დიდი ახალშობილობა ქართულ პოლიტიკაში - რა გაირკვევა ივნისში?!

დიდი ახალშობილობა ქართულ პოლიტიკაში - რა გაირკვევა ივნისში?!

ივნისის თვე, როგორც ჩანს, ქართული სინამდვილისთვის პოლიტიკური ახალშობილობით გამორჩეული იქნება. უკვე გაცხადებულია, რომ 20 და 22 ივნისს პოლიტიკას ოფიციალურად მოევლინებიან პარტიები "სამართლიანობითვის" და "ტრიბუნა".

დიდი ალბათობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პარტიის შესახებაც ივნისში გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის. ამ ეტაპზე მისი ახალი პარტიის წევრების ვინაობა გასაიდუმლოებულია.

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის გარემოცვის წევრებიც არ გამორიცხავენ, რომ ვასაძემ ახალი პოლიტიკური პარტია შექმნას. რას მოიფიქრებს და გადაწყვეტს იგი, ამ ეტაპზე უცნობია. კულუარული ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკასი ვასაძეც მოდის და მოდის ახალი პარტიით.

"2020NEWS"-ის ინფორმაციით, მუშავდება კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პლატფორმა, რომლის შესახებაც საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს.

სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ 2020 წლის არჩევნები მოახლოვებასთან ერთად, პოლიტიკური დაბადება-გადაჯგუფება აქტიურ ფაზაში შედის.

"ჩვენ ვიქნებით ბევრნი“, - თქვა ეკა ბესელიამ, რომლის  პარტიის შემადგენლობაშიც იქნებიან ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე. დანარჩენი წევრების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. მათ შესახებ საზოგადოება 20 ივნისს შეიტყობს, როცა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება.

 "ახალი პარტიის კარი ღია იქნება ყველასთვის, ვინც 2012 წლამდე იბრძოდა სამართლიანობისთვის", - ამბობს ბესელია და სამომავლოდ, ფართო ტიპის კოალიციას არ გამორიცხავს.

"მორჩით ამ ცნობადი სახეების ძებნას. არ ვაგროვებთ ჩვენ ცნობად სახეებს. მათ უკვე ისეთი დიდი ცნობადობა აქვთ, რომ ჯობია, სადაც არიან, იქ დავტოვოთ. საქმეს ვინც აკეთებს, იმ ხალხს მოვაგროვებ მე. ეს არის ჩემი შეხედულება. ნუ დაიღლებით და ცნობად სახეებს ნუ მოძებნით ამ პარტიაში", “- "2020NEWS“-ს დავით ჭიჭინაძემ, რომლის "ტრიბუნაც" 22 ივნისს დაფუძნდება.

ჯერჯერობით ჩუმად არის ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის პარტიის შესახებაც მედია ჯერ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ ახალ პატრიას ქმნიდა და ახალ სახეებს აგროვებდა.

იყო მოლოდინი, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელმაც "ქართული ოცნება" ცოტა ხნის წინ დატოვა, ეკა ბესელიას გუნდში იქნებოდა, თუმცა ის პარტიას "სამართლიანობისთვის“ არ შეუერთდება. რატომ არ სურს ლევან გოგიჩაიშვილს ეკა ბესელიასთან გაერთიანება, ამ მიზეზებზე არ საუბრობს. ამ ეტაპზე ისიც უცნობია, შექმნიან თუ არა ლევან გოგიჩაიშვილი და მისი თანამოაზრეები - ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი ცალკე პოლიტიკურ პარტიას.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ დავით მაღრაძემ გააცოცხლა. ვატო შაქარიშვილი კი, საზოგადოებრივი მოძრაობის ფარგლებში ახალი სახის ძიებაშია.

რა ფორმატით იქნება "დაიცავი საქართველო" 2020 წლისთვის წარმოდგენილი, ეს ჯერ ფიქრის დონეზეა, თუმცა, როგორც შაქარიშვილი ამბობს, მოძრაობა ხელს შეუწყობს ყველა კეთილსინდისიერ ადამიანს, ვისაც პოლიტიკურ პროცესში უნდა ჩართვა.

პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს ეკონომიკის ყოფილი მიინსტრი გიორგი ქობულია. კულუარული ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი პარტიას ქმნის, სადაც გიორგი ქობულიაც მოიაზრება, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთი მხარისგან ამაზე კონკრეტული კომენტარი არ გაკეთებულა.

ერთი სიტყვით - დაიწყო! 2020 წელი არც ისე შორსაა. იწყება გადამწყვეტი ბრძოლა "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად.