„ქართული ოცნება“ ეძებს „სექენდ ჰენდს“, ანუ მეორად „ნაციონალურ მოძრაობას“

„ქართული ოცნება“ ეძებს „სექენდ ჰენდს“, ანუ მეორად „ნაციონალურ მოძრაობას“

როგორ აპირებს ხელისუფლება მესამე წრეზე სიარულს და როგორი პერსპექტივა ექნება 2024 წლისთვის, ან მის შემდგომ პერიოდში?!

ფაქტია, „ოცნება“ დღემდე ინარჩუნებს ძალაუფლებას. ნაწილობრივ, ამის მიზეზი ისიცაა, რომ თუნდაც უნიათოდ მიჩნეული მმართველი გუნდი საქართველოს მოსახლეობის თვალში ნაკლებად სახიფათოდ გამოიყურება „ნაცმოძრაობასთან“ შედარებით, რომელიც ბევრი ადამიანისთვის რეპრესიულ რეჟიმთან ასოცირდება.

გარდა იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ნაციონალებივით სახიფათოდ არ მიიჩნევენ, მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად მეორე არსენალიც აქვს. ეს არის ოპოზიციის მარგინალიზაცია.

თუმცა იმის ფონზე, რომ საქართველოში სიახლის მოლოდინია და ახალი პარტიების სეზონიც იხსნება, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მოწოდებებმაც და „მიშა მოდის“ ძახილმაც აზრი დაკარგოს. ასეთ ვითარებაში რა გზა დარჩენია „ქართულ ოცნებას“?! როგორ უნდა მოაწონოს თავი ამომრჩეველს? გაჭრის კი პოლიტიკოსთა ტყუილებით დაღლილ და გამოწვრთნილ ელექტორატზე ახალი სატყუარა? თუნდაც ისეთი, რომ სამართალი საბოლოოდ „ოცნების“ ხელშიც იზეიმებს და ამის დასტურია ხორავას საქმის გახსნა 18-თვიანი დაგვიანების შემდეგ?!

რა ნაბიჯები უნდა გადადგას მმართველმა გუნდმა, რომ 2024 წლამდე მიაღწიოს და არ ახდეს გრიგოლ ვაშაძის სიტყვები, „ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს ხელისუფლების ცვლილება მოხდება“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, 2020-ში „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ ეს არ იქნება 2012 და 2016 წლების განმეორება.

„არსებული სკამების 40% შეიძლება აიღოს მხოლოდ „ოცნებამ“, სკამების 60% კი შეიძლება გადანაწილდეს ოპოზიციაზე. ზუსტად აქ არის „ოცნების“ პრობლემა. თუკი ოპოზიცია მოახერხებს ამ 60%-ის მობილიზაციას, მათ შეუძლიათ უკვე პარლამენტში ჩამოაყალიბონ მთავრობა და გავლენა მოახდინონ ბიუჯეტის, ან მთავრობის დაკომპლექტებაზე. ეს გამოწვევა აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“ და არა ის, რომ პარლამენტში ვერ გავა უმრავლესობით. „ოცნებისთვის“ მთავარია, უმცირესობით გასული სხვადასხვა ჯგუფები არ გაერთიანდნენ და ხელი არ შეუშალონ „ოცნებას“ პოლიტიკის წარმართვაში. ანუ, თუ ოპოზიცია ერთობლივად დაუპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, მაშინ „ოცნება“ ვეღარ მართავს პროცესებს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, რა უნდა გააკეთოს „ოცნებამ“, რათა მის მიმართ ხალხში ნდობა აღდგეს, განმარტავს: „საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ კი არ ებრძვის, არამედ სახელმწიფოსთვის იბრძვის და საზოგადოებისთვის ზრუნავს“.

ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთელი ენერგია „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში არ უნდა დაიხარჯოს, არამედ სოციალურ პროგრამებზე, ეკონომიკურ პროექტებზე.

პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, თუკი „ნაცმოძრაობა“ არ გინდა, მაშინ როგორ მოგყავს ჩინჩალაძე და მურუსიძე?! ამიტომ ცალსახად უნდა მოხდეს დისტანცირება „ნაცმოძრაობისგან“. უნდა მოიყვანონ ახალგაზრდები, ახალი სახეები, ოღონდ ის ხალხი, რომელიც მოემსახურება სახელმწიფოს და არა პარტიას.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, პრობლემა ის არის, რომ მმართველი გუნდი ახალგაზრდობაში ეძებს „სექენდ ჰენდს“, მეორად „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლებიც თავის დროზე „ნაცმოძრაობას“ ემსახურებოდნენ. ასეთია ადეიშვილის მარჯვენა ხელი ზარდიაშვილი, თუ არ ვცდები, მდინარაძე და სხვები, ლადო კახაძეც აქეთ-იქით იყო. ასეთ ხალხს კი არ უნდა ეძებდნენ, არამედ პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებს, იურისტებს, რომლებიც არ არიან გაჭუჭყიანებულნი „ნაცმოძრაობის“ მიერ. მედროვე ხალხი არავის სჭირდება, მაგრამ მმართველი გუნდი აქეთკენ არ მიდის. ის ცდილობს, საკუთარი თავის გადარჩენას და სახელმწიფოზე არ ზრუნავს.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდა და აქვს „ქართულ ოცნებას“. მართალია, სტრატეგიული კურსი ცუდსა და უარესს შორის არჩევანისკენ მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს, რამაც აქამდე იმუშავა, მაგრამ შეიძლება, ამ კურსმა 2020 წელს აღარ იმუშაოს. ამის მიუხედავად, ხმები „ქართული ოცნების“ მომავალი გარდუვალი მარცხის შესახებ გადაჭარბებულია. მათ სერიოზული შანსი ექნებათ, გააჩნია, რამდენად წარმატებით მოახერხებს ივანიშვილი იმას, რაც დაიწყო და დააგვიანა, ანუ „ოცნების“ ტრანსფორმაციას, მისი რიგების გადალაგებას, უფრო ქმედუნარიანი ლიდერების წამოწევას წინა პლანზე, გინდაც მთავრობაში, გინდაც პარლამენტში და საზოგადოებასთან ჩატეხილი ხიდის აღდგენას.

„ფაქტობრივად, ივანიშვილს საზოგადოებასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს, მან ხელაღებით გარეკა და მარგინალიზაცია მოახდინა საექსპერტო საზოგადოების, არასამთავრობოების, ინტელექტულების და, საბოლოო ჯამში, თვითონვე დარჩა დაზარალებული მოკავშირეების გარეშე ამ სფეროებში. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოახერხებს ტრანსფორმაციას, რამდენად ნაყოფიერად გამოიყენებს თუნდაც ამ ზაფხულს, შემოდგომას“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე და შეკითხვის საპასუხოდ, შეძლებს თუ არა ივანიშვილი ძველი გვარდიის გულის მობრუნებას, განმარტავს: „არ ვიცი, ძველ გვარდიასა და ახალი გვარდიაში ვინ იგულისხმება, რადგან ყველაზე ძველი გვარდია, მე მგონი, მე ვარ ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობიდან, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას არ ვაპირებ“.

ანალიტიკოსის შეფასებით, ძველი და ახალი გვარდია, ეს ყველაფერი პირობითია, აშკარაა მმართველი გუნდის იუნიზმით გატაცება, მაგრამ ახალგაზრდულ სახეებზე ქვეყნის მომავლის აწყობა პოლიტიკაში აშკარად წარუმატებელია. საქართველოში ყოველი მეორე პიროვნება ინდივიდუუმია, ყოველი მეორე პერსპექტიული ლიდერია, ამიტომ ამ მხრივ თუ კარგად მიდგებ-მოდგება ყველა, სახელისუფლებო ძალაც და ოპოზიციური პარტიებიც, ისინი სერიოზული პოლიტიკოსების მოძიებას ჯერ კიდევ შეძლებენ. უბრალოდ, საჭიროა ამ ხალხის მოძებნა და მათთან ეფექტური კონტაქტის ფორმების შემუშავება.