ფრაგმენტები მამა გაბრიელის ცხოვრებიდან

ფრაგმენტები მამა გაბრიელის ცხოვრებიდან

ერთხელ სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიამ, დედა ქეთევანმა, შესჩივლა, აღარ შემიძლია, ჯვარი უნდა მოვიხსნაო. ბერი შეყოვნდა, ჩვეულებისამებრ, ხატებისკენ მიბრუნდა, ხელაპყრობილმა ილოცა და თქვა: ”- მოთმინება იქონიე, დაო და დედაო, შენით ნუ მოიხსნი ჯვარს, ვინც მოგხსნის, პასუხს იგი აგებს. განა პატრიარქს არ უჭირს? შენ არ იცი, ”კათალიკოსის” ჯვარი რა მძიმეა, იგი ხომ ორ ჯვარს ატარებს - ერისას და ეკლესიისას, იმან რაღა ქნას? ბევრი განსაცდელი გელოდება, ღმერთი ღუმელში შეგაგდებს, რომ გამოგცადოს და განგწმინდოს.

მამა გაბრიელი ხშირად იმეორებდა - საქართველოს ეკლესიას მადლი არასოდეს გაშორდებაო. ერთხელ საერო მდგომარეობით შეწუხებულ ერთ მოძღვარს უიმედობა დაეუფლა. მწარე ფიქრებში ჩაფლული სამთავროს სავანეს მიადგა. გაბრიელ ბერმა მკაცრად ჩახედა თვალებში და მკვახედ უთხრა:

”როგორ გაიფიქრე! განა ზეცის დედოფალი თავის წილხვედრ ივერიას მიატოვებდა?” ამის გამგონე  მუხლმოდრეკილმა  მღვდელმა შენდობა ითხოვა და აღიარა:

მართლაც, სვეტიცხოვლის ტაძრიდან რომ გამოვდიოდი, დავიჩოქე და ღვთისმშობელს მივმართე: - ღვთისმშობელო! როგორ მიგიტოვებია საქართველო, ამ მიწაზე ერთი წმინდა ბერიც კი ვერ ვნახე-მეთქი.

- ძმაო, მე კი ნუ მთხოვ შენდობას, წადი და შენდობა ღვთისმშობელს სთხოვე! - დაუყვავა ბერმა, მოეფერა და გულში  ჩაიკრა მოძღვარი.

მამა გაბრიელთან ყველა ეძიებდა ნუგეშს. მასთან მიდიოდნენ ჭირისუფალნი და დედები, რომელნიც უსასოობას შეეპყრო. ერთი მათგანი იხსენებს, რომ როცა მათი ახლო ნათესავი გარდაიცვალა, ოჯახში ყველაფერი აირია. მისმა შვილმა ვერ გაუძლო ასეთ სტრესს და და დამამშვიდებელი წამლების სმას მოუხშირა. დედამ თავისი ხელით შეუძინა წამლები და მოსკოვში გაატანა. არავინ იცის, იქ რა მოხდა, ეს კია, ბიჭი გარდაიცვალა.

ამის მერე თავს იდანაშაულებდა, ჩემი ხელით მოვკალი შვილიო; მასაც მცხეთისკენ, გაბრიელ ბერის სავანისკენ  მიასწავლეს. სამთავროში ჩასული მოკრძალებით დაჯდა საყდართან და ქვითინი დაიწყო. ვერც კი გაიგო, ისე მიუახლოვდა მოთქმით უცნობი. ქალი ვერ წარმოიდგენდა, ვინმეს თუ შეეძლო ასე მოთქმა. გაიფიქრა, თვითონ უნუგეშომ სხვა როგორ ვანუგეშოო, მიუტრიალდა მტირალს და ბერულად მოსილი ჭარმაგი კაცი იხილა. ეს გაბრიელ ბერი იყო. მან პირდაპირ თვალებში ჩახედა ქალს და გულშეძრულმა უთხრა:

- განა ღვთისმშობელი დედა არ იყო?! მისი ერთადერთი ძე ჯვარს აცვეს, მაგრამ თავი არ მოუკლავს, უფლის ნებას მიენდო!

გაბრიელ ბერის სიტყვებმა ნუგეში და იმედი ჩაუსახა სასოწარკვეთილ დედას.

ერთ დღეს მამა გაბრიელი კელიიდან ჩამობრძანდა. ხელთ ღვინით სავსე ქილა ეჭირა; ეზოში გამოვიდა, ნება-ნება სვამდა, თან ქანაობდა. მერე თითქოს მარტო სმა მოსწყინდაო, თვალი ეზოს მოავლო და სამთავროში სალოცავად მისულ ერთ სტუმარს დაუძახა, დამილიეო. მას ფერი ეცვალა,  მაგრამ მაინც მოუჯდა ბერს გვერდით და სმა განაგრძეს. ღვინოს ტკბილი წვენის გემო ჰქონდა; ცოტა ხანში სტუმარმა თამაში დაიწყო, თითქოს შეთვრა ისიც. მამა გაბრიელს გაუხარდა, რომ გაუგეს.

ერთი უცნობი თვალს ადევნებდა მათ ქცევას. აშკარად ეტყობოდა, ლოთებად მიიჩნია. გაბრიელ ბერმა დაუძახა და დაგვილიეო - შესთავაზა. უცნობმა ჭიქა აიღო და გასინჯა, მაგრამ როცა ტკბილი წვენი იგემა, უხერხულობისგან გაწითლდა. გაბრიელ ბერმა მშვიდად მიუგო:

- განკითხვისთვის ხომ შეიძლება დაღუპულიყავი?! ყოველი ცოდვა ეპატიება ადამიანს სულიწმიდის გმობის გარდა, მაგრამ განკითხვის სიმძიმეს მაინც განგაცდევინებს ღმერთი, რათა შევიგრძნოთ ეს გარემოება.

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ჰყვებოდა:

"ერთი ძველი მეზღვაური გვეწვია ტაძარში და  მამა გაბრიელის შესახებ ასეთი რამ გვიამბო:

- იქნებოდა 1993 წელი. გერმანიაში ჩავედი მანქანის შესაძენად და საკმაოდ დამღლელი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, საქართველოს საზღვარი გადმოვლახე.  მცხეთაში რომ შემოვედი, დაბინდდა. უჟმური ამინდია, თოვლ-ჭყაპი.

მოულოდნელად ვხედავ, ვიღაც დგას გზის პირას, ჩაცმულობით გლახაკს წააგავს. გავცდი, არ გავუჩერე. ვფიქრობ ჩემთვის:”ჩასვი ახლა ამ ახალ მანქანაში ეს საცოდავი, აგიყროლებს მანქანას... არა, არ გავუჩერებ. მაგრამ 700-800 მეტრი რომ გავიარე, სინდისმა შემაწუხა  და უკან დავბრუნდი, ჩავისვი უცნობი.

ცოტა ხნის შემდეგ მანქანის სალონში ენით აუწერელი კეთილსურნელება დატრიალდა. ვფიქრობ:”საიდან მოდის ასეთი სურნელი?

- რაო, მოყვასო, აგიყროლე მანქანა? - ღიმილით მეკითხება უცნობი. მივხვდი, ყოველ ჩემს აზრს კითხულობს. ვგრძნობ, ეს კეთილსურნელებაც მისგან მოდის. შიში და გაოცება მიპყრობს ერთდროულად. სახელს ვეკითხები. ”- ბერი გაბრიელი ვარ,”- მპასუხობს ისიც. საუბარი გავაბით. დამშვიდობებისას მეუბნება, რომ არცთუ დიდი ხნის შემდეგ მე მის საფლავზე მივალ. რა მინდა მის საფლავზე, ან რა ვიცი, სად დაკრძალავენ?”- ვბუზღუნებ გულში.

გავიდა ორიოდე წელი. მე კვლავ გერმანიაში ვარ მანქანის ჩამოსაყვანად. გამომგზავრების წინ იქ მცხოვრებ ქართველებს ვეცნობი. მორწმუნეები აღმოჩნდნენ. მთხოვენ, რაკი საქართველოსკენ მივემგზავრები, მცხეთაში დედათა მონასტრისთვის შეწირული ხალიჩები და სხვა ნივთები ჩავიტანო.

- ნივთები კი მომაქვს, მაგრამ გულში ვდრტვინავ.

მცხეთაში რომ შემოვედი, უკვე დილის 4 საათი იყო. მონასტერს რომ მივუახლოვდი, ვხედავ, რკინის ჭიშკარი ჯაჭვითაა დაკეტილი და კლიტე ადევს. მშიერ-მწყურვალი, დაქანცული ვდგავარ დაკეტილ მონასტერთან დილის 4 საათზე. აქ რა მინდა? - ვფიქრობ გაღიზიანებული. მთელი ძალით ვიწყებ რკინის კარზე რახუნს. მონასტრიდან გამოდის ერთი კაფანდარა მონაზონი. ”გერმანიიდან თქვენთვის რაღაცები გამომატანეს,”- მოვუჭერი მოკლედ, ვიდრე რაიმეს მკითხავდა.

ეძახის სხვა მონაზვნებს, მიაქვთ ნივთები, მას კი მონასტრის ეზოში შევყავარ. ბინდბუნდში წესიერად ვერ ვარჩევ, სად ვარ. მაგრამ აი, მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ საფლავებს შორის მივდივარ. სად მივყავარ? მონაზონი ცდილობს, მადლიერება გამოხატოს, მლოცავს და მეუბნება: -”მე თქვენ ისეთ რამეს მოგცემთ, ნამდვილად გაგიხარდებათ, ოჯახში წაიღეთ. იხრება ერთ-ერთ საფლავზე და ანთებული კანდელიდან პატარა შუშის ჭურჭელში ზეთს მისხამს. საცაა ავფეთქდები, მონაზონი კი, თითქოს აქ არაფერიაო,  მეუბნება:

- ეს ზეთი უბრალო არ გეგონოს, მამა გაბრიელის საფლავიდან გაძლევ.

მამა გაბრიელის ხსენებაზე ჩემი რისხვა განცვიფრებამ შეცვალა. ეს ის მამა გაბრიელი ხომ არ არის, მე რომ გავიცანი, დარწმუნებით რომ მეუბნებოდა, ჩემს საფლავზე მოხვალო... ღმერთო ჩემო, ვინ ყოფილა ეს ადამიანი?”მონაზონმა დამიდასტურა, რომ ეს სწორედ გაბრიელ ბერის საფლავი იყო. მის ხსოვნას დღემდე სათუთად ვინახავო,”- დაასრულა თავისი მონათხრობი მეზღვაურმა".