სამშენებლო კომპანიები სამსახურიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ

სამშენებლო კომპანიები სამსახურიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ

2019 წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 175 კაცით, ხოლო 2018 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით - 12 745 ადამიანით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ იანვრიდან ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი უკვე მოიტანა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში დარგში დასაქმებული იყო 59 662 ადამიანი. მაშინ როცა 2018 წლის 1-ელ კვარტალში სექტორში 63 837; ხოლო მე-4 კვარტალში - 72 407 პირი იყო დასაქმებული.

სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ, რომ დარგში დასაქმებულმა ათასობით ადამიანმა შესაძლოა, სამუშაო დაკარგოს. ეს კი მათი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვრიდან საფინანსო სექტორში ამოქმედებულ რეგულაციებს უკავშირდება.

როგორც მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი „ბიპიენთან“ აცხადებდა, რეგულაციების შედეგად დეველოპერულ კომპანიებს გაყიდვები დაახლოებით, 30-35%-ით შეუმცირდათ. შედეგად კი მისი პროგნოზით, საერთო დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 10% -ით შემცირდებოდა, ხოლო დაახლოებით 20%-ს შემოსავალი გაუნახევრდებოდა.

სამშენებლო სექტორის კრიზისი გამოწვეულია იმ საბანკო რეგულაციებით, რომელიც იანვრიდან ამოქმედდა და პოტენციურ კლიენტებს ფინანსურ რესურზე წვდომა შეუზღუდა. ისინი შენაძენის გაკეთებას ვეღარ ახერხებენ და ესაა დეველოპერული ბიზნესის დამაბრკოლებელი ფაქტორიც.

„აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსის“ ცნობით, საბანკო რეგულაციები ხელისშემშლელ მიზეზად ბინის მყიდველთა 38%-მა დაასახელა. ახლახან ორგანიზაციამ სპეციალური კვლევა ჩაატარა და თბილისის მასშტაბით, 400 რესპონდენტი გამოკითხა. კვლევის მონაწილეები არიან ადამიანები, რომელთაც ბოლო 2 წლის განმავლობაში აქვთ ბინა შეძენილი ან უახლოეს 1 წელში აპირებენ ბინის შეძენას.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას - 69%-ს, სესხების გაცემისთვის არსებული საბანკო რეგულაციების შესახებ სმენია, 31%-ს კი ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს. იმ პირთა უმეტესობას - 70%-ს, ვისაც საბანკო რეგულაციების შესახებ სმენია, ბინა ბოლო 2 წლის განმავლობაში აქვს შეძენილი, დაახლოებით იგივე რაოდენობა - 71% კი (კვლავ) გეგმავს ბინის ყიდვას.

„რესპონდენტებმა, რომლებსაც ახალი საბანკო რეგულაციების შესახებ სმენიათ, დეტალურად დაასახელეს საბანკო რეგულაციების ამოქმედებისგან გამოწვეული გართულებები. რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი (34%) ამბობს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედებით, მათთვის არაფერი გართულებულა. გამოკითხულთა მხრიდან მთავარ დაბრკოლებად სესხების გართულებული გაცემა დასახელდა (38%). რესპონდენტების მიერ დასახელებულ სხვა დაბრკოლებებს შორისაა: დოლარის კურსის აწევის გამო გაძვირებული სესხები (8%), სესხის ლიმიტის შემცირება (4%), მაღალი შემოსავლის მოთხოვნა (4%) და სხვა“, - აცხადებენ კვლევით ორგანიზაციაში.

აღსანიშნავია, რომ საბანკო რეგულაციების ამოქმედებამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა რამდენიმე ბიზნესს (ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო სექტორი) და ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ.

სოციალისტი ეს ნეგატიური კი არა ძალიან პოზიტიური შედეგია!
5 წლის უკან
ლაზი ახლა თუ მთავრობა უკან დაიხევს ეს იქნება ქვეყნისათვის მრავალმხრის საზიანო ნაბიჯი. ეს იქნება დეველოპერებისა და ბანკების დაკრულზე ცეკვა.
ეს რეგულაცია საშუალოვადიან პერიოდში ძალიან კარგ სოციალურ შედეგს გამოიღებს.
ვისაც ბინის ყიდვა უნდა, ჯერ ამისათვის თანხა უნდა დააგროვოს, რაც ბანკისათვის დეპოზიტური რესურსია. ასეთი რესურსი რეალური ბიზნესისკენ მიიმართება, სასესხო პროცენტი დაიკლებს და თუ უნდათ იმ დეველოპერებმა თითონ აიღონ კრედითი თავისი ბიზნესისათვის (სხვისი ნასესხები ფულით რომ გადეველოპერდნენ).
სესხზე პროცენტის გადახდის ნაცვლად მომავალი ბინის მყიდველები იქეთ მიიღებენ პროცენტს და როცა თანხას დააგროვებენ, დეველოპერებისაგან ჰაერს კი არა აშენებულ ბინებს იყიდიან. მანამდე კი იმ დეველოპერებმა, მომავალი მყიდველების ნასესხები ფულით კი არა თავისი კაპიტალით (ან კრედიტით) ააშენონ ბინები და ნაღდზე გაყიდონ. ეს არის ნორმალური პროცესი და არა სხვისი (თანაც ცეცხლის ფასად სესხად აღებული) ფულით გაბიზნესმენებ- გადეველოპერება.
5 წლის უკან