაგრამ, რადგან მძიმე შედეგი დადგა, გადადექი. ასეთ შემთხვევაში უფრო გადადგება გახარია და არა იმ შემთხვევაში, რომ მას ჯალათი და სისხლის მსმელი უწოდონ. ამიტომ გაარკვიონ, მორალური პასუხისგება ეკისრება გახარიას, თუ სამართლებრივი და არ ჩააყენონ გამოუვალ სიტუაციაში, არ ჩამოჰკიდონ მას ჯალათის იარლიყი. ნორმალურ კომუნიკაციაში რომ შესულიყვნენ შს მინისტრთან, შეიძლება ის თავისითაც გადამდგარიყო. ახლა შიმშილობენ ახალგაზრდები, ჩიხურ სიტუციაში აყენებენ გახარიას ასეთი იარლიყებით და, შესაძლოა, ეს ადამიანი ფიქრობს, მე ეს არ დამიმსახურებია და, თუ გამოძიების დასრულების გარეშე უბრალოდ წავალ, ასეთი ცუდი იარლიყი შემრჩება მთელი ცხოვრება. თორემ შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარესავით გადამდგარიყო მანამდე. გახარია ახლა რომ გადაგდეს, მას ეს იარლიყი ჩამოეკიდება და არც მისი თანაგუნდელები და არც სხვები არ იფიქრებენ მის დაცვას. ისიც ადამიანია, ისევე, როგორც მძიმეა სათითაოდ დაშავებული ადამიანის პოზიციიდან ამ ყველაფრის დანახვა“.

ამირან სალუქვაძის აზრით, შესაძლოა, ადამიანები მისგან ელიან, დაგმოს გახარია, მაგრამ იგი მხოლოდ ერთ მხარეს ვერ დაგმობს, რადგან ქვეყანაში არეულობა მიუღებელია. მისი თქმით, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ საარჩევნო ციკლში ცხოვრებას, თორემ რაც დღეს ხდება, ეს ურტყამს ჩვენს ეკონომიკას, ინვესტიციების მოზიდვას, სხვა ქვეყნების ტურისტების ჩამოსვლას. აქედან გამომდინარე, მიტინგებში არ არის პრობლემა, მიტინგები ყველა სახელმწიფოშია, აქტიური საზოგადოებაც მისასალმებელია, მაგრამ შტურმი, იერიში, ხელჩართული ბრძოლა კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანმა უნდა იცოდეს, მშვიდობიან აქციაზე რომ ეძახი, აქცია ბოლომდე მშვიდობიანი უნდა იყოს, ხოლო, თუ გადადიხარ სხვა მეთოდებზე, მაშინ ორგანიზატორებმა უნდა აიღონ დიდი მიკროფონი და გამოაცხადონ, რომ შტურმს იწყებენ.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი-საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელე, ბუნებრივია, პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს საკუთარ თავზე, თუკი მისდამი დაქვემდებარებულ სამსახურში მოხდება მნიშვნელოვანი გადაცდომა ან დარღვევა.

„ახლაც ასე მოხდა და დაშავდნენ ადამიანები. ჩემი აზრით, ეს საქმე აქამდეც არ უნდა გაწელილიყო და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო გახარიას. ეს ნიშნავს, რომ გახარია უნდა გადადგეს“, - აღნიშნა ბესო ალადაშვილმა.

 

ლაზი 20-21 ივნისს აქციის დაშლისას შეცდომა ნამდვილად იყო დაშვებული, მაგრამ თუ ახლა გახარია გადადგება ამით პარლამენტზე შტურმი გაპრავდება და მივიღებთ ქრონიკულ შტურმებს. პანკისში, პოლიციელებზე ქვებით თავდასხმა რომ სამართლებრივად დასჯილიყო და პოლიტიკური მოსაზრებებით არ ემოქმედათ, არც 20-21 ივნისი იქნებოდა ისეთი.
4 წლის უკან