"კობა სუბელიანს "ქეში" "მეშოკებით" შემოჰქონდა"

მიხეილ სააკაშვილმა 25 მარტის ტელეინტერვიუში აგვისტოს ომი გაიხსენა და განაცხადა: "ენერგეტიკის იმჟამინდელი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აზერბაიჯანში გავუშვი საწვავის საკითხის მოსაგვარებლად, ხოლო კობა სუბელიანი უცხოეთში გავაგზავნე და ქეშად "მეშოკებით" მოჰქონდა ფულიო". ექსპრეზიდენტის ამ განცხადებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, ვინაიდან მისი გამოსვლის მთავარი საკითხი სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება გახდა. ერთადერთი, ვინც ამ თემაზე ყურადღება გაამახვილა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი იყო, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის ეს განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


"ალია" გია ხუხაშვილს დაუკავშირდა:


- ფაქტობრივად, ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ მან კობა სუბელიანს დაავალა უცხოეთიდან ჩამოეტანა ქეშად თანხა. ქეშად ფულის მოძრაობა უცხოეთიდან სპეციფიკური საკითხია და ამის გამო მიიპყრო ამ აღიარებამ ჩემი ყურადღება. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილს ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს კონფიდენციალური ანგარიშები, პარტიული სალარო. მან თქვა, რომ სუბელიანმა ჩემოდნებით ჩამოიტანა ფული საქართველოში. როგორც ჩანს, აქ პატარა ფულზე არ იყო საუბარი. შესაბამისად, პროკურატურამ უნდა დაკითხოს ახლა სუბელიანი და აუცილებლად მიიღოს მისგან ინფორმაცია, რა ფულზე საუბრობდა სააკაშვილი, რა ანგარიშებიდან მოიხსნა ეს თანხები? არ გამორიცხოთ, ჩვენ ახლა ვიდგეთ იმ ფაქტის წინაშე, რომ გავარკვიოთ სად ინახავს სააკაშვილი ფულს და რომელ კონფიდენციალურ ანგარიშზე. ხომ იძახის, ფული არა მაქვსო? არადა ჩვენ კარგად ვიცით, რომ მას ძალიან დიდი ფული აქვს. ახლა სუბელიანსაც კარგი შანსი ეძლევა, რომ საპროცესო გარიგებაში შევიდეს პროკურატურასთან, იქნებ აპატიონ ის დანაშაულები, რაც აქვს ჩადენილი მინისტრობის დროს და რაზეც ძიება მიმდინარეობს. სიმართლე გითხრათ, ისიც დასადგენია, აქეთ მოჰქონდათ ის ფული თუ ქვეყნიდან გაჰქონდათ. ფაქტია, რომ სუბელიანი მეშოკებით ფულებს დაარბენინებდა. ორი ვარიანტია, ან სააკაშვილს ეს წამოსცდა, ან შეცვალა მარშრუტი და პირიქით იყო, ქვეყნიდან გაჰქონდათ მეშოკებით ფული. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოდან გაჰქონდათ.


თქვენ ხართ ეკონომიკის ექსპერტი. როდესაც ქვეყანაში არის საომარი ვითარება, რა საჭიროა პირს დაავალო, ქეშად თანხის ჩამოტანა, რაშიც დრო იკარგება. ტრანზაქციის განხორციელებით ხომ ნახევარ საათში შეგიძლია, დადო კონკრეტულ ანგარიშზე ნებისმიერი თანხა? აგვისტოს ომის დღეებში ბანკები ჩვეულებრივად მუშაობდნენ.


- აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით და სწორედ ეს შეკითხვაა მთავარი. პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს სააკაშვილის ამ განცხადებით, რადგან იმჟამინდელი პრეზიდენტი, რომელიც მაშინ ჰალსტუხს მიირთმევდა, ადასტურებს, რომ მის ხელქვეითებს დაარბენინებდა მეშოკებით ფულით ხელში, იმ ფულით, რომელიც არ არის აღრიცხული. უნდა დადგინდეს ამ თანხების "ა" წერტილი რა იყო, "ბ" წერტილი რა არის. მე, მაგალითად, მაქვს გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, რომ ეს ფული ეხება პარტიულ ანგარიშებს. ამაზე არაერთხელ დაწერილა პრესაშიც. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რაღაც განმარტებაც ჰქონდეთ "ნაციონალებს", მაგრამ ვერ უშველით, ვინაიდან ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ექსპრეზიდენტის ამ განცხადებიდან.


რატომ დასჭირდა ახლა სააკაშვილს სუბელიანის გვარის გაჟღერება? ომის დროს თითქმის ყველა მაღალჩინოსანი ჩართული იყო სხვადასხვა საქმიანობაში, თუმცა სააკაშვილმა მხოლოდ სუბელიანის გვარი ახსენა.


- სააკაშვილი იმდენად ინფანტილურია თავისი ბუნებით, რომ არ მიკვირს მისგან მსგავსი განცხადებები. შესაძლოა, სააკაშვილი არც თვლის ამ ფაქტს დანაშაულად, არც მაშინ თვლიდა და არც ახლა. ვიცით, რომ მათთვის ჩემოდნებით სირბილი და პარტიული ფულის ქეშად ტარება ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ძალიან დიდ თანხებს "დააკატავებდნენ" აქეთ-იქით, თუმცა სააკაშვილს ავიწყდება, რომ აღარ არის ქვეყნის პირველი პირი და ვითარება შეცვლილია ქვეყანაში. მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილმა ეს ფაქტი ისე ახსენა, არც დაფიქრებულა და თუ დააკვირდებით, ამისთვის არც არავის მიუქცევია ყურადღება. ის მთავარ თემაზე საუბრობდა, რომელიც მის დაკითხვას ეხება და იმის შესაფუთად წაიტლიკინასავით და დანაშაული რომ აღიარა, იმას ვერ მიხვდა.


მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ფული კი არ შემოჰქონდათ, ფული გაჰქონდათ ქეშად, სწორედ ტომრებით, როგორც სააკაშვილმა თქვა. იყო თავის დროს ინფორმაციები, რომ სახელმწიფო ანგარიშებიდან და ეროვნული ბანკიდან გაჰქონდათ ქეშად ფული. თუკი სააკაშვილს ეთერში არ წამოსცდენია სუბელიანის გვარი და ეს ფაქტი შეგნებულად გაახმაურა, მაინც ჩათვალეთ მან მარშრუტი შეცვალა და ქვეყნიდან თანხის გატანის ნაცვლად თქვა, რომ შემოჰქონდა მათ მხარდამჭერს ქეში ფული. სუბელიანი ახლა საინტერესო მოწმეა და ის აუცილებლად უნდა დაიკითხოს.


პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თემურ დოლიძე "ალიასთან" საუბრისას აცხადებს, რომ 26 მარტის მდგომარეობით კობა სუბელიანი პროკურატურაში დაბარებული არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული, ის უახლოეს დღეებში დაკითხვაზე გამოიძახონ. დოლიძისთვის უცნობია, აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით.


ჩვენ "ფეისბუკის" საშუალებით დავუკავშირდით კობა სუბელიანსაც და ვთხოვეთ, მხოლოდ ორ შეკითხვაზე ეპასუხა: აგვისტოს ომის დროს რომელი ქვეყნიდან შემოიტანა თანხა (თუკი ასეთი რამ მართლაც იყო) და რა ანგარიშიდან იქნა მოხსნილი; და მეორე, თუკი ამ საკითხზე პროკურატურას გაუჩნდება შეკითხვები, მზად არის თუ არა, უპასუხოს ბადაშვილის უწყებას? კობა სუბელიანი ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებს გაეცნო, თუმცა პასუხის გაცემა არ ისურვა.