წვრილმან დარღვევებს პოლიციის „მასშტაბური“ ოპერაცია მოჰყვება

წვრილმან დარღვევებს პოლიციის „მასშტაბური“ ოპერაცია მოჰყვება

ყველა წვრილმან დარღვევაზე საქმეში პოლიცია ჩაერთვება და „დამნაშავეს“ პოლიციის განყოფილებაში მიუჩენენ ადგილს. ძნელი გამოსაცნობი არ არის ეს ყველაფერი რისთვისაც კეთდება. ჯარიმების მეშვეობით საზოგადოებაზე სასურველი ფსიქოლოგიური ზეწოლა ვერ მოახდინეს და ახლა უძლეველი პოლიცია მოიშველიეს.

თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო დაკავებისთვის პიროვნება, შესაძლოა, პოლიციაში მოხვდეს.  ამასთან დაკავშირებით ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

 

მოქმედ კანონში, არსებობს რეგულაცია სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან სარგებლობისთვის. თუმცა, კანონპროექტით, განსაკუთრებული რეგულაცია წესდება თბილისის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან სარგებლობისთვის.

 

ჯარიმა ორივე შემთხვევაში 2 000 ლარია, გამეორების შემთხვევაში კი - 3 500 ლარი.

რაც შეეხება განსხვავებას, თუ თბილისის მიწის უკანონოდ მოსარგებლის ან დამკავებლის ვინაობა ვერ დადგინდა, ის შეიძლება პოლიციაში გადაიყვანონ. რეგიონებში კი პირის პოლიციაში გადაყვანის უფლება არ არსებობს.

ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს, ვისაც თბილისის გარეუბნებში მცირე ნაკვეთები შემოღობილი აქვს და იქ მცირე ბოსტანი აქვს გაშენებული, ყველა მათგანს ჯარიმას მიაკერებენ; ხოლო თუკი მავანს ხელი წაუცდა და შემოღობილში პატარა ფიცრული ჩადგა - პოლიციის გზას გაუყენებენ.

 

თუმცა, ეს კიდევ რაა იმასთან შედარებით, რაც მწვანე ნარგავების დამზიანებელს მოელის. რომელიმე უსახური ბუჩქის ან გაზონის ხელყოფის შეთხვევაში, „დამნაშავეს“ ჯარიმა ჯარიმად შერჩება და, შესაძლოა, პოლიციის გაყოფილებაში გასეირნებასაც გამოკრას ხელი.

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის განსაკუთრებული რეგულაციების შემოღება და ამ პროცესში პოლიციის ჩართვა იგეგმება. ცვლილებები უკვე მომზადებულია და მისი განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება.

 

ამჟამად მოქმედი ნორმით, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური მოჭრა, ან გამწვანებისათვის გამოყოფილი ზოლის დაზიანება, 500 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი 1 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტით კი, თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებურად გაჩეხვა ან/და გადატანა, ასევე მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა, გამოიწვევს იგივე ჯარიმას, თუმცა სასჯელის ფორმად სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციაც ემატება.

 

რაც შეეხება პოლიციის ჩართვას, კანონპროექტით, თუ სამართალდამრღვევი პირი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილება და მწვანე ნარგავის განადგურებას განაგრძობს, ასევე, თუ პასპორტს არ წარმოადგენს, საკითხში უკვე პოლიცია ჩაერთვება. „დამნაშავეს“ პოლიციაში გადაიყვანენ და იქ კი ლმობიერების იმედი უკვე ნურავის ექნება.