დავით სერგეენკო:

დავით სერგეენკო:"მთელი საქართველოს მოსახლეობის საბაზისო სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფა 2013 წლის დასაწყისში მოხდება"

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმრად იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი, დავით სერგეენკო, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მინისტრობის კანდიდატმა საბაზო დაზღვევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ძირითადი საბაზო სადაზღვევო პაკეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო ამ თანხების მიმმართველი იქნება ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი და ეს არის ახალი სტრუქტურა, რომლის შექმნაც არის დაგეგმილი.

ამასთანავე, სერგეენკოს თქმით, საბაზისო პაკეტი ყველასათვის ერთნაირი არ იქნება, ხოლო პაკეტებს შორის განსხვავებები ორი ძირითადი ფაქტორის შესაბამისი იქნება - ასაკობრივი და სოციალური. მაგალითად, თუ სადაზღვევო პაკეტი კარდიო-ქირურგიულ ოპერაციას ანაზღაურებს, ეს მომსახურება გარკვეული ასაკობრივი ჯგუფისთვის არის აქტუალური. ამიტომ ყველა ასაკობრივ ჯგუფზე აქცენტირებული იქნება მიზნობრივი დაავადებები, რომლებიც ამ კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის არის აქტუალური.

მისი თქმით, სადაზღვევო პროგრამა, რომელსაც ახალი ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს, საბაზისო პაკეტთან ერთად უამრავ პროგრამას მოიცავს. მათ შორის არის ასევე თანდაყოლილი ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ასევე ანომალიების მქონე ბავშვები და ა.შ. ეს სისტემა მოქნილია და ყოველთვის შესაძლებელი იქნება, რომ კონკრეტულ ადამიანსაც მოერგოს.

მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ მოხდება პენსიის საარსებო მინიმუმთან დაახლოება და ამასთანავე, თავად საარსებო მინიმუმი გადაფასდება იმ პერიოდის შესაბამისად, როდესაც მოხდება მისი კორექტირება, ანუ იმ დროისათვის არსებული რეალური სამომხმარებლო კალათის შესაბამისად. რაც შეეხება ამ ქმედებების დროში გაწერას, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უპირველესი პრიორიტეტი საქართველოს ყველა მოსახლის ერთიანი სადაზღვევო პაკეტით უზრუველყოფაა და ეს სავარაუდოდ 2013 წლის დასაწყისში მოხდება.

დავით სერგეენკო შეეხო ასევე სადაზღვევო კომპანიების მიერ რეგიონებში აშენებულ მრავაპროფილურ კლინიკებს, რომელთა გახსნა საკმაოდ ხმაურიანი იყო, რადგან პროტესტს გამოთქვამდნენ, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ანუ პოტენციური პაციენტები, ასევე ექიმები, რომლებიც ამ კლინიკებში დასაქმდნენ. პროტესტის მიზეზი კი ამ კლინიკების მცირე მოცულობა, არსებული, ძველი კლინიკებიდან ექიმების დათხოვნა და ახალ კლინიკებში დასაქმებული მედიკოსებისთვის შემცირებული ხელფასების დანიშვნა იყო. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ არსებობს ერთიანი სტრატეგია, როგორ უნდა მოიცვას სამედიცინო სამსახურმა მთელი საქართველოს ტერიტორია. ამასთანავე, იგი აღნიშნავს, რომ საავადმყოფოს აშენება არ არის მიზანი, საავადმყოფო უნდა აშენდეს იმისთვის, რომ პაციენტმა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღოს და ეს მომსახურება მისთვის მატერიალურად ხელმისაწვდომი იყოს.

„არსებული საავადმყოფოები ჩაერთვებიან იმ ერთიანი ჯანდაცვის სისტემის ქსელში, რომლის განვითარებასაც ჩვენ ვაპირებთ, რასთან დაკავშირებითაც ძალიან სკრუპულოზურად გაწერილი გეგმა გვაქვს. თუ რომელიმე საავადმყოფო ძალიან შორს არის იმ რეალური მოთხოვნებისგან, რომელიც იმ არეალისთვის არის საჭირო, ალბათ ასეთი კლინიკა ამ ქსელში ვერ ჩაერთვება, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთი ერთეულები იქნება. ყველა ეს საავადმყოფო ფუნქციონირებადი იქნება და შეასრულებს იმ მისიას, რაც უნდა შეასრულოს“, - ამბობს დავით სერგეენკო.

მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიების მიერ რეგიონებში მცირე კლინიკების აშენებას ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. დადებითი იყო ის, რომ თუნდაც იმ მცირე მოცულობით ინფრასტრუქტურა რაღაცნაირად მოწესრიგდა. რაოდენობრივი მახასიათებლების კუთხით კი, სერგეენკოს თქმით, უმეტეს შემთხვევაში ეს საავადმყოფოები ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც მათ მიმართ იყო წაყენებული. ხშირ შემთხვევაში 50 000-იანი პოპულაციის რაიონზე 15 ან 20 ადგილიანი სტაციონარი იყო გათვალისწინებული მაშინ, როდესაც საწოლების რაოდენობა შესაბამისი კრიტერიუმებით და სტანდარტებით რეგულირდება. კერძოდ, დავით სერგეენკო ამბობს, რომ არსებობს ასეთი გათვლა, რომ 1000 სულ მოსახლეზე 2.5 საწოლი უნდა იყოს გათვალისწინებული.

მინისტრობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ეს არ იყო იდეალური პროექტი, მაგრამ იმასთან ერთად, რასაც ახალი მთავრობა აპირებს (ანუ მძლავრი საუნივერსიტეტო კლინიკების ყველაზე დიდი დარტყმის მიმღებებად ქცევა), ამ ფონზე ასეთ მცირე კლინიკებსაც თავისი ადგილი ექნებათ.

ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე, როგორიც არის უმუშევართა კომპენსაცია, დავით სერგეენკო ზუსტ პასუხს ვერ იძლევა, იქნება თუ არა ეს კომპენსაცია დანიშნული.

„როდესაც ეს კითხვა ისმის, საზოგადოებას სურს, მასზე კონკრეტული პასუხი მიიღოს - კი ან არა. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე ასეთ პასუხს ვერ გავცემ. ვეცდები მოკლედ დაგისაბუთოთ, რას ვგულისხმობ. სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ერთიანი სადაზღვევო ფონდის სახით შეიქმნება, ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის არა მხოლოდ დაზღვევას, არამედ მათ დაცვას ყველა იმ რისკებისგან, რაც კი მათ ნორმალურ ცხოვრებაში ხელს შეუშლით, ანუ იქნება რისკი დაავადების გამო, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მყარი დაკარგვის გამო (ანუ ინვალიდობა), იქნება რისკი ასაკის გამო, შრომის უნარიანობის შემცირებასთან დაკავშირებით, ასევე რისკი სამსახურის, ანუ შემოსავლის წყაროს არ ქონის გამო და ა.შ. ეს მიმართულებები არის სტანდარტული პაკეტი. ამდენად, უარყოფით პასუხს მე ვერ გეტყვით, რომ ეს თემა არ განიხილება, მაგრამ ყველა საქმის კეთებისას არსებობს პრიორიტეტები“, - აცხადებს მინისტრობის კანდიდატი.

მისი თქმით, უმუშევრობასთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგია არის უმუშევართა დასაქმება, და არა უმუშევრობის გამო მათი მატერიალური დაკმაყოფილება. ამასთანავე, იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამინისტროს წინაშე არსებული პრიორიტეტები შეიძლება სამ ნაწილად გაიყოს, ეს არის მიმდინარე ტექნიკური, ტაქტიკური და სტრატეგიული. მიმდინარე ტექნიკური პრიორიტეტი არის ის, რომ იქამდე, სანამ ძალაში არ შევა ახალი პროგრამები, არ მოხდეს არსებული პროგრამების ჩავარდნა, ანუ არ მოხდეს წყვეტა. ტაქტიკური, ანუ წლის ბოლომდე განსახორციელებელი პრიორიტეტი არის ის, რომ მეტნაკლები სიზუსტით ციფრებში გამოიხატოს ის, რასაც ახალი მმართველი გუნდი თვისობრივად სთავაზობს მოსახლეობას. სტრატეგიული პრიორიტეტი კი, რომელიც უკვე ხანგრძლივი პროექტია (დაიწყება 2013 წლიდან და წლების განმავლობაში გაგრძელდება), ეს არის „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პროექტის განუხრელი შესრულება - ანუ მოსახლეობის 100%-ს სტანდარტული სადაზღვევო პაკეტით მოცვა, შრომის კოდექსის კორეგირება და სოციალური პოლიტიკის შეცვლა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ქვეყანას მძლავრი, მაღალი კლასის კლინიკები სჭირდება. სხვა საკითხია, რა ბაზაზე შეიძლება ეს გაკეთდეს, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, თუ კერძო საკუთრებაში არსებულ კლინიკების ბაზაზე. მისი თქმით, ამ მხრივ სახელმწიფო დაწესებულებას რაიმე გამოკვეთილი უპირატესობა არ აქვს, გარდა იმისა, რომ თანხის გადამხდელის ვალდებულება არის ასევე ამ თანხის კონტროლი. ამიტომ ახალ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ კარგი იქნება, თუკი ამ ეტაპზე რამდენიმე კლინიკა სახელმწიფოს მართვაში იქნება. რაც შეეხება კერძო საკუთრებაში გადაცემულ კლინიკებს, დავით სერგეენკო ამბობს, რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და მის ჩამორთმევას არავინ დაიწყებს, მაგრამ არსებობს ცივილური, იურიდიული ურთიერთობები, რომლითაც ეს საკითხი შეიძლება დარეგულირდეს. ამის მაგალითად მინისტრობის კანდიდატს მოჰყავს საჩხერის რაიონული საავამდყოფო, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგრამ 2007 წლიდან კერძო სექტორს აქვს მართვაში გადაცემული.

„ჯანდაცვა მხოლოდ საავადმყოფო არ არის. ზოგ არეალში, ზოგ გამოწვევაში ჯანდაცვა შეიძლება მოსახლეობის სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა იყოს. მიზანი არის ის, რომ ადამიანმა დიდხანს, ჯანმრთელად და ხარისხიანად იცხოვროს. ზოგ რეალობაში (და საქართველოში ასეთი რეალობაც არის) შეიძლება იოდის კვებითი დანამატებით მიაღწიო ამ მისიას“, - აღნიშნავს სერგეენკო.

აქვე იგი ამატებს, რომ მედიკოსთა შრომითი ანაზღაურება მეტწილად დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის მოლაპარაკების საფუძველზე რეგულირდება. სახელმწიფომ, ჯანდაცვის სამინისტროს სახით შეიძლება რაიმე სახელფასო პოლიტიკა განსაზღვროს, მაგრამ ამ პოლიტიკას კერძო დაწესებულებებს ვერ უკარნახებს. ეს სახელფასო პოლიტიკა მხოლოდ სახელმწიფოს მმართველობაში არსებულ ობიექტებში შეიძლება განისაზღვროს, თუმცა არის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალობების მიხედვით მინიმალური ხელფასის ოდენობა მკაცრად განისაზღვროს. დავით სერგეენკო აცხადებს, რომ დაგეგმილია მთელს საქართველოზე გავრცელდეს ის მოდელი, რომელიც საჩხერეში ფუნქციონირებს, ანუ ის, რომ საქართველოს ყველა მოსახლეს სტანდარტული სადაზღვევო პაკეტი ჰქონდეს.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე შრომის კოდექსის კორექტირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის დომინანტი დამქირავებელი გამოდის. ამას თავისი არგუმენტაცია აქვს, ვინაიდან, როდესაც ინვესტორი შემოდის, ის შრომის კოდექსს კითხულობს და მას არ სჭირდება ისეთი შრომის კოდექსი, რომელიც მას ზედმეტ ვალდებულებებს მიანიჭებს და შემდეგ რთული იქნება იმ თანამშრომელთან გამოთხოვება, რომელიც დაკისრებულ ვალდებულებებს სათანადოდ არ ასრულებს. დღეს კი მეორე უკიდურესობაში ვართ გადავარდნილები, როდესაც დაქირავებული სრულიად უუფლებოა. ამიტომ დავით სერგეენკო ამბობს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ის საკითხი, რომლის კორექტირებაც მოხდება, ხოლო მეორე იქნება შრომის უსაფრთხოების ნორმების იმ დონეზე გაწერა, რათა მშრომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს.

სერგეენკო შეეხო გავრცელებულ ინფორმაციასაც იმასთან დაკავშირებით, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ფასიანი ხდება. მისი თქმით, ეს მომსახურება უფასო არც არასდროს ყოფილა, უბრალოდ მას სახელმწიფო აფინანსებდა. ამიტომ არ იყო დიფერენცირებული სასწრაფოს გამოძახების პრიორიტეტები. კერძოდ, დავით სერგეენკოს თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი ნაბახუსევია და ამ დისკომფორტის მოსახსნელად იძახებს სასწრაფოს, ან მხოლოდ წნევის გასაზომად ხდება სასწრაფოს გამოძახება. მისივე თქმით, რეგიონებში ხდება ისეც, რომ სტუმრად მისული ადამიანი, რომელიც შეზარხოშდება და სახლში წასვლა უგვიანდება, იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას მხოლოდ იმიტომ, რომ სოფლიდან, სადაც სტუმრად იმყოფება, რაიონულ ცენტრში დაბრუნდეს, ანუ მას იყენებს, როგორც გადაადგილების საშუალებას. ამ დროს კი შესაძლოა სხვა ადამიანს მართლაც სერიოზული პრობლემა აქვს და მასთან სასწრაფო იგვიანებს. ამიტომ დაგეგმილია, რომ თითოეული მოსახლისთვის საბაზო სადაზღვევო პაკეტში სასწრაფოს გამოძახება ლიმიტირებული იყოს, რათა ასეთ შემთხვევებში აღარ მოხდეს მისი გამოძახება.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე საქართველოში რეალიზებადი მედიკამენტების უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამკურნალო საშუალებების ხარისხი სამედიცინო მომსახურების ხარისხის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

„ჩვენს მიდგომაში სამედიცინო მომსახურების ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. აქაც ჩვენ არაფერ ახლის გამოგონებას არ ვცდილობთ, უბრალოდ ვაპირებთ, უკვე არსებული, თანამედროვე, აპრობირებული მეთოდები გამოვიყენოთ. მაგალითად, ხშირად არის, რომ ადამიანი მიდის ლაბორატორიაში და ანალიზს არასოწრად აკეთებენ. ისევე როგორც ქირურგიულ ოპერაციას, როგორც ვაქცინაციას, მედიკამენტების ხარისხსაც თავისი მკაცრი წესები აქვს. ამის აუცილებელი ნაწილია (ისევე როგორც ლაბორატორიის ნაწილში) არა მხოლოდ ადგილობრივ ლაბორატორიაში შემოწმება, არამედ რეფერალურში, როგორიც მსოფლიოში რამდენიმე უმსხვილესი ლაბორატორიაა. მათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უგზავნიან მედიკამენტების სინჯებს. ამას თავისი მკაცრი პროტოკოლი აქვს და ეს წესები მკაცრად იქნება დაცული“, - ამბობს დავით სერგეენკო.