„თუ ჩვენს საზოგადოებას შევთავაზებთ რეალურ პერსპექტივას, სხვა გზას, სხვა ლიდერებს, მაშინ საქართველოსნაირ ქვეყანაში მინიმუმ 75%-იანი მაინც უნდა იყოს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა“

„თუ ჩვენს საზოგადოებას შევთავაზებთ რეალურ პერსპექტივას, სხვა გზას, სხვა ლიდერებს, მაშინ საქართველოსნაირ ქვეყანაში მინიმუმ 75%-იანი მაინც უნდა იყოს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა“

ივნისის თვე პოლიტიკურად ცხელი იქნება. რამდენიმე ძალა შეეცდება მესამე პოლიტიკური ცენტრის ნიშის დაკავებას. რამდენად შეასრულებენ ისინი მესამე ძალის ფუნქციას, ეს იმთავითვე საეჭვოა. ისიც საკითხავია, ჩვენს საზოგადოებას რამდენად სურს ერთი და იმავე სახეების ხილვა პოლიტიკაში მაშინ, როცა სრულიად ახალი, გაუსვრელი ძალის გამოჩენას ყველა მონდომებით ელოდა.

დაიწყება თუ არა გადამწყვეტი ბრძოლა „ოცნების“ წინააღმდეგ ბესელიას, ჭიჭინაძის, ოქრუაშვილის, ქობულიას, კვირიკაშვილის მიერ გახსნილი ფრონტით? ფაქტია, რომ ეს ადამიანები (ან ამ ადამიანთა გარკვეული ნაწილი) ივნისის თვის გამოყენებას აქტიურად აპირებენ.

20 ივნისს ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის, ზვიად კვაჭანტირაძის პარტია „სამართლიანობისთვის“ დაფუძნდება. მათთან არ იქნება ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც, სავარაუდოდ, სხვა მიზნები აქვს და ამ ეტაპზე ბესელიას პარტიაში არყოფნის მიზეზებს არ აკონკრეტებს. 22 ივნისს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს დავით ჭიჭინაძის „ტრიბუნა“ მოევლინება, რითიც ჭიჭინაძე, როგორც საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს.

კვლავაც შეგვახსენებს თავს ირაკლი ოქრუაშვილი და უკვე მერამდენედ გაიკვალავს გზას პოლიტიკისკენ. ასევე, სავარაუდოდ, გააქტიურდება დაიცავი საქართველო, რომელიც გამორიცხული არ არის, საზოგადოებრივი მოძრაობიდან პოლიტიკურ მოძრაობაშიც გადაიზარდოს.

როგორც ირკვევა, საბოლოოდ პოლიტიკიდან არც გიორგი ქობულია წასულა და, შესაძლოა, სწორედაც ივნისის თვეში გამართლდეს ხმები, რომ ქობულია მეორე განაწყენებულ - გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პოლიტიკაში ხელმეორედ შემოვა. ამ ყველაფერს კი დააგვირგვინებს პოლიტიკაში ლევან ვასაძის შესაძლო შემოსვლის შესახებ გავრცელებული ხმები, რასაც არც მისი ახლობლები გამორიცხავენ.

რას მოიტანს უკვე ნაცნობი სახეების კიდევ მეტად გააქტიურება, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.

რას ჰპირდება პოლიტიკურად ცხელი ზაფხულიქართულ ოცნებას“, რას შეცვლის ახალი პარტიების შემოსვლა პოლიტიკურ ველზე და არის თუ არა ძველი სახეების გაცოცხლება ქართველი ხალხის დაკვეთა?!

- მთავარია, რამდენად ელის ელექტორატი, ამომრჩეველი ახალი პოლიტიკური ორგანიზაციების გამოსვლას არენაზე, ან რაიმე აზრი აქვს თუ არა ახალი ძალების გამოსვლას, მით უმეტეს, ძველი სახეებით. თემა მრავალწახნაგოვანია, ამიტომ ჩვენ ელემენტარულად უნდა გავიხსენოთ მარტივი ვითარება, რომ ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ინდიფერენტულია პოლიტიკური პროცესების მიმართ. გაუცხოება შეინიშნება არა მარტო პარტიებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტისადმი, არამედ მთლიანობაში პოლიტიკისადმი. თითქოსდა, აღარ ელის არაფერს ქართული საზოგადოება, თავისი საკმაოდ მძიმე სოციალური ფონით და გაურკვეველი სამომავლო პერსპექტივით, თითქოსდა, ჩვენი საზოგადოებისთვის სულ ერთი გახდა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, თუნდაც ესენი იყვნენ მსოფლმხედველობრივად და თავიანთი პერსონალიებით არსებითად განსხვავებულნი ერთმანეთისგან („ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოშობილი პარტიები), თუ მესამე პოლუსი, მე მაინც ასე მოვიაზრებ „პატრიოტთა ალიანსს“ და „ერთიან საქართველოს“. ეს სამი პოლუსი გვაქვს ჯერჯერობით ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. რეალურად, ვითარება გაცილებით კოშმარულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ნორმალურ ქვეყანაში ამის გამო სოციუმის განწყობას გამოიკვლევდნენ, მაგრამ საქართველოში ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევის კომპანიები არ არსებობს, მათ რეპუტაცია შეულახეს, არც უცხოური ფონდების მიმართ არის ნდობის მაღალი ხარისხი. ვგულისხმობ „ენ-დი-აი“-ს და „აი-რა-ი“-ს. ამიტომ რაც გვაქვს, ისევ ამ დათქმით უნდა ვიხელმძღვნელოთ.

ჩვენი ხალხის ნიჰილიზმი ქართული პოლიტიკის მიმართ მთაწმინდის არჩევნებმაც დაადასტურა, მაგრამ, იქნებ, ამაში დადებითიც დავინახოთ? როგორც დასავლეთში არ აინტერესებთ პოლიტიკოსები და მათი გვარებიც არ იციან, იქნებ, საქართველოშიც მობეზრდეთ პოლიტიკოსები და ამით დასრულდეს შემთხვევითი ადამიანების სწრაფვა პოლიტიკისკენ? დასრულდეს ის დაავადება, რასაც ჰქვია პოლიტიკომანია, როცა საქართველოში ყველას სურს პოლიტიკოსად გახდომა, მიუხედავად იმისა, შესწევს თუ არა ამის უნარი.

- თავისთავად ცხადია, ნორმალურ ქვეყანაში, სადაც დალაგებულია ყველაფერი და სოციალური ფონი მოწესრიგებულია, ყოველდღიური ცხოვრებით გატაცებულ ადამიანს ხშირად არც უნდა აინტერესებდეს, რა ხდება პოლიტიკაში, მაგრამ საქართველოში პოლიტიკური კლასისგან გაუცხოება მოხდა ადრე. ჩვენ ჯერ კიდევ მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელი გვაქვს დამოუკიდებლობა, რომელიც გამოვაცხადეთ 1991 წელს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ სუვერენიტეტის ღირსები ვართ, რომელიც, თუ ადრე მეფის რუსეთის ნანგრევებზე აღმოცენდა, ახლა საბჭოთა რუსეთის ნანგრევებზე აღმოცენდა. ის, რომ დამოუკიდებლობის ღირსები ვართ, უნდა დავასაბუთოთ არა მარტო ჩვენ, არამედ 14-მა საბჭოთა რესპუბლიკამაც რუსეთის გარდა, რომელიც ისევ ძველი იმპერიული იდეების ტყვეობაშია. ამიტომ ცოტა ნაადრევია გულგრილობა და ინდიფერენტიზმი ქართული პოლიტიკური ცხოვრების მიმართ. მით უმეტეს, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, აქ ყოველი ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ მოვიდა საქართველოში, რომელიმე დიდი მეზობლის, ან რომელიმე სტრატეგიული პარტნიორის ნებისგან გამომდინარეობს.

სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ვხედავ რეალობას, როდესაც ხელისუფლებაში მოვა პოლიტიკური ძალა, თუნდაც ხალხის მხარდაჭერით და მას შეერთებული შტატები, ევროკავშირი, რუსეთი და, ზოგ შემთხვევაში, სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშეები მხარს არ დაუჭერენ. მართალია, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთშიც იქაური საზოგადოება წყვეტს ხელისუფლების ბედს, მაგრამ იქაც არ არის რადიკალური არჩევნები, იქაური ყველა ძალა ევროკავშირისა და დასავლეთისკენაა მიმართული. სანამ ჩვენ დავემსგავსებით ბალტიისპირა ქვეყნებს, მანამდე ხალხი თავისი აქტიურობით უნდა ასრულებდეს ხელისუფლების წყაროს ფუნქციას. ჩვენი საუბარი რომ გახდეს ფაქტებზე დაფუძნებული, მივადევნოთ თვალი, რა სურათია სოციუმის განწყობის თვალსაზრისით.

„ენ-დი-აი“-ს კვლევით, რომელიც წლის დასაწყისში ჩატარდა და, ვგონებ, დიდად არც შეცვლილა ელექტორატის განწყობა, 36%-სთვის არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის მისი ინტერესების გამომხატველი, 27%-სთვის მისი ინტერესების გამომხატველია „ოცნება“, ხოლო 12%-სთვის „ნაციონალური მოძრაობა“. ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობა რატომღაც მცირდება 3%-ით და 24%-ს შეადგენს, 11% „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერია, 3%- „პატრიოტთა ალიანსის“.

პატრიოტთა ალიანსიგამუდმებით აცხადებს, რომ ის არის ძალა, რომელსაც უამრავი ადამიანის ქუჩაში გამოიყვანა შეუძლია. ამდენად, ეს მონაცემები რეალობასთან ახლოსაა?

- პირადად მე „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერთა რაოდენობა, სულო ცოდვილო, ამ დასავლური ფონდების შედეგებში ყოველთვის შემცირებული მგონია ხოლმე. ასევე, შემცირებული მგონია „ლეიბორისტული პარტიის“ მხარდამჭერთა რაოდენობაც. ეს გარკვეულ მოსაზრებათა გამო ხდება „პატრიოტთა ალიანსთან“ მიმართებით, რადგან ფონდები პროდასავლურები არიან, იქაურ ინტერესებს წარმოადგენენ საქართველოში და მიაჩნიათ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პრორუსული ძალაა. ამიტომაც უმცირებენ შედეგებს. თუ ამას დავამატებთ კიდევ 8%-ს, რომელიც, ამავე ორგანიზაციის კვლევის თანახმად, რომელიმე პარტიას მისცემდა ხმას, ჯამში მივიღებთ 49%-ს. აქედანაც მარტივად გამოდის, რომ 51% ვერ ხედავს აზრს, რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ამიტომაც არ მისცემდა ხმას არც ერთ პოლიტიკურ ძალას. თუ უფრო კრიტიკულად შევხედავთ ამას, ეს რაოდენობა სადღაც 55-60%-მდეა. ამიტომ თქვენი სამართლიანი შენიშვნის მიუხედავად, რომ იქნებ, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია, პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე არც იყოს საჭირო, მე ამას ვეთანხმები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯერ ძალიან ადრეა საამისოდ, ჩვენ ასეთი ფუფუნების უფლება გვქონდეს. მით უმეტეს, როცა ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ელექტორატის რაოდენობა, რომელმაც ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ამას უკავშირებენ ევროსკეპტიკოსების და ნაციონალ-პოპულისტების ავტორიტეტის ზრდას. ანუ, როდესაც პრობლემა საერთო ეროვნულ ხასიათს იღებს, ევროპაშიც კი იზრდება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა.

ეს ნიშნავს, რომ, თუკი საქართველოშიც საერთო ეროვნული ხასიათის პრობლემის გადაჭრას დაისახავენ ჩვენი პოლიტიკოსები მიზნად, მათ გაცილებით მეტი წარმატების შანსი ექნებათ?

- ეს იმაზე მეტყველებს, რომ, თუ ჩვენს საზოგადოებას შევთავაზებთ რეალურ პერსპექტივას, სხვა გზას, სხვა ხედვას, სხვა ლიდერებს, სხვა პერსონებს, მაშინ საქართველოსნაირ ქვეყანაში მინიმუმ 75%-იანი მაინც უნდა იყოს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ამ ეტაპზე. ამ დროს რა ხდება დღეს? საქართველოში პასიურ ელექტორატზე (50-60%-ზე) დაიწყო ნადირობა. ესეც დემოკრატიული ქვეყნისთვის ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ეს ნადირობა რამდენადმე ბუტაფორიული მგონია, რადგან საქართველოში პოლიტიკას, სამწუხაროდ, სჭირდება ფული. საქართველოში არ არსებობს სხვა ფული, სხვა ეროვნული კაპიტალი, სხვა სახის ფინანსური რესურსი, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. ბუნებრივია, მას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, რახან ის პოლიტიკურ სივრცეში ფინანსური რესურსის თვალსაზრისით დომინირებს. თანაც ჩვენში არსებობს მავნე ტრადიცია, რომ ბიზნესი მხოლოდ სახელისუფლო ძალას უჭერს მხარს, რათა ხელისუფლებასთან პრობლემები არ შეექმნას. ამიტომ ეს ბრძოლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული და, ვიდრე საქართველოში არ გამოჩნდება სხვა ფული, გარდა ივანიშვილის ფულისა და ფარული რესურსისა, რომელიც დიდი მასშტაბით არ იხარჯება, არაფერი შეიცვლება. ფარულ რესურსში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ბიზნესმენებს და „ნაციონალების“ ლიდერთა კონტროლირებად ფულს ვგულისხმობ ოფშორებში, თუ სხვა სივრცეში, სადაც ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი, რომ ვაკონტროლოთ ეს ფული და ვიცოდეთ, რა მოცულობისაა.

როგორ ფიქრობთ, „ნაციონალებიენთუაზიაზმით ხარჯავენ ოფშორულ ფულს, თუ უკვე დაინახეს, რომ ტყუილად იხარჯებიან?

- მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ იხარჯება „ნაცმოძრაობის“ განკარგულებაში არსებული ფული. სხვათა შორის, ეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩევნებმაც ცხადყო, რომ მათ მაინცდამაინც ბევრი ფული არ დაუხარჯავთ. შესაძლოა, ასე იოლად არ ხარჯავს სააკაშვილი თავის კონტროლირებად რესურსს და სხვა რამისთვის სჭირდება ეს რესურსი, მაგრამ რეალურად სხვა ფული არ არსებობს. ასეთ ვითარებაში წინა პლანზე მოდიან პოპულისტები, რადგან პოპულარულ იდეას შესაძლოა, არ დასჭირდეს დიდი ფული, შესაძლოა, ავტორიტეტსაც არ დასჭირდეს დიდი ფული. ეს არა მარტო ჩვენი პრობლემაა, არამედ ამერიკული დემოკრატიის, ევროპული დემოკრატიის პრობლემაცაა, სადაც გამოცოცხლდა ნაციონალისტური და პოპულისტური ფრთა, რომელსაც ნაკლები ფული და მჟღერი იდეა სჭირდება. ასეთი პერსონები და ძალები საქართველოში თითქმის არ არის, თუ არ ჩავთვლით ლევან ვასაძეს, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში დიდი ფულის გარეშე. ვასაძე დაახლოებით სადღაც 10-15%-იან ელექტორატს მიიმხრობს, განსაკუთრებით, თუ ეკლესიამაც დაუჭირა მხარი. სხვა ასეთ ფიგურას, ვისი პოლიტიკური რენომეც გულისხმობს მწირი რესურსით წარმატების მიღწევას, მე ვერ ვხედავ. თავის დროზე საზოგადოების შემკრებისა და გამაერთიანებლის როლი ითამაშა „დაიცავი საქართველოს“ იდეამ და, ფაქტობრივად, გადაწყვიტა 2012 წლის არჩევნების ბედი, მაგრამ „დაიცავი საქართველო“ ამ ეტაპზე ისე პოპულარული არ არის და არც შეიძლება იყოს. ეს ფილარმონიაში მათ მიერ ჩატარებულმა თავყრილობამაც აჩვენა.

რაც შეეხება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც გამოეყვნენ „ოცნებას“ და ახლა აპირებენ პარტიების დაფუძნებას, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმხრობა შეუძლიათ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, ლევან კობერიძეს, დავით ჭიჭინაძეს. თუმცა ფინანსური რესურის არქონის პირობებში მათ თავიანთი მიზნის შესრულება გაუჭირდებათ და შეიძლება 3%-იანი ბარიერიც ვერ გადალახონ. ამის მიუხედავად, მე მაინც მგონია, პოლიტიკურ ველზე გამოსასვლელად უფრო მეტი მზაობა ჯერჯერობით აქვს ბესელია-ფოფხაძე-კვაჭანტირაძის სამეულს, თუკი ისინი კიდევ მიიერთებენ სახელებს, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება, 3%-ზე უფრო სერიოზული მიზანი ჰქონდეთ. ჩვენთან, სამწუხაროდ, ჰგონიათ, თუ ადამიანი მსოფლიო დონის ხელოვანი ან სპორტსმენია, ის პოლიტიკაში რაიმე სიახლეს მოიტანს. ვერაფერსაც ვერ მოიტანს, თუ მას არ ექნება იდეები და ხედვა.

ლევან გოგიჩაიშვილი ახსენეთ, ის არაფერს ამბობს, მაგრამ თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას, რას ელოდება გოგიჩაიშვილი? რა უნდა იყოს მიზეზი, რის გამოც ბესელიას გვერდში დგომა არ ისურვა მაშინ, როცა თავგადაკლულად ბესელიას გვერდით იდგა მისი პირადი საკითხის განხილვისას?

- ლევან გოგიჩაიშვილი პოლიტიკოსია და პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ლევანი მოლოდინის რეჟიმშია, ის ეძებეს საკუთარ ადგილს ამ პოლიტიკურ სპექტრში, ეძებს მისთვის უფრო მისაღებ პარტიას და ისეთ პოლიტიკოსებს, რომელთა გვერდითაც ბრძოლაში ბოლომდე დადგება. ასეთად ის ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არ მიიჩნევს პარტიას „სამართლიანობისთვის“.