გირგვლიანის საქმის მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი უვადო მოსამართლედ დაინიშნა

გირგვლიანის საქმის მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი უვადო მოსამართლედ დაინიშნა

მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეს სააპელაციო სასამართლოში განიხილავდა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ გაამწესა.

სანდრო გირგვლიანის საქმე

2006 წლის დეკემბერში ოქროყანაში 28 წლის სანდრო გირგვლიანი მოკლული იპოვნეს. მისი გარდაცვალების საქმეზე შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი გაასამართლეს, რომლებსაც, გამოძიების მიხედვით, გირგვლიანთან ანგარიშსწორება პირადი კონფლიქტის გამო ჰქონდათ.

სტუდია მონიტორის გამოძიების მიხედვით, საზოგადოებაში თავიდანვე არსებობდა ვერსია, რომ მკვლელობა შარდენ ბარში მოქეიფე შსს-ს მაღალჩინოსნებსა და ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლის სახელს უკავშირდებოდა, მაგრამ ეს ვერსია მიიჩქმალა.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ [მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი] არა მკვლელობისთვის, არამედ გირგვლიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის სამ პირს 7-7, ხოლო მეოთხეს 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

გირგვლიანის ოჯახმა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო. გირგვლიანის ოჯახი განაჩენის გაუქმებასა და ხელახლა გამოსაძიებლად საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნებას მოითხოვდა.

ლევან მურუსიძემ საქმე სრულყოფილად გამოძიებულად მიიჩნია, არსებითი დარღვევები ვერ აღმოაჩინა და გირგვლიანის მხარის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მურუსიძის მონაწილეობით კოლეგიამ შსს-ს ოთხივე თანამშრომელს სასჯელი 6 თვით შეუმცირა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გირგვლიანის საქმე საქართველომ წააგო და ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების პატივისცემის დარღვევა დაადგინა, სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. მასში წერია:

"სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ" საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება.

სასამართლო გმობს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებამ თვალი დახუჭა მოსარჩელეების მიერ წამოყენებულ სარწმუნო ბრალდებაზე, რომ დანაშაულის უშუალო ჩამდენები და ზოგიერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც კაფეში შს მინისტრის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, [დანაშაულის] თანამონაწილენი იყვნენ.

გამაოგნებელია, რომ ასეთ განსაკუთრებულად რთულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვები მხოლოდ ცხრა დღეს გაგრძელდა. ამ პერიოდში მხარისთვის [გირგვლიანის ოჯახისთვის] და მოსამართლეებისთვისაც კი ასეთი მოცულობითი საქმის მასალების შესწავლა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო".

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩაეტარებინა შესაბამისი გამოძიება, რომელიც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ "სრული სიმართლის გამოაშკარავებას შეძლებდა და რომელსაც ყველა პასუხისმგებელი პირის ადეკვატური დასჯა მოყვებოდა.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი უარყოფითად აფასებს სააპელაციო სასამართლოში გირგვლიანის მკვლელობის საქმის განმხილველი მოსამართლის ნაირა გიგიტაშვილისუვადოდ გამწესებას.

"საზოგადოებას შევახსნებთ, რომ გირგვლიანის საქმე წარმოადგენს პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების ერთ-ერთ მკაფიო მაგალითს, სადაც სასამართლომ ვერ შეასრულა მისთვის დაკისრებული ფუნქცია და პირიქით მოქმედებდა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებულად რათა ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. საბოლოო ჯამში ამან სახალხო პროტესტამდე და ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანა.

გირგვლიანის მკვლელობის საქმის განმხილველი მოსამართლის უვადოდ გამწესება მეტყველებს იმას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს გაცნობიერებული მისი როლი მართლმსაჯულების მიმართ ნდობის აღდგენის პროცესში და არ გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე. ვფიქრობთ, რომ ასეთი საკადრო პოლიტიკა მართლმსაჯულების გაჯანსაღებამდე ვერ მიგვიყვანს. მოსამართლეთა კორპუსში ის ავრცელებს მესიჯს რომ ხელისუფლების დაკვეთის შესრულება მოსამართლის კარიერული წარმატების გარანტიაა, ხოლო საზოგადოებას უკარგავს იმედს და ნდობას სამართლიანი სასამართლოს მიმართ",- წერია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უ ც ხ ო :
აღმაშფოთებელია!
ვიღაცა, ხელისუფლებიდან ძალიან ცუდად წასვლის სცენარს იმზადებს თავისთვის (და არა მარტო)!
3 თვის უკან