"რუსეთმა დაინახა ნაპრალი და დაიწყო მისი გაფართოება"

"რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან მიზანმიმარულად ხდება სიტუაციის დაძაბვა. რუსეთმა დაინახა, რომ ახლა აქ არის ნაპრალი და დაიწყო ამ ნაპრალის გაფართოება" - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": ოპიზიცია დარწმუნებულია, რომ 9 ივნისს შუალედური არჩევნების მეორე ტურში მათი კანდიდატი გაიმარჯვებს, ამავე სულისკვეთებით არის ხელისუფლებაც. თქვენ რა პროგნოზს გააკეთებდით?

პ.ზ: ყველაზე უცნაცური ის არის, რომ საერთოდ არ იგრძნობა მეორე ტურისთვის მზადება არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მხრიდან. იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირება მოხდეს 9 ივნისის მეორე ტურზე, დიდ დროს უთმობენ ისეთ საკითხებს, რომელიც ნამდვილად ყურადსაღები არ არის.

უცხო ქვეყნის მოქალაქის მომავალზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე საქართველოზე, ეს არის ცოტა უცნაური. არადა, ოპოზიცია გამალებული უნდა მუშაობდეს ამომრჩეველთან, რათა მისი კანდიდატის უპირატესობაში დაარწმუნოს.

ხელისუფლებას კი რა თქმა უნდა აწყობს ოპოზიციის პასიურობა, ოპოზიცია კი ამაში მიჰყვება.

რაც შეეხება გამარჯვების შანსებს, ორივე კანდიდატს თანაბარი შანსები აქვს, მაგრამ თუ არჩევნებზე ცოტა ხალხი მივა, სახელისუფლებო კანდიდატისთვის მომგებიანი იქნება.

თუ ამომრჩევლის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა შავგულიძეს გამარჯვების მეტი შანსი აქვს, რაც მთლიანობაში ოპოზიციისთვის კარგია და შექმნის პრეცენდენტს, რომ ხელისუფლება დამარცხდა.

ხელისუფლებას არ აწყობს შავგულიძე პარლამენტში, რადგან იგი მართლაც პროცფესიონალია და საპარლამენტო მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

"": ოპოზიცია, სამომავალო გეგმების გაცხადებაშიც პასიურობს...

პ.ზ: ვიდრე არ დასრულდება შუალედური არჩევნები და შედეგი არ დადგება, ძნელია სამომავალო გეგმებზე საუბარი. მესმის, რომ შეიძლება მზად არ არიან გააცხადონ თავიანთი სტრატეგიული გეგმები, ალბათ უფრო მეორე ტურის შედეგს დაელოდებიან.

"": ექსპერტთა გარკვეულ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ დიდი ალბათობით, ოპოზიციის სამომავალო გეგმები უკრაინაში სააკაშვილის პერსპექტივას უკავშირდება.

პ.ზ: სამეფო ოჯახის წევრებზე კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ არა მგონია, რომ სააკაშვილს რაიმე პერეპსტქტივა ჰქონდეს უკრაინაში. იგივე შემიძლია ვთქვა საქართველოშიც მის პერსპექტივაზე. ზოგადად, საზოგადოება ზედმეტ ყურადღებას ვუთმობთ სააკაშვილს და მის მომავალს.

"": დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით არის მოსაზრება, რომ სიტუაციის დაძაბვა მიზანმიმართულად ხდება და გარკვეული ძალები ამღვრევენ წყალს.

პ.ზ: რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად ხდება რუსეთის მხრიდან. რუსეთს არ მოუგონია დავით გარეჯის პრობლემა. წლებია ეს საკითხი ორ ქვეანას შორის მოუგვარებულია. რუსეთმა დაინახა ეს ნაპრალი, გაუხარდა, გამოიყენა და დაწიყო ამ ნაპრალის გაფართოება. ისე, როგორც დაინახა ნაპრალი სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში და დაიწყო მისი გაფართოება.