მხოლოდ გვარამიას ეჭვი საკმარისი არ არის, - ხმალაძე „რუსთავი 2“-ის მოთხოვნაზე

მხოლოდ გვარამიას ეჭვი საკმარისი არ არის, - ხმალაძე „რუსთავი 2“-ის მოთხოვნაზე

„მხოლოდ ეჭვი, რომ მოსამართლე მოიქცა ასე უწესოდ იმიტომ, რომ ის საქართველოს სახელით არჩეული მოსამართლეა, ეს საკმარისი არ არის“, - ასე აფასებს იურისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან“ საუბრისას „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის ნიკა გვარამის მიერ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სახელით არჩეული მოსამართლის, ლადო ჭანტურიას აცილების მოთხოვნას.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აცილებას უცხადებს საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას. ტელეკომანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ჭანტურია იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე. მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის წარმმადგენლებს ევროპის სასამართლოს მოსამართლეების კომპეტენციასა და მიუკერძოებლობაში ეჭვი არ ეპარებათ, თუმცა ეჭვები აქვთ საქართველოს წარმომადგენლის მიუკერძოებლობაში და ამიტომ ითხოვენ მის აცილებას.

„ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე.

„მიმდინარეობს ორკესტრირებული დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალების. ეს სარჩელიც, რომელიც შესულია სასამათრლოში, ემსახურება სწორედ ამ მიზანს და არის ამ სქემის ნაწილი, სქემის, რომელიც ლაგდება სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის თანამონაწილეობით.

„რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლებიდან გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც ლადო ჭანტურიამ მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს, შედგა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროექტის განხილვა სტრასბურგის სასამათრლოს კოლეგიის მიერ. პროექტი იქნა დაწუნებული და მიუბრუნდა უკან მომხსენებელს გარკვეული შენიშვნებით. ეს არის ცნობილი ჩვენთვის იუსტიციის სამინისტროში არსებული წყაროების მხრიდან.

„ეს არის სასამართლო ეთიკის უხეში დარღვევა, რაც წარმოადგენს სტრასბურგის განწესების უხეშ დარღვევას. ამ საფუძვლით ჩვენ აცილებას ვუცხადებთ ლადო ჭანტურიას და მიგვაჩნია, რომ მისი თანამოანაწილეობით ეს საქმე არ უნდა გადაწყდეს. თუ მოიხსნება დროებითი ღონისძიება, დაიხურება არა მარტო „რუსთავი 2“, არამედ დაიხურება ქვეყანა სახელწოდებით - საქართველო“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

ამ განცხადებას ეხმაურება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. მისი თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება, არის მძიმე ბრალდება და სტრასბურგის სასამართლოს შეურაცყოფა.

„ალბათ წარმოსადგენია, რა მძიმე მდგომარეობაშია ბატონი გვარამია ჩავარდნილი, რადგან ასეთი ბრალდებების იმედად დარჩა.  რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, რომელიც საქართველოს მთავრობას წარმოადგენს სტრასბურგის სასამათრლოში, ის მოპასუხეა და ჩვენ მშვიდად ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილებას და მივიღებთ და შევასრულებთ ნებსიმიერ გადაწყვტილებას, რასაც სტრასბურგის სასამათრლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიიღებს“, - აცხადებს გოჩა ლორთქიფანიძე.

იურისტ ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, ყველანაირი ზემოქმედება მოსამართლეზე შიდა სახელმწიფოებრივი კანონებით და საერთაშორისო სამართლით არის აკრძალული და არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. თუ მოსამართლე ინსტრუქციების შესაბამისად იმოქმედებს, ეს იქნება მოსამართლის მხრიდან უხეში დარღვევა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

„ყველანაირი ზემოქმედება მოსამართლეზე შიდა სახელმწიფოებრივი კანონებით და საერთაშორის სამართლით აკრძალულია და არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. თუ მსგავსი რამ დადასტურდა, ეს იქნება უხეში დარღვევა და მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვტის საფუძველი. ამიტომ, ასეთ ბრალდებას უნდა ჰქონდს საფუძველი, მხოლოდ ეჭვი იმისა, რომ მოსამართლე მოიქცა ასე უწესოდ იმიტომ, რომ ის საქართველოს სახელით არჩეული მოსამართლეა, ეს საკმარისი არ არის, რადგან ყველა მოსამართლე, მიუხედავად იმისა, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეა, რომელი სახელმწიფოს წარდგენით არის არჩეული მოსამართლედ, როგორც კი ის მოსამართლედ არიჩევა, ის არის სრულიად დამოუკიდებელი ნებისმიერი სახელმწიფოს, ნებისმიერი პირის, მისი წარმდგენის, მისი ამრჩევისაგან. იგი მხოლოდ და მხოლოდ კანონს უნდა ემორჩილებოდეს და გადაწყვტილებას უნდა იღებდეს კანონისა და შინაგანი რწმენის შესაბამისად“, - განაცხადა „მთელ კვირასთან“ ვახტანგ ხმალაძემ.