„დააწყდა ხალხს ნერვები!“ - დეპუტატებმა გვენეტაძეს ლარის გაუფასურების გამო შეუტიეს

„დააწყდა ხალხს ნერვები!“ - დეპუტატებმა გვენეტაძეს ლარის გაუფასურების გამო შეუტიეს

ლარის დევალვაცია და ფასების ზრდა უმრავლესობის დეპუტატებსაც ყელში ამოუვიდათ. შესაბამისად, პარლამენტში მისულ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სწორედ ამ კუთხით მოუხდა შეტევების მოგიერება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა კვიჟინაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის კურსის რყევებთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამ თემაზე დეპუტატმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ისაუბრა, სადაც სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა მიმდინარეობდა.

„გასაგებია, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი კურსი, გასაგებია, რომ ეს საუკეთესოა და მხარს ვუჭერთ, მაგრამ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. სულ რამდენიმე მილიონით მიდის ვაჭრობა ვალუტასთან დაკავშირებით. როდესაც ვინმე შეიძენს დიდ თანხას ან გაყიდის, ეს მყისიერად ეტყობა ლარის კურსს. თუ პროცესი სტაბილურია და ლარს არაფერი ემუქრება, იქნებ ასეთი მცირედი ამოგლეჯილი სიტუაციები როდესაც ხდება, ჩაერიოთ. დააწყდა ხალხს ნერვები!

კი ბატონო, ეკონომიკურად შეიძლება, ასე უფრო სწორია, მაგრამ ეკონომიკის გარდა, არის მოსახლეობა და სოციალური თემები. რაღაცნაირად ეს საკითხი, თუ არის შესაძლებელი, მოგვარდეს, რადგან ყოველ ასეთი გადარიცხვის პერიოდში, პანიკა არ იყოს...

სხვათა შორის, ჩვენ იმპორტი 8 მილიარდზე მეტი გვაქვს, აქ დასაქმებულია უამრავი ადამიანი. ამიტომ ეს (კურსის ცვლილება) რომ არავის ეხება, ასე არ არის“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სებ-ის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. მოხსენების დასრულების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ მას რამდენიმე კითხვით მიმართა, რომელთა შორის ინფლაციასა და გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე იყო ყურადღება გადატანილი.

„ინფლაცია 4.7% გვაქვს და რამეს გაკეთებას აპირებთ თუ არა, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს? რაც შეეხება ლარის კურსს - აქ ერთ ფაქტორს გავუსვამდი ხაზს, როდესაც ასეთი რყევა არის, აქვს თუ არა რამე ინსტრუმენტი ეროვნულ ბანკს, რომ როდესაც ასეთი ამპლიტუდაა მოიხსნას, რათა ამ მასშტაბის რყევა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი?

თუ ჩვენ პროგრესი გვაქვს საბანკო სექტორის განვითარების კუთხით, ძალიან ბევრია გასაკეთებელი ფასიანი ქაღალდების მიმართულებით, სადაც ვფიქრობთ, რომ გარკვეული ჩამორჩენაა ნამდვილად. რა გეგმები გაქვთ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებითაც“? - მიმართა კითხვით დეპუტატმა სებ-ის პრეზიდენტს.

გარდა ამისა, პარლამენტის სხვა წევრები დაინტერესდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხედულებით, რა არის მთავარი, ლარისა და ფასების სტაბილურობა, თუ საერთაშორისო რეზერვების შევსება.

კობა გვენეტაძე კი ამბობს, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, ამიტომ ლარის კურსთან დაკავშირებით რამე ნიშნული არ გვაქვს. რეზერვებს რაც შეეხება, მისი ზღვარი საქართველს ეროვნულ ბანკს არაადეკვატური ჰქონდა.

„ის შეფასებები, რომელიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რამდენად ადეკვატურია ეროვნული ბანკის რეზერვები. აქედან გამომდინარე, როდესაც არის საშუალება იმისა, რომ რეზერვები დავაგროვოთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - განცხადა გვენეტაძემ.

მისიე თქმით, საშუალოვადიან პერიოდში არანაირი გავლენა არ აქვს გაცვლით კურსზე იმ ინტერვენციებს, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს.

„ეს არის პოპულარული იდეა, როდესაც გაუფასურება იწყება მაშინვე ჩარევა ხდება. საქართველოს სავალუტო ბაზარი არ არის ისეთი პატარა, როგორიც ეს ადრე იყო, როდესაც რამდენიმე მილიონს შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა. რა თქმა უნდა, დიდიც არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში იზრდება.

იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ მოკლევადიან რყევებზე ჩარევა ხდება მოლოდინის ჩასაქრობად, ეს კონტრპროდუქტიულია, რადგან ეს სპეკულაციურ მოლოდინებს აღვივებს და უფრო მეტ გაუფასურებას იწვევს. საბოლოოდ იქნება, რომ ლარი უფრო მეტად გაუფასურდება და რეზერვებიც უფრო ნაკლები გვექნება“, - განმარტა გვენეტაძემ, რომელსაც ინფლაციის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა რამდენიმე დღის წინ აღიარა, რომ 2019 წელს ფასების ზრდის ინდექსი მიზნობრივზე, ანუ 3%-ზე მაღალი იქნება.

ტაბალი ეროვნული ბანკი, კომერციულ ბანკებთან ერთად, ლარის რყევებს ხელოვნურად იწვევეს და გვარიან თანხას ტეხავენ!!! დიდი კრიმინალური შეთანხმებაა!!!
5 წლის უკან