მინისტრებს ექსპერტები აფასებენ

მინისტრებს ექსპერტები აფასებენ

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია დავით ნარმანიას კანდიდატურა; ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე - გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრის პოზიციაზ - ნოდარ ხადური; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე - დავით დარახველიძე; ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე - კახა კალაძე, რომელიც მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად იყო დასახელებული; ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კახი კალაძე ამავე დროს ვიცე-პრემიერიც იქნება. განათლების მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი მარგველაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრად - ხათუნა გოგოლაძე, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე კი - დავით სერგიენკო, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა.

ივანიშვილის თქმით, სამომავლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაიშლება, ინფრასტრუქტურა შეურთდება ეკონომიკის სამინისტროს, ჩამოყალიბდება რეგიონული განვითარების სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება და რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატი დავით ნარმანია ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდება.

ყველაზე საინტერესო წარმოდგენილ კანდიდატებს შორის კახი კალაძეა, რომელიც ჯერ ინფრაქსტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრად იყო დასახელებული. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე შევარდნაძის მთავრობის ენერგეტიკის მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი განიხილებოდა. თავად ნიკოლაიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ მასთან ამ თემაზე კონსულტაციები მართლაც მიმდინარეობდა, მაგრამ დღეს ცნობილი ხდება, რომ ამ თანამდებობას კახი კალაძე დაიკავებს.

როგორ აფასებენ მინისტრობის წარმოდგენილ კანდიდატებს ექსპერტები, რას უკავშირდება კახი კალაძის ინფრასტრუქტურის მინისტრობიდან ენერგეტიკის მინისტრად გადანაცვლება და რამდენად შეძლებს იგი ამ ურთულესი და სტრატეგიული სფეროს გაძღოლას, ამასთან დაკავშირებით for.ge რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ახლ კადიდატურებთან დაკავშირებით არც უსაფუძვლო კრიტიკა ვარგა და არც დითირამბების ფრქვევა. მისი თქმით, ადამიანები შეიცნობიან არა პერსონალური დახასიათებიდან, არამედ მათი გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე. ამიტომ ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებს რაღაც პერიოდი უნდა ვაცადოთ, რათა ასე ვთქვათ, რენტგენის სხივის ქვეშ გავატაროთ. ზოგადად გია ხუხაშვილი წარმოდგენილ პირებს დადებითად აფასებს.

„შესაძლოა შერჩევის კრიტერიუმები ოდნავ განსხვავებულია. ერთ შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭა პოლიტიკურ კაპიტალს, მეორე შემთხვევაში - პროფესიონალიზმს, და ა.შ. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ამა თუ იმ პერსონასთან დაკავშირებით საბოლოო მსჯელობა უფრო მოგვიანებით იქნება შესაძლებელი“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

მას არ გაკვირვებია ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატად კახი კალაძის დასახელება, რადგან როგორც ამბობს, იცის მისი პოტენციალი. ექსპერტის აზრით, ამ დანიშვნით ხაზი გაესვა საქართველოსთვის ენერგეტიკის უდიდეს მნიშვნელობას, რადგან ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, ენერგეტიკა არის პრიორიტეტი როგორც გლობალური, ასევე ლოკალური გაგებით. ამასთანავე, მინისტრის პოსტის ვიცე-პრემიერის თანამდებობასთან შეთავსება გია ხუხაშვილის აზრით, ამ სამინისტროს და კალაძის, როგორც პოლიტიკური ფიგურის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

„რაც შეეხება ამ თანადებობაზე კახის შერჩევას, შეიძლება ამ დარგში მის პროფესიონალიზმზე ვიდავოდ, მაგრამ ვერ ვიდავებთ მის ნიჭიერებაზე. იგი ზოგადად წარმატებული ადამიანია და რაც მთავარია, ამ პროცესში კახიმ ძალიან კარგი მენეჯერული თვისებები გამოავლინა. საერთოდ, მოგეხსენებათ, მინისტრის პოსტი პოლიტიკური თანამდებობაა. გარდა ამისა, მინისტრი კარგი მენეჯერი უნდა იყოს და პროფესიონალების კარგი გუნდის ჩამოყალიბება უნდა შეძლოს. გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, მას კონკრეტულ დეტალებში კომპეტენცია არ მოეთხოვება. მან უნდა მოახერხოს, რომ კომპეტენტური გუნდი ჰყავდეს, რომლის დახმარებითაც ამ ამოცანას გაართმევს თავს. კახის ყველა ეს თვისება მოჭარბებულად აქვს. რაც შეეხება მის პირად კომპეტენციას, სულ მოკლე ხანში თქვენ ნახავთ, რომ სხვა ენერგეტიკის მინისტრებზე მეტი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ნაკლებიც არ ეცოდინება მაკროხედვით ამ დარგში“, - ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ძალიან მოისაკლისა ამირან გამყრელიძე, რომელიც მისი აზრით, ამ თანამდებობაზე ბევრად უფრო წონადი ფიგურა იყო, ვიდრე განვლილი 9 წლის განმავლობაში ამ პოსტზე მომუშავე „დუჟინა“ მინისტრები ერთად აღებული. ამასთანავე, ექსპერტი ამბობს, რომ მისთვის მაინცდამაინც დამაჯერებელი არ აღმოჩნდა ის არგუმენტი, თუ რის გამო შეიცვალა მინისტრობის კანდიდატი, რომელიც რამდენიმე დღე პრაქტიკულად უკვე მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

„როცა საუბარია რაიმე ინტერესთა კონფლიქტზე, უნდა გავცნობიეროთ, რომ ასეთი კონფლიქტი თავად ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელ კონფიგურაციაში ძევს, როდესაც ჯანმრთელობის დაცვა ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა არ არის, როდესაც პაციენტი და ექიმი აღარ არიან მთავარი ღირებულება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ დარგს განკარგავენ, როდესაც ამ ადამიანების მიმართ ხელისუფლების ინტერესი პენსიონერების პრობლემების გადაჭრას და სადაზღვევო კომპანიების უუფლებობის პირობებშიც სადაზღვევო პროცესის მიმართ ვალდებულებებს გულისხმობს. რასაკვირველია, შრომა და სოციალური საკითხები ცალკე უნდა იყოს გატანილი, პენსიების კუთხით ფინანსთა სამინისტროსკენ, დანარჩენი ეკონომიკის სამინისტროსკენ და ჯანდაცვის სამინისტროს საშუალება უნდა მიეცეს, რომ ფიქრობდეს მედიცინის აღორძინებაზე, რაც უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში ძალიან დავაკნინეთ. დამერწმუნეთ, განვითარებული მედიცინის გარეშე ვერანაირი ჯანმრთელობის დაცვა ვერ მოხერხდება.

ნაცვლად იმისა, რომ აღგვედგინა ის სერიოზული პოტენციალი, რომელიც საბჭოთა კავშირის მასშტაბებშიც კი აღიარებული იყო, როგორც წარმატებული, ჩვენ დავიწყეთ ფიქრი საზღვარგარეთიდან ექიმების ჩამოყვანაზე, პაციენტების საზღვარგარეთ გადაყვანაზე და ა.შ.“, - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, ვიდრე ასეთი ინტერესთა კონფლიქტი არსებობს თავად სამინისტროს სტრუქტურაში, ადვილი არ იქნება, რომ პაციენტი და ექიმი ამ დარგის მესვეურების ძირითად ღირებულებად და საფიქრალად იქცნენ. სოსო ცისკარიშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრს წინასწარ თანაუგრძნობს, ვინაიდან მას მოუწევს ისეთი საქმეებით დაკავება, რომლებიც ადრე მის ფუნქციებში არ შედიოდა. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობა იმდენად მაღალია, რომ მის მიერ შერჩეული კადრი ამ თანამდებობაზე თავის წარმდგენის შემარცხვენელი არ იქნება.

სოსო ცისკარიშვილი სათითაოდ ახასიათებს წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს. მისი თქმით, სწორედ დევნილი თუ გაიგებს ყველაზე უკედ დევნილთა პრობლემებს და ასეთი სტატუსის მქონე მინისტრი (დავით დარახველიძე) შეუდარებლად უფრო ღირებული იქნება, ვიდრე მის წინამორბედი, მერიის ფავორიტი ჩინოვნიკი. ექსპერტი ამბობს, რომ გარემოს დაცვის სფეროს სპეციალისტები, რომლებიც მას საიმედოდ მიაჩნია, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატ ხათუნა გოგოლაძეს დადებითად ახასიათებენ, თუმცა სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ქალბატონს (რომელიც ამ დარგის პროფესიონალია) უნდა ჰყავდეს მკაცრი მოადგილე, რომელიც შეძლებს იმ რთული სიტუაციის მოწესრიგებას, რაც მათ სამინისტროში დახვდებათ.

„შეიძლება ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის უცნობია ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, თუმცა მე მქონდა საშუალება უკანასკნელი 15-17 წლის განმავლობაში თვალი მედევნებინა მისი პროფესიული ზრდისთვის. ეს ადამიანი წარმატებული იყო საბანკო სფეროში მოღვაწეობის პერიოდშიც, რადგან ბანკი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა ყველაზე ნაკლებად დაზარალდა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისით, რაც მთელმა მსოფლიომ გადაიტანა. გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილებაც აქვს და, ბოლოს და ბოლოს, ოთხი შვილის მამა, რასაკვირველია, სანდოობის მაღალ ხარისხს იმსახურებს. ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ, რომ თავისი წინამორბედისგან განსხვავებით იგი საქართველოს მოევლინება ისე, როგორც დანგრეულ გერმანიას ერჰარდი მოევლინა“, - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

რაც შეეხება კახი კალაძეს, ექსპერტი ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ჯობდა, ენერგეტიკის მინისტრს შესაბამისი განათლება, ან ამ სფეროში მუშაობის შესაბამისი გამოცდილება ჰქონოდა, მაგრამ დღეს ჩვენი ცხოვრება ისეთია, რომ განათლებული, ენერგიული მინისტრი აღარ არის წარმატებული ენერგეტიკის მინისტრობის მაგალითი. ამის საილუსტრაციოდ სოსო ცისკარიშვილი იხსენებს დავით მირცხულავას მინისტრობის პერიოდს, როცა მიუხედავად მინისტრის პიროვნული ღირსებებისა, ენერგეტიკის სფეროში რაიმე წარმატებების მიღწევა ვერ მოხერხდა. ექსპერტი ამბობს, რომ ენერგეტიკა მთელი ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენია და ამიტომ ამ დარგის განვითარება მხოლოდ ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ იქნება, რაოდენ კომპეტენტურიც არ უნდა იყოს იგი. ვინაიდან კახი კალაძეზე ითქვა, რომ იგი სფეროს შეისწავლის, სოსო ცისკარიშვილისთვის ეს განცხადება სანდოა იქიდან გამომდინარე, რომ კალაძე მიზანსწრაფული პიროვნებაა, დასახული მიზნის მიღწევა მისთვის სიახლე არ არის, მით უმეტეს, როდესაც გარემო მის მიმართ არის კეთილგანწყობილი და არა ჩასაფრებული.

„რასაკვირველია, დარგის განვითარების პერსპექტივებზე პროფესიონალები იმსჯელებენ, მეცნიერები, ექსპერტები, მაგრამ ამ წარმატების ორგანიზება დიდად იქნება დამოკიდებული ისეთ ენერგიულ და სიკეთის მქმნელ პიროვნებაზე, როგორიც კახი კალაძეა.

ჩემში დიდი სიმშვიდე გამოიწვია ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ბატონი ნოდარ ხადურის კანდიდატურამ. ალბათ ეს თანამდებობა დასაკოპლექტებლად უფრო პრობლემური აღმოჩნდა, რადგან მის შემთხვევაში ეკონომიკის მინისტრობის ალტერნატივაც არსებობდა. ვინაიდან იგი შეელია ძალიან კომფორტულ და საპატიო თანამდებობას პარლამენტში, ეს მისთვის ქვეყნის ინტერესების პრიორიტეტულობაზე მიანიშნებს. იგი უმაღლესი კლასის ეკონომისტია, შესაშური მოქალაქეობრივი ღირსებებით შემკული და დარწმუნებული ვარ მისი წინამორბედივით არ დაიწყებს ბიუჯეტის დაზარალებას კერძო სატელევიზიო კომპანიების გულის მოსაგებად და კერძო ბიზნესმენების გზიდან ასაცდენად“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

იგი ასევე დადებითად ახასიათებს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად დასახელებულ დავით ნარმანიას, რომელიც ექსპერტის თქმით, ძალიან დამსახურებული ეკონომისტია და მისი პიროვნული თავმდაბლობაც მას წაადგება, როგორც ნომინირებულ მინისტრს, ასევე როგორც მომავალ ფინანსთა მინისტრის მოადგილესაც.

დაბოლოს, სოსო ცისკარიშვილი ასევე დადებითად ახასიათებს განათლების მინისტრობის კანდიდატად დასახელებულ გოგი მარგველაშვილს.

„მე მივეკუთვნები მათ რიცხვს, ვისაც მისი ნდობა და პატივისცემა აქვს. ვუსურვებდი, რომ თავიდანვე საკუთარ სამიზნედ განიხილოს მისი სამინისტროს განმსაზღვრელი არა მხოლოდ პირველი სიტყვა (განათლება), არამედ მეორეც - მეცნიერება და რომ არ გაგრძელდეს მეცნიერების მეორეხარისხოვან პრობლემად წარმოდგენის არც თუ მისაბაძი ტრადიცია, რაც მის წინამორბედებს ახასიათებდა. განათლება მეცნიერების გარეშე არ ხდება, ცხადია მეცნიერებაც განათლების გარეშე წარუმატებელია და ჩემი თხოვნა იქნება, ამ დარგის მიმართ ყურადღება არ დაიშუროს“, - აღნიშნავს ცისკარიშვილი.

ექსპერტი კახა კახიშვილი წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით ამბობს, რომ კანდიდატების შეცვლა გარკვეული სიურპრიზი იყო. კახიშვილი ფიქრობს, რომ ჯობდა, თავიდანვე ერთიანი პროზიცია ყოფილიყო წარმოდგენილი. მისი თქმით, საბოლოოდ მთავრობის საქმიანობაზე პასუხისმგებელი მისი ხელმძღვანელი იქნება, მაგრამ ამ მინისტრებს ძალიან რთულ პერიოდში მოუწევთ მუშაობა. განსაკუთრებით რთული იქნება გარდამავალი პირველი 6-7 თვე, ვინაიდან ერთის მხრივ, ახალი მინისტრები მთლიანად ვერ შეცვლიან კადრებს, ხოლო მეორეს მხრივ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველა თანამდებობაზე პირები პოლიტიკური ნიშნით ინიშნებოდნენ.

„ბუნებრივია, არც ის არის მიზანშეწონილი, რომ მთლიანად სამინისტროს შემადგენლობა შეიცვალოს, მაგრამ იმდენად უნდა მართო სიტუაცია, რომ ვინმემ პრობლემა არ შეგიქმნას, მით უმეტეს, როდესაც არსებობს იმის წინაპირობა, რომ თავად სამინისტროში, შიგნიდან შეგიქმნან პრობლემები, რათა მთავრობის მუშაობა არაეფექტიანი გახადონ. ამიტომაც საჭირო იყო მინისტრებად თუ დარგის სპეციალისტის არა, მენეჯმენტის გამოცდილების მქონე ადამიანების დანიშვნა მაინც“, - ამბობს კახა კახიშვილი.

იგი წინააღმდეგია პოლიტიკური თანამდებობის პირების ტეენდენციის დამკვიდრებისა, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირები შეიძლება არსებობდნენ იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები მყარია. ჩვენ კი ის ფუფუნება არ გვაქვს, რომ შეიძლება ჩვენთანაც იყოს პოლიტიკური თანამდებობის პირი, ხოლო მისი ქვემდგომი ადამიანები პოლიტიკისგან სრულად თავისუფლები იყვნენ. კახიშვილის თქმით, ნებისმიერ დარგში უნდა იყოს ტენდენცია, რომ დარგის სპეციალისტს თუ კარგად იმუშავებს, ჰქონდეს შესაძლებლობა, გახდეს პირველი პირი.

„როდესაც პირველი პირი ვერ გახდები იმის გარეშე, თუ პოლიტიკიდან არ ხარ მოსული, ეს ნიშნავს იმას, რომ დარგში იძლევი სტიმულს, ვიღაცეები შენს პარტიასთან თუ არა, სხვა პარტიასთან მაინც იყვნენ რაღაც ურთიერთობაში, რათა იმ პარტიიდან მაინც მოვიდნენ პირველ პირად. შეიძლება პოლიციელი მთელი ცხოვრება კარგად მუშაობს, მაგრამ იცის, რომ ცხოვრებაში ვერასოდეს ვერც მინისტრი და ვერც მინისტრის მოადგილე გახდება, რადგან ეს თურმე პოლიტიკური თანამდებობაა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქვს, რომ სადმე პოლიტიკაში ცხვირი შეყოს, ან პირდაპირ, ღიად შევიდეს რომელიმე პარტიაში, ან რომელიმე პარტიასთან ფარულად ითანამშრომლოს, რათა თუკი ეს პარტია მოვა ხელისუფლებაში, იქიდან დაინიშნოს თანამდებობაზე. ასეთი მიდგომები ჩემთვის მიუღებელია, რადგან ეს ყოველთვის სახიფათო ტენდენციაა“, - ამბობს კახიშვილი.

დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით დარჩიაშვილმაც გააკეთა შეფასება.

"ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, თუ რას გააკეთებს ახალი მთავრობა. აქ გადამწყვეტი სიტყვა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. პირადი ემოციების დონეზე ვიტყოდი, რომ პირველი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს აღძრავს. ორიოდე დღის წინ მინისტრებად გაგვაცნეს სხვა სახეები, დღეს სხვას ვხედავთ. ამასთან, ივანიშვილმა მინისტრების დასახელებისას განაცხადა, რომ მათ გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ არიან ნიჭიერები, უნდა ვნახოთ როგორ ესმის ახალ კაბინეტს და მის ხელმძღვანელს ნიჭიერება მენეჯმენტში. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატი დავით დარახველიძე იმედია, იგივე კურსის განმხორცილებელი არ იქნება, რომელსაც ის ატარებდა თავის დროზე. დარახველიძე წინასაარჩევნოდ აკეთებდა განცხადებებს, რომ საქართველოში მომრავლდნენ ჩინელები, ზანგები, ახდენდა ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრედიტაციას, რაც არ შეიძლება", – განაცხადა დარჩიაშვილმა.