ლარის ძლივს გამყარების გზას დაადგა და ახლა უკვე ეროვნული ბანკი ებრძვის. როგორც კი ეროვნულმა ვალუტამ 2,70-ისკენ აიღო გეზი, კობა გვენეტაძის უწყება მაშინვე ვაჭრობაში ჩაერია და 2 დღეში მიმოქცევიდან 30 მლნ დოლარი ამოიღო. შესაბამისად, ლარის გამყარება დამუხრუჭდა და შედარებით ისევ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა.
ასეთმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ფინანსისტები აღაშფოთა. მათი აზრით, ეროვნული ბანკი უკვე არაადეკვატურად იქცევა და მისი ქცევა ჯანსაღი აღარ არის. იგი უკვე უხეშად სავალუტო ბაზარზე და ლარის გამყარებას ხელს უშლის.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ეს უკვე მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი არაა! ეკონომისტი მიმდინარე პროცესებს ანომალიურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მცურავი გაცვლითი კურსი სულაც არ ნიშნავს ისეთ მკვეთრ რყევას, რაც ბოლო პერიოდში ლართან მიმართებაში ხდება.
„ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომელიც ბოლო პერიოდში დავინახეთ, იყო მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი, რადგან არ არის ახლა ისე გაუარესებული პარამეტრები, რომ რამე ფუნდამენტური მიზეზების გამო უფასურდებოდეს ლარი. ეს იყო წმინდა აჟიოტაჟური კურსი, რომელიც შემდგომში გადაიზარდა პანიკაში და ამან მნიშვნელოვნდ მოახდინა ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე. ველოდებოდი, რომ კურსი გამყარებას დაიწყებდა საშუალოვადიან და მოკლევადიან პერიოდში და ასეც მოხდა.
მცურავი გაცვლითი კურსი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კურსი დღის განმავლობაში შესაძლებელია 2 თეთრით გაუფასურდეს და შემდეგში 3 თეთრით გამყარდეს, ეს არის ანომალიური ქცევა. არაერთხელ ყოფილა სპეკულაციებთან დაკავშირებული ეჭვები, უბრალოდ, დამადასტურებელი საბუთი არ გვაქვს, რომ ეს გადაჭრით ვთქვათ.
გამოვიდა გუშინ ეროვნული ბანკი და ხელოვნურად გააჩერა ლარის გამყარება. თითქოს მნიშვნელოვანი გამყარება უნდა გვქონოდა სახეზე, ამ დროს სებ-მა 10 000 000 დოლარი შეისყიდა (მეორე დღეს კი 20 000 000 დოლარი ამოიღო მიმოქცევიდან). ასეთ რეალობაში ძალიან რთულია რამე პროგნოზის გაკეთება. არსებული ინტერვენცია ყოველგვარ რეალობას გასცდა, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ცენტრალური ბანკი პროცესებს სრულად არის მოწყვეტილი და ისე მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს „კომერსატთან“ პაატა ბაირახტარი.
იგივე პოზიციას იზიარებს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი უხეშად ერევა სავალუტო ბაზარზე და ლარის გამყარებას ხელს უშლის. ეს მაშინ, როცა დევალვაციის დროს საერთოდ არაფერს აკეთებს.
„ჩემთვის აბოლუტურად გაუგებარია სებ-ის პოზიცია სავალუტო ბაზარზე. მან უნდა აწარმოოს ორმხრივი ინტერვენციები, ანუ როგორც დოლარის შეძენის თვალსაზრისით, ისე დოლარის გაყიდვის მხრივაც, რათა რყევის გარკვეული დიაპაზონი შეარბილოს და არ მოხდეს სავალუტო კურსის მკვეთრი ცვლილება. საქართველოს ტიპის განვითარებად ქვეყნებში, სადაც არის პატარა ეკონომიკა, სავალუტო ნაკადები მწირია და ბაზრის მონაწილეები ცოტაა. „ბლუმბერგის“ სისტემაში სავალუტო კურსი თავისუფლად არ უნდა იყოს მიშვებული. ასეთი პრინციპი შეიძლება მუშაობდეს ევროპაში, აშშ-ში, სადაც უზარმაზარი სავალუტო ნაკადია და კურსზე ზემოქმედება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ სხვა რეალობაში ვართ.
ვალუტის კურსის ფორმირების პრინციპი და სებ-ის პოზიცია ცალსახად უნდა იყოს გამოკვეთილი და ახორციელებდეს ორმხრივ ინტერვენციებს, რაც დაუწერელი წესია. თუმცა სებ-ი ასე არ იქცევა, არ ვიცი რა მოტივი ამოძრავებს მას. სავალუტო რეზრვების შევსება არ არის მისი მიზანი, როცა კურსის სტაბილურობის შენარჩუნებაზე უნდა ზრუნავდეს“, - აცხადებს ხომიზურაშვილი.