უნდა ენდოს თუ არა ჩვენი მოსახლეობა საპენსიო ფონდს და ამით საკუთარი თავისთვის ღირსეული სიბერე უზრუნველყოს?!
წინასწარი პროგნოზით, 2030 წლისთვის პენსიონერთა ციფრი მილიონს გადააჭარბებს და, თუ ახლა პენსიონერთა რაოდენობა 700 ათასამდეა, აშკარაა, მილიონი პენსიონერისთვის შესაბამისი ანაზღაურების გაცემა მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფოს.
მოსახლეობის ეს დაუცველი ფენა მუდმივად საჭიროებს პენსიის ზრდას, რადგან დღეს არსებული საპენსიო ფორმა არ ასახავს პენსიონერთა განვლილ ცხოვრებას და ის არა საპენსიო, არამედ უფრო სოციალური შემწეობის სისტემაა. თუმცა რა მოხდება ხვალ, როცა პენსიონერთა რაოდენობა კოლოსალური იქნება? ჩვენმა სახელმწიფომ ასეთი ვითარებიდან გამოსავალი ნახა-დაგროვებითი პენსიის სახით, მაგრამ აქ ყველაფერი ნდობაზეა დამოკიდებული.
დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზევით-ნებაყოფლობითი.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ენდობა საპენსიო ფონდს და აცხადებს, რომ დაგროვებითი პენსიის სისტემას ალტერნატივა არ აქვს. რაც ადრე მოხდება, მით უკეთესი, რადგან უფრო მეტ თაობას შეექმნება პერსპექტივა, რომ მათი სიბერე უზრუნველყოფილ იქნება. ანალიტიკოსი წარსულის გამოცდილებასაც იხსენებს, როცა ჩვენი სახელმწიფო იმდენად არასტაბილური იყო, რომ დაგროვებითი პენსიის სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდა.
„შევარდნაძის დროსაც იყო ამის მცდელობა, იმ პერიოდში სოციალური გადასახადი შემოიღეს, რომ ამით პენსიები დაფინანსებულიყო. ეს იყო წინარე ნაბიჯი და ამას უნდა მოჰყოლოდა დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, რადგან ძალიან სუსტი სახელმწიფო გვქონდა, კორუფცია ჭამდა და ხრავდა ყველაფერს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება მაშინდელი და ახლანდელი საქართველო. სხვათა შორის, სააკაშვილსაც შეეძლო ეს გაეკეთებინა, რადგან სტაბილიზაციას მან ასე თუ ისე მიაღწია, მაგრამ სააკაშვილმა არ ისურვა ამის გაკეთება ვითომცდა ფსევდოლიბერალური ეკონომიკის გამო. ამით დრო გაიფლანგა და დაიკარგა. ახლა რაც გვაქვს, ამას პენსიაც არ ჰქვია, ეს არის სოციალური დახმარება მოხუცებულობის გამო. ამით ვერ იცხოვრებ, ძალიან ბევრი ადამიანი პენსიის გარდა არანაირ სხვა შემოსავალს არ ფლობს და მძიმე დღეშია“, -აცხადებს დავით ზარდიაშვილი და პირად გამოცდილებაზეც საუბრობს.
ანალიტიკოსის თქმით, მისი რამდენიმე თვის ანაზღაურება დაიქვითა და წავიდა ახლანდელ საპენსიო ფონდში, რადგან მას განცხადება არ დაუწერია ამ ფონდიდან გასვლის შესახებ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ საპენსიო ფონდს ახალგაზრდებისთვის გაცილებით მეტი ეფექტი ექნება და ეს ფონდი საიმედოა, რადგან მის უკან დგას სახელმწიფო. ამდენად, თუ სახელმწიფოს ენდობი, მაშინ საპენსიო ფონდსაც უნდა ენდო, ხოლო, თუ სახელმწიფოს არ ენდობი, არც სიბერე გაქვს გარანტირებული და არც ახალგაზრდობა.
ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ამბობს, რომ პირადად იგი მთავრობას ენდობა და მთავრობა საკუთარ ხალხს არავის მოატყუებინებს.
„მთავრობას თუ არ ვენდობით, აბა, ვის უნდა ვენდოთ? მაგას როგორ გაუკეთებენ ჩვენს ხალხს, რომ რომელიღაც ფონდს ადამიანები მოატყუებინონ?! როცა ასეთი საქმის ხელმძღვანელად ნიშნავ ადამიანს, ის უნდა იყოს ძალიან გულისხმიერი და ხალხის ნდობას იმსახურებდეს“, - აღნიშნა ჯემალ ჭკუასელმა.
„აფბა“-ს პრეზიდენტი შოთა გულბანი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ცალკეული ადამიანები არ ენდობიან საპენსიო ფონდს და 40 წლის ზემოთ ამ ფონდის მომსახურებას სასარგებლოდ არ მიიჩნევენ, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა და ის პერიოდი არ არის, როცა გაუფასურდა საბჭოთა ანაბრები.
„პირდაპირ ვეუბნები ამ ადამიანებს, დღეს სხვა რეალობაა, დღეს ინსტიტუციები მუშაობენ, დღეს ევროკავშირის წევრობამდე ცოტაღა გვაკლია, სულ სხვა მაკროეკონომიკური მოცემულობაა. შედარებაც არ შეიძლება იმ საქართველოსი და ამ საქართველოსი, იმ ეკონომიკის და ამ ეკონომიკის. ჩემი მოსაზრებით, ეს რისკი მომავალში ძალზე მინიმალიზირებულია. საპენსიო ფონდის მიმართ უნდობლობა მეტწილად შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ გარემოებასთან, რომ ადამიანების ეს კატეგორია იმ პერიოდშია დაბადებული, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რთული პერიოდის მომსწრენი გახდნენ, მოხდა ჰიპერინფლაცია, გაუფასურდა საბჭოთა ანაბრები, შესაბამისად, მათ მიერ დაგროვილი დანაზოგები აორთქლდა, დაიკარგა. მათ ახლაც ჰგონიათ, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს და რისკები არსებობს, მაგრამ ახლა სულ სხვა დროა. საპენსიო ფონდში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, -აცხადებს შოთა გულბანი და კონკრეტულ პრიორიტეტებზეც ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, ამ სქემაში მონაწილეობით ჩვენ უკეთეს სოციალურ სისტემას მივიღებთ, ამით ადამიანებს შეეძლებათ ფინანსურად ღირსეული სიბერე უზრუნველყონ და რა კონტრიბუციაც შეიტანეს ეკონომიკაში, საპენსიო ასაკში გასვლისას იმის საზღაური ადეკვატურად მიიღონ, არ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ საბაზისო პენსიაზე, რაც სამართლიანობისგან შორსაა. თუკი ადამიანმა ჩვენი ეკონომიკის მშენებლობაში დიდი ღვაწლი გაიღო, შესაბამისად, მან დამსახურებულად უნდა მიიღოს პენსია. სწორედ საპენსიო ფონდი გვაძლევს ამის შესაძლებლობას და ის სტიმულია საინვესტიციო თვალსაზრისითაც. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ 20 ლარის ინვესტირებით მომენტალურად ადამიანი მიიღებს 60 ლარის უკუგებას. ანალოგიური საფინანსო შესაძლებლობა ინვესტირების თვალსაზრისით არც ერთ საფინანსო კომპანიას არ აქვს საქართველოში.
„ყურადღსაღებია ისიც, რომ სახელმწიფო მხოლოდ საბაზისო პენსიაზე დამოკიდებული ვერ იქნება, რადგან მომავალში პროგნოზირებულია, რომ გაიზრდება ფისკალური წნეხი, გაიზრდება პენსიონერთა რაოდენობა და ათი წლის განმავლობაში მილიონს მიაღწევს. შესაბამისად, გაიზრდება ბიუჯეტიდან საპენსიო გასაცემლების ზრდის აუცილებლობაც. დიდი წნეხის წინაშე დგება სახელმწიფო, თუ არ მოხდა პერიოდულად ჩანაცვლება დაგროვებითი საპენსიო სისტემით. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ ჩვენ გავზრდით პენსიონერებზე გასაცემ თანხებს, ამით შემცირდება საყოველთაო ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, თავდაცვა, ანუ ბევრ სხვა რამეს მოაკლდება თანხები. ხომ იცით, ბიუჯეტიდან თუნდაც განათლებისთვის დახარჯული ერთი დოლარიც კი აკლდება, სიტყვაზე, თავდაცვის სფეროს. მოგეხსენებათ, ჩვენ შეზღუდულები ვართ ბიუჯეტში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ეს არის ეკონომიკური ზრდა. სხვადასხვა ეკონომიკური გათვლებით, ნავარაუდევია, რომ ამით დაახლოებით 3-4%-ით შევუწყობთ ეკონომიკურ ზრდას ხელს, რადგან ამ რეფორმის წყალობით ხელი შეეწყობა კაპიტალის ბაზრის განვითარებას. სწორედ კაპიტალის ბაზრის გავლით შიდა საინვესტიციო რესურსი მობილიზდება და რამოდენიმე წელიწადში უკვე მილიარდები იქნება, რაც გამოყენებულ იქნება საქართველოს ეკონომიკაში. საქართველოს ეკონომიკაში ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრებზე ინვესტირების და წარმატებული ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდების შესყიდვის და სხვებისთვის სტიმულის მიცემის გზით, რომ სხვებმაც, სხვა ქართულმა კომპანიებმაც აქტიურად დაიწყონ ფასიანი ქაღალდების გამოშვება და ამაში იყოს ინვესტირებული ეს თანხები. ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას“.
ამასთან, შოთა გულბანი აცხადებს, რომ პირადად იგი ახალგაზრდაა და ამიტომ საპენსიო ფონდის იმ სავალდებულო სისტემაშია ჩართული, რომელიც 40 წლამდე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მისი თქმით, ზოგადად, ადამიანის ფსიქოლოგიაა ასეთი, რომ ის მიდრეკილია მოკლევადიანი დანაზოგის გაკეთებაზე. ახალგაზრდისთვის ცოტა რთულია, წარმოიდგინოს თავისი სიბერე და ამ სიბერისთვის ახლავე დაიწყოს ზრუნვა. ევროპული ცნობიერება სჭირდება ამას, რომ ენდო დაგროვებით საპენსიო სისტემას.
შოთა გულბანის თქმით, კარგია, რომ ეს რეფორმა ამჯერად მთავრობისაა და მასშტაბურად მოიცავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას. ასე რომ არ ყოფილიყო და 40 წლამდე ასაკის დასაქმებული პირებისთვის საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო არ გამხდარიყო, ეს რეფორმა უბრალოდ ვერ განხორციელდებოდა, ვერ შეგროვდებოდა ამხელა თანხები და ეს თანხები ვერ მოხმარდებოდა ეკონომიკის განვითარებასა და შემდგომში უკვე მოსახლეობის პენსიების უზრუნველყოფას.