სასამართლოს დარბაზიდან პატიმარი გაიპარა

სასამართლოს დარბაზიდან პატიმარი გაიპარა

გუშინ 12 საათისთვის უზენაესი სასამართლოს დარბაზში გისოსებში მჯდომმა მიხეილ სამსონაშვილმა ბადრაგს „საჭიროებისთვის“ გარეთ გაყვანა სთხოვა.

დარბაზიდან გასვლისას მას ბადრაგის მეთაურის თანაშემწე და ავტომატიანი დაცვა გაჰყვა. სამსონაშვილმა საპირფარეშოდან გამოსვლისას უპრობლემოდ გაიარა ერთი ოთახი, მოსაცდელ დარბაზში გამოვიდა, ფანჯარა გამოაღო და მეორე სართულიდან ეზოში გადახტა. როგორც სველ მიწაზე დარჩენილი კვალიდან გაირკვა, მას ფეხები განზე გაექცა, შემდეგ ეზოს მარჯვენა მხარეს ღობეზე ავიდა, სახლის სახურავზე გადაძვრა და თვალს მიეფარა.

ბადრაგმა გაქცევის შესახებ მოგვიანებით შეიტყო და განგაშიც ატეხა. მალე შემთხვევის ადგილზე შსს-ს ხელმძღვანელობაც მოვიდა. პოლიციის ორმა სამძებრო ძაღლმა ერთი სახლის სახურავზე სისხლიანი ქაღალდიც იპოვა. ვარაუდობენ, რომ გაპარვისას სამსონაშვილმა თუნუქზე ხელი გაიჭრა.

სასამართლოს მახლობელი ეზოების დათვალიერებისას გაირკვა, რომ მისთვის სამშვიდობოს გასვლა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.

ბადრაგის მეთაურმა, შინაგანი ჯარების სარდლის, გიორგი შერვაშიძის წინაშე თავი იმით გაიმართლა, რომ ერთროულად რამდენიმე (ამჯერად ხუთი) პროცესი ტარდება, სამსონაშვილს პროცესზე მეთვალყურეობა კი თავის თანაშემწეს დაავალა.

გაქცეულ მიხეილ სამსონაშვილს „ბორჯომის ხეობის“ ოფისში ხუთი ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. ბორჯომში მას ქურდად იცნობდნენ, თუმცა, სასამართლო პროცესზე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა, საკმაოდ კარგად იქცეოდა, არავის აწუხებდა და რომ იტყვიან, ყველაფერზე „კაიფობდა“.

სასამართლო სხდომებზე ძველი მეგობრები ხშირად აკითხავდნენ, ხოლო კულისებში იმასაც ამბობდნენ, ამას განაჩენამდე არ მიიყვანენ ისე გააპარებენო... მოქრთამვაში, ჩვენი მხრიდან ეჭვის შეტანა ძალიან ძნელია, თუმცა, როგორც ერთ-ერთმა ჩინოსანმა განმარტა, მომხდარი ფაქტი საქმისადმი ზერელე დამოკიდებულების ბრალია...