ბოლო დროს გავრცელებულმა ინფორმაციამ სრულიად საქართველო პანიკაში ჩააგდო. რა ელის დედამიწას, ადამიანებს მაშინ, როდესაც ჩვენმა პლანეტამ ღერძიდან რვა სანტიმეტრით გადაიხარა, გამოიწვევს თუ არა ეს დროის ცვალებადობას, სეზონების არევას და, შესაბამისად, კლიმატურ კატასტროფებს. ამაზე მსჯელობა უკვე დაწყებულია. მაგრამ, მინდა, დაგამშვიდოთ: აპოკალიფსი, სამყაროს აღსასრული და ახალი ერის დაწყება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ გვემუქრება. ამ ცვლილებებზე პროფესორი შალვა საბაშვილი საუბრობს.
- უკანასკნელ ხანებში დედამიწაზე მომხდარი მძლავრი მიწისძვრების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პროცესებმა შეცვალეს დედამიწის ბრუნვის ღერძის ორიენტაცია და, ასევე, ბრუნვის ღერძის სიჩქარე. ანუ, შეიცვალა დღე-ღამის ხანგრძლივობა. გაჩნდა შიში, რომ დაირღვევა ჩვენთვის ცნობილი ბუნებრივი მოვლენების რიტმი და მოხდება რაღაც კატასტროფა.
ამ საკითხში გარკვევისთვისა და სწორი პროგნოზის გასაკეთებლად, უნდა ვიცოდეთ დედამიწის აგებულებისა და მისი ღერძული და ორბიტული მოძრაობის ძირითადი მახასიათებლები. რამდენად მდგრადნი არიან ისინი და აქამდე თუ განუცდიათ რაიმე ნელი ან ნახტომისებური ცვლილებები. ანუ, შედარებები გავაკეთოთ იმასთან, რაც დღეს მოხდა და დასკვნა თავად გამოვიტანოთ. აქედან მთავარია დედამიწის ბრუნვის სიჩქარე და მისი ბრუნვის ღერძის მიმართულება სივრცეში, მათ შორის – ამ ღერძის დახრა მზის გარშემო დედამიწის გარემოქცევის სიბრტყის, ანუ ეკლექტიკის მიმართ. მინდა, მკითხველს შევახსენო, რომ დედამიწა რიგითი პლანეტაა, მისი მასა, რომელიც 6ხ1024 ხარისხზე კილოგრამია, 318-ჯერ ნაკლებია მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის – იუპიტერის მასაზე და 333 ათასჯერ თავად მზის მასაზე. დედამიწის ბრუნვის გამო ჩვენ გვეჩვენება, რომ ვარსკვლავები და ცის თაღი ბრუნავს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, თვით დედამიწის ბრუნვის საპირისპიროდ.
ამის გამო, მზე, მთვარე და ვარსკვლავები ყოველდღე „ამოდიან“ და „ჩადიან“. ანუ ყოველი მნათობი სხვადასხვა ზომის წრეწირებს შემოწერს ცაზე. ის წერტილები კი, რომლისკენაც დედამიწის ბრუნვის ღერძია მიმართული – უძრავია, არ მონაწილეობენ ცის ბრუნვაში. მათ სამყაროს პოლუსები ჰქვიათ. ერთ-ერთი მათგანი ჩვენს ეპოქაში ცნობილია, როგორც პოლარული ვარსკვლავი, რომელიც პატარა დათვის თანავარსკვლავედში შედის და ჩრდილოეთის მაჩვენებელია. ეგრეთ წოდებული სამყაროს ღერძი დედამიწის ღერძის პარალელურია. მისი მართობული დიდი წრეწირი კი ცის ეკვატორს წარმოადგენს. ისიც საინტერესოა, რომ სამყაროს პოლუსის კუთხური სიმაღლე ჰორიზონტის მიმართ დედამიწის მოცემულ წერტილში ამ წერტილის გეოგრაფიულ განედს უდრის. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის ღერძის მიმართულება, ისევე, როგორც დედამიწის ბრუნვის პერიოდი, არ არის მყარი და უცვლელი. ისინი განუწყვეტლივ იცვლებიან დროის დიდი ინტერვალებით და ამ ცვალებადობის მიზეზი, გარდა თვითონ დედამიწაზე მიმდინარე პროცესებისა, არის ციურ სხეულთა, უპირატესად – მზისა და მთვარის გავლენა დედამიწის მოძრაობაზე. დედამიწა, მიახლოებით, წარმოადგენს სფეროს, რომლის საშუალო რადიუსი 6 371 კილომეტრია. ის შედგება მყარი შიდა ბირთვის, თხევადი გარე ბირთვის, გარსის, ანუ მანტიისა და ქერქისაგან, რომლის სისქე ხმელეთზე 50-70 კილომეტრამდე შეიძლება აღწევდეს, ოკეანეების ქვეშ კი – 4-10 კილომეტრის ფარგლებში. დედამიწის სხეულს აკრავს ჰიდროსფერო, რომელიც დედამიწის მთელი მასის ოცდაოთხი მეათასედი პროცენტია და ატმოსფერო, რომლის მასაც დედამიწის მასის ერთი მეათიათასედი პროცენტია. დედამიწის ბრუნვის ღერძს გარკვეულწილად ცვლის მასათა ყოველი გადაადგილება დედამიწის სხეულის შიგნით. ესენია დედამიწის ფილების მოძრაობა...
რომელთა შეჯახებაც იწვევს მიწისძვრებს?
- დიახ. ანუ უწყვეტი მოძრაობა სულ მიმდინარეობს, მაგრამ შეჯახება იწვევს ქანების მაღლა აწევას და მასების გადანაცვლებას. ამ დროს დედამიწის როგორც ფორმის, ისე შიდა სტრუქტურის ცვლაც ხდება. ესენია: ფილების მოძრაობა, ვულკანური ამოფრქვევები, მასების ვარდნა მიწისძვრების დროს დედამიწის შიდა სიცარიელეში ანუ ჩამოქცევები, ატმოსფერული მასების გადაადგილებები, საერთო სახელწოდებით – ქარები, რომელსაც დიდი მასშტაბები აქვს, წყლის მასების სეზონური გადანაცვლება ნალექებისა და წყალდიდობების დროს, თოვლისა და ყინულების დნობის შედეგად. ასევე, რა თქმა უნდა, კოსმოსიდან მეტეორიტების განუწყვეტელი ვარდნა. მათი ცვენა, ცხადია, ცვლის დედამიწაზე მასების განაწილებას. თავდაპირველად, როდესაც დედამიწა წარმოიშვა – დაახლოებით ოთხ-ნახევარი მილიარდი წლის წინ, მის სხეულს განუწყვეტლივ ეცემოდნენ უდიდესი ზომის მეტეორიტები, ცვლიდნენ და ავსებდნენ მის მასას. მაშინდელი მეტეორიტების ზომა რამდენიმე ათეული კილომეტრიც კი იყო.
რატომ აღარ არის ამხელა მეტეორიტები?
- ამოიწურა. რისგანაც მზის სისტემა შეიქმნა, ისინი ჩამოცვივდა და, ძირითადად, პლანეტებზე მოთავსდნენ. მაგალითად, სამი მილიარდი წლის წინ მთვარეს ორასკილომეტრიანი სხეული დაეცა, ოღონდ მთვარის იმ მხარეს, რომელსაც ვერ ვხედავთ. ახლა იქ უზარმაზარი კრატერი არსებობს, 2 000 კილომეტრამდე სიგრძის და 10 კილომეტრამდე სიგანის. ანუ, მთვარე რომ არა, შეიძლება, ის დედამიწას დასცემოდა. ამის შემდეგ პატარა ზომის მასები დარჩა და მათი ცვენა განუწყვეტლივ გრძელდება. ასევე, დედამიწაზე მუდმივად ჩამოდის კოსმოსური მტვერი, რომლის ცალკეული ელემენტები გრამის მემილიონედს თუ იწონიან, მაგრამ ჯამში ძალიან დიდ მასას ქმნიან. დედამიწაზე მეტეორიტების ჩამოვარდნა მილიონობით წელიწადში ერთხელ ხდება, მაგალითად, რაც მოხდა დინოზავრების გადაშენების დროს და ამ მოვლენის მთავარ მიზეზად იქცა. ეს დაახლოებით 65 მილიონი წლის წინათ მოხდა. ცხადია, ყველაფერ ამის გამო დედამიწის ფორმა იცვლება, წარმოიშობა კრატერები და, ამ დროს არ შეიძლება, არ შეიცვალოს დედამიწის ღერძის მიმართულება და სიჩქარეც კი.
ეს ათსანტიმეტრიანი ცვლილება რამდენად დიდი და კატასტროფულია?
- შევადაროთ. ამ მეცნიერებაში ყველაფერი დაკვირვებისა და შედარებების ხარჯზე ხდება. ჩვენ შეგვიძლია, დავაკვირდეთ პოლარულ ვარსკვლავს და მისი სიმაღლის ყოველი ცვალებადობა მაუწყებელი იქნება იმისა რომ ღერძმა მდებარეობა შეიცვალა. დედამიწის ღერძის გადაადგილება დედამიწის სხეულის მიმართ, ცხადია, პოლუსების გადაადგილებას გამოიწვევს. ამჟამად, როგორც ამბობენ, გადაადგილება მოხდა ათი სანტიმეტრით. აქამდე კი რა ხდებოდა? მასების გადანაცვლების გამო, აღმოჩნდა, რომ დედამიწის პოლუსები განუწყვეტლად მოძრაობენ მცირე კვადრატში, რომლის ზომაც, მართალია, პატარაა სულ რაღაც, 30 მეტრს შეადგენს, მაგრამ, დასახელებულ სიდიდეზე, ანუ 10 სანტიმეტრზე გაცილებით დიდია.
ანუ, ამ ოცდაათ მეტრში მუდმივად მოძრაობს?
- დიახ და ეს არის წესიერი ანუ, განმეორებადი რხევა. და ეს ხდება გარკვეული პერიოდულობით: ერთია წლიური პერიოდი, რომელთაც მასათა სეზონური გადაადგილება, თოვლის დნობა და სხვა მოვლენები იწვევს და, მეორე – დედამიწის ბუნებრივი რხევა, თოთხმეტთვიანი პერიოდი.
ახლა რატომ ატყდა ამხელა ამბავი მის გადახრაზე?
- იმიტომ, რომ ხალხმა ამის შესახებ არ იცოდა. ყველამ ხომ არ იცის ამ მუდმივი პროცესების შესახებ?! მოსახლეობას ჰგონია, რომ დედამიწის ღერძის მიმართულებაც და დღე-ღამეც აბსოლუტურად მყარი სიდიდეებია, სინამდვილეში კი ისინი დიდ ფარგლებში იცვლებიან. ამ რვა-ათი სანტიმეტრის გამო დღე-ღამე შემცირდა, მაგრამ სულ რამდენიმე მიკროწამით, ანუ, რამდენიმე მემილიონედი წამით. რაც შეეხება დედამიწის ბუნებრივ ისტორიაში დღე-ღამის ცვალებადობას, ის გაცილებით დიდმასშტაბიანია, ანუ გაცილებით დიდი დოზებით იცვლებოდა. მაგალითად, ბოლო პერიოდში, ანუ ორი ათასი წლის განმავლობაში დღე-ღამე გაიზარდა საშუალოდ წამის ორი მეათასედით, ანუ, თითქმის ათასჯერ მეტად, ვიდრე ახლა. გარდა ამისა, ხდება დღე-ღამის წამის მეათასედით შემცირება დედამიწაზე სეზონური მოვლენების გამო. ყველაზე მოკლე დღე-ღამე ივლისშია და ყველაზე გრძელი – მარტში. ეს რხევები მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში აღმოაჩინეს. პოლუსების მოძრაობა კი – 1898 წლიდან. უკვე ამის შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ დედამიწის ბრუნვა არათანაბარია, საჭირო გახდა წამის განმარტების შეცვლა. აქამდე წამი იყო დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდის, ანუ დღე-ღამის ერთი ოთხმოცდაექვსი ათას მეოთხასედი ნაწილი, მაგრამ, როდესაც გაირკვა, რომ დღე-ღამე ცვალებადია, ეს უკვე აღარ გამოდგებოდა. იმისთვის, რომ წამი მუდმივი ყოფილიყო, 1956 წელს ასეთი განმარტება მოძებნეს: აიღეს ტროპიკული წელიწადი, ანუ დედამიწის გარემოქცევის პერიოდი 1900 წელს და მისი გარკვეული ნაწილი ჩათვალეს წამად, იმ გაგებით, რომ იმ წელიწადში იქნებოდა 31 მილიონ 556 925 მთელი და კიდევ 47 მეათიათასედი წამი. თუმცა, ესეც არ იყო საბოლოო განმარტება. ამის შემდეგ მოიფიქრეს კიდევ უკეთესი დათვლა, ეგრეთ წოდებული ატომური წამი. ატომში მიმდინარეობს რხევები, ანუ, ელექტრონები გადაინაცვლებენ ერთი ორბიტიდან მეორეში და ეს გადასვლა იწვევს გამოსხივებას. არსებობს ცეზიუმის ატომი, რომელსაც ყველაზე დაბალი დონე გააჩნია, ამ დონეს აქვს ორი ზეწმინდა მდგენელი და მათი ერთი გადასვლა ერთი რხევაა და თუ ავიღებთ 9 მილიარდ 192 მილიონ 770 რხევას და შევკრებთ, რაც მიიღება, სწორედ ამას უწოდებენ ერთ წამს. ხომ ხვდებით, წამში რამდენი რხევაა?! ასე განმარტებული წამია საბოლოო.
შეიძლება, რომ კიდევ შეიცვალოს წამი?
- არა, რადგან, ეს არის მუდმივი ფიზიკური სიდიდე, მაგრამ თვითონ დედამიწის ბრუნვით გამოწვეული წამები, რა თქმა უნდა, შეიცვლება. ამ გაგებით, დღე-ღამეში ყოველთვის ოცდაოთხი საათი იქნება, მაგრამ თვითონ საათის ხანგრძლივობა შეიცვლება – უფრო გაიზრდება. მილიონობით წლის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება, ჩვენ კი, ისევე, როგორც აქამდე ვერ ვგრძნობდით ვერაფერს, ახლაც, ჩვენს ყოველდღიურობაში, ვერაფერს შევატყობთ.
კიდევ ერთი მომენტი: დედამიწაზე მოქმედებენ ციური სხეულები, მათ შორის უახლოესები – მზე და მთვარე, ანუ, იზიდავენ მას, ისევე როგორც დედამიწა. დედამიწა რომ ზუსტი სფერო იყოს, ეს მიზიდვა არაფერს გამოიწვევდა, მაგრამ, ის ელიფსურია, შეჭყლეტილია ბრუნვის ღერძის გასწვრივ და პოლარული რადიუსი ეკვატორულზე 21 კილომეტრით ნაკლებია. ის წარმოადგენს სფეროს, რომელსაც აქვს წანაზარდები. მთვარე, რომელიც არ არის ეკვატორის სიბრტყეში, სხვადასხვანაირად მოქმედებს დედამიწის მისგან ახლო და შორეულ ნაწილებზე, ამიტომ, აიძულებს, რომ შემობრუნდეს. მთვარე ორბიტაზეც მოძრაობს და ხან ერთ მხარეს აღმოჩნდება ხან – მეორე მხარეს. ეს იწვევს დედამიწის ბრუნვის ღერძის რხევას და ამის გამო პოლუსი მოძრაობს. ანუ, დედამიწის ღერძი შემოხაზავს კონუსს. თვითონ ცის პოლუსი კი მოძრაობს წრეწირზე. ეს არის ძალიან ნელი მოძრაობა – დადგენილია, რომ ერთ სრულ შემობრუნებას ოცდაექვსი ათასი წელიწადი უნდება. ეს დიდი ხნის წინაა აღმოჩენილი, რაც იმას იწვევს, რომ თუ ახლა ჩვენთვის პოლარული ვარსკვლავია უძრავი, ძველი ეგვიპტელებისთვის სულ სხვა ვარსკვლავი იყო ასეთი, მომავალში კი, როცა ცის პოლუსი ნახევარწრეს შემოუვლის, უძრავი პოლუსი ჩვენთვის იქნება უკაშკაშესი ვარსკვლავი – ვეგა, მაგრამ კლიმატთან ამას კავშირი არ ექნება, რადგან დაშორება, ვთქვათ, თბილისიდან ეკვატორამდე, იგივე იქნება, ჩვენი განედი უცვლელი რჩება. გარდა ამისა, დედამიწის ბრუნვის ღერძი, რომელიც მზის გარშემო თავისი ორბიტისადმი 67-გრადუსიანი კუთხით არის დახრილი, იგივე რჩება.
დღე-ღამე რატომ ხანგრძლივდება?
- ამის ვრცლად ახსნა შორს წაგვიყვანს, მოკლედ რომ ვთქვათ, მთვარის ზემოქმედებით, ოკეანის მიქცევა და მოქცევა იწვევს დედამიწის შენელებას. ამის გამო იზრდება დღე-ღამის ხანგრძლივობა და მრავალი მილიონი ათასი წლის შემდეგ, შესაძლოა, დღე-ღამე ერთი, ორი და ასე შემდეგ საათით გაიზარდოს. კიდევ ერთი: ცნობილია, რომ მთვარე მხოლოდ ერთი მხრით გვიყურებს, რაც დედამიწის ზემოქმედებით არის გამოწვეული. დედამიწა ამუხრუჭებს მთვარის ბრუნვას და დაამუხრუჭა კიდეც უკვე იმდენად, რომ მთვარეს მხოლოდ ერთი მხრიდან ვუყურებთ, მაშინ, როდესაც ოდესღაც მისი ყველა მხარე ჩანდა, რადგან ის უფრო ჩქარა ბრუნავდა. მომავალში კი, თუ მთვარე მთლიანად დაამუხრუჭებს, დღე-ღამე გაუტოლდება თვეს, ანუ მთვარის გარე მოქცევის პერიოდს და დედამიწა დარჩება მთვარისკენ მიქცეული ერთი და იმავე მხრით. რა თქმა უნდა, რხევებს, დედამიწაზე მოქმედ უცხო სხეულებს, ამ პროცესებში დიდი წვლილი შეაქვთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაში აბსოლუტურად უგრძნობია. ასეთი რაღაცეები, რაც ახლა მოხდა, მომხდარა ჩვენს ბიოგრაფიაშიც კი.