ბესლან კობახია: „აფხაზეთი არასდროს დათანხმდება საქართველოსთან ერთ სახელმწიფოში ყოფნას“

ბესლან კობახია: „აფხაზეთი არასდროს დათანხმდება საქართველოსთან ერთ სახელმწიფოში ყოფნას“

საქართველოში მიმდინარე არჩევნებს, როგორც ჩანს, არა მხოლოდ დანარჩენი მსოფლიოდან, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებიდანაც ყურადღებით ადევნებენ თვალს. სულ ახლახან აფხაზმა საზოგადოებამ საქართველოს პარლამენტს მიმართვა გაუგზავნა. მიმართვაში ჩამოყალიბებულია ის მოთხოვნები, რის ასრულებასაც ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან. კერძოდ, მათი აზრით, „საქართველომ უნდა შეაფასოს აფხაზეთში გაჩაღებული ომი, როგორც დანაშაული ჩადენილი ქართველი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ; დასაჯოს სახელმწიფო საბჭოს იმ წევრები, რომლებმაც 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს; გამართოს ამ საკითხის ღია სასამართლო მოსმენა და საომარი მოქმედებები შეფასდეს სამართლებრივად; ცნოს აფხზეთის დამოუკიდებლობა, დაამყაროს აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და გააფორმოს საერთაშორისო შეთანხმება მეგობრობასა და თანამშრომლობაზე“.

მიმართვის ერთ-ერთი ავტორი ბესლან კობახიაა. ჩვენ არ გავუშვით ხელიდან შესაძლებლობა და მიმართვის ავტორს გავესაუბრეთ, ინფორმაციის პირველწყაროდან მიღებისა და, რაც მთავარია, აფხაზ საზოგადოებაში არსებული განწყობების გაგების მიზნით.

ამჟამად მოსკოვში ხართ, რატომ, იქ ცხოვრობთ?

– მოსკოვშიც ვარ და სოხუმშიც, ამდენად, რთული სათქმელია, სად ვცხოვრობ. რომ იცოდეთ, მოსკოვშიც არ ვყოვნდები დიდხანს, მთელ მსოფლიოში გადავაადგილდები და თუ მიადევნებთ თვალს ჩემს პუბლიკაციებს, დაინახავთ ჩემი გადაადგილებების გეოგრაფიას.

ნამდვილად არ ვაპირებ თქვენთვის თვალთვალს. წავიკითხე თქვენი მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი. თუ სწორად მახსოვს, აქამდე მსგავსი რამ არ ყოფილა. რატომ გადაწყვიტეთ, მიგემართათ საქართველოს პარლამენტისთვის, მაინცდამაინც, ახლა?

– კოლეგებთან ერთად ვმუშაობ ხალხთა უფლებების საერთაშორისო დაცვის კუთხით, ამდენად, მუდმივად ვრეაგირებთ ყველა მოვლენაზე, რომლებიც მსოფლიოში ხდება, მათ შორის, ქართულ-აფხაზური კონფლიქტთან მიმართებაში. შესაძლოა, საქართველოს პარლამენტისთვის აქამდე არ მიგვიმართავს, მაგრამ ბევრი პუბლიკაცია მაქვს გამოქვეყნებული ამ თემაზე, რომლებშიც გამოვთქვამ მოსაზრებას, რომ წორედ საქართველოს პარლამენტმა უნდა დაუსვას წერტილი იმ მოვლენებს, რომლებიც 20 წელზე მეტი ხნის წინათ დაიწყო. დღეს ახალი რეალობაა: საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული პარლამენტი, პოლიტიკოსები ბევრ განცხადებას აკეთებენ აფხაზეთთან დაკავშირებით და ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ გამოვსულიყავით ასეთი ინიციატიით, რადგან საქართველოს ხელისუფლებაში ახალი ადმიანები მოდიან.

მთლად ახლებიც არა, ასე ვთვათ ახალი ძველები.

– მაგრამ მაინც ახალი ხალხია, რომლებსაც არ აქვთ პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რაც მანამდე მოხდა და მათთვის უფრო ადვილია, მიიღონ სსწორი გადაწყვეტილება. საერთოდ, როდესაც ამ მიმართვას ვაკეთებდით, ვიცოდით, რამდენად რთული იქნება საქართველოს პარლამენტისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება. 20 წელია, ერთი და იგივე მეორდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ესმის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ვერსია. 20 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა პოლიტიკური ელიტა საქართველოში, თითოეული ახალი იწყებდა იმით, რომ ლანძღავდა წინა ხელისუფლებას და თითქოს ცვლიდა პოლიტიკას აფხაზეთის მიმართ, მაგრამ პოლიტიკა იგივე რჩებოდა. ხოლო, თუ ახალი ხელისუფლება არ ცვლის თავის პოლიტიკას, ესე იგი, იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებსა და დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც წინამორბედებმა მიიღეს. ამდენად, ჩემი აზრით, ახალი პარლამენტისთვისაა დღეს ყველაზე იოლია, თქვას, არასწორად მოვიქეცით 20 წლის წინათ და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღეს 20 წლის წინათ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზეო.

პარლამენტის დონეზე არ განხილულა ეს საკითხი, მაგრამ საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, 1992 წლის სომარი მოქმედებები არასწორი იყო.

– მაშინ გავამყართოთ ეს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რაც იქნება სიმბოლო იმისა, რომ ახალი ხელისუფლება ახალ პოლიტიკას იწყებს. ჩემი აზრით, ამას უპირველესად, მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხისთვის, რადგან მთელი 20 წელია, ქართველ ხალხს ატყუებენ ხელისუფლებები და უყვებიან ზღაპრებს იმის შესახებ, რომ შეუძლიათ აფხაზეთის დაბრუნება. არადა, ამ 20 წელში უამრავი ვარიანტი მოისინჯა და არ გამოდის ისე, როგორც ამას ამ ხნის განმავლობაში გვთავაზობს საქართველო.

ჩვენს საზოგადოებას ბუნდოვანი წარომდგენა აქვს იმაზე, თუ რას გთავაზობდნენ თქვენ ჩვენი ხელისუფლებები. გვითხარით, რას გთავაზობდნენ.

– 20 წლის წინათ გამსახურდიას დროს, საქართველომ უარი თქვა საქართველოს სსრ-ზე.

არა მხოლოდ საქართველომ, ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ თქვა უარი სსრკ-ზე.

–რა თქმა უნდა. არადა, ის განცხადებები, რაც საქართველოს ხელისუფლებების მხრიდან კეთდება ბოლო 20 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არის საბჭოთა საქართველოს აღდგენის მცდელობა, რომელშიც აფხაზეთი რაღაც ავტონომიის საფუძველზე იქნება გაერთიანებული. ამასობაში, გავიდა 20 წელი, აფხაზეთში, თავისუფალ გარემოში, ახალი თაობები გაიზარდა.

ამბობთ, რომ საქართველოს სსრკ-ის დაშლის შემდეგაც უნდა საბჭოთა საქართველოს აღდგენა და ავტონომიების დატოვებაო, მაპატიეთ, მაგრამ ყველამ დაიტოვა ავტონომიები, მათ შორის რუსეთმაც...

– რატომ იღებთ ანალოგს რუსეთისგან?!

აბა, ვისგან ავიღო, როდესაც საბჭოთა კავშირზე ვლაპარაკობთ?

– კი, ბატონო, ვილაპარაკოთ ამაზეც. საქართველოსა და აფხაზეთს შორის სისხლისმღვრელი ომი იყო. ამის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ, აფხაზეთი იყოს საქართველოს შემადგენლობაში, რაც უნდა ფართო ავტონომიის საფუძველზე?! ეს ხომ გუშინდელი დღეა?!

ნაკლები სისხლისღვრა იყო და არის რუსეთსა და ჩეჩნეთს, რუსეთსა და დაღესტანს შორის?

– ჩეჩნებმა ჩაატარეს რეფერენდუმი და მიიღეს გადაწყვეტილება, დარჩნენ რუსეთის შემადგენლობაში. ეს მათი გადაწყვეტილებაა, აფხაზების გადაწყვეტილება კი სხვანაირია. მიაქციეთ ყურადღება მოვლენათა ქრონოლოგიას: ჩვენთან ომი 1992 წელს დაიწყო, 1993 წელს დამთავრდა, მაგრამ გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო აგვეშენებინა, მხოლოდ 1999 წელს მივიღეთ. 6 წლის განმავლობაში ჩვენ ვმართავდით მოლაპარაკებებს და განვიხილავდით სხვადასხვა ვარიანტს: იყო წინადადებები, შევსულიყავით რუსეთის შემადგენლობაში...

ასევე, წინადადება, შესულიყავით საქართველოს შემადგენლობაში

– დიახ, საქართველოსთან ერთად ვყოფილიყავით ერთ სახელმწიფოში. სხვადასხვა ვარიანტი განიხილებოდა: ფედერაცია, კონფედერაცია, სამოკავშირეო სახელმწიფო, მაგრამ საქართველო ბოლო მომენტში ყოველთვის უარს ამბობდა და ამას ხსნიდა იმით, რომ მხოლოდ ფართო ავტონომიის შემოთავაზება შეეძლოთ უნიტარული სახელმწიფოს ფრაგლებში. ბუნებრივია, ამ წინადადებას აფხაზეთი ვერ დათანხმდებოდა. ამიტომ 1999 წელს ჩავატარეთ რეფერენდუმი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთი აცხადებს დამოუკიდებლობას და ჩვენ მას შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ.

არაფერს ახალს არ ვიტყვი, თუ შეგახსენებთ, რომ იმ რეფერენდუმში აფხაზეთის სრულ მოსახლეობ არ მიუღია მონაწილეობა, თუ აფხაზეთის ქართველობა ფაქტორი არ არის თქვენთვის? იყო ლეგიტიმური ის რეფერენდუმი?

– ლეგიტიმური იყო, იმიტომ რომ ძალიან სკურპულოზურად იყო დათვლილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც მონაწლეობა მიიღეს იმ რეფერენდუმში. ქართველებს რომ მიეღოთ კიდეც მონაწილეობა და უარი ეთქვათ დამოუკიდებლობაზე, აფხაზეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მაინც დამოუკიდებლობას მისცემდა ხმას და მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას.

ლეგიტიმურობა მაინც სადავო მგონია. 1999-წლამდე შევარდნაძის მთავრობა უარს გვეუბნებოდაო, რა მოტივით? რას ამბობდნენ, რატომ არ გვინდა ფედერაციაო?

– ჩვენი ხალხი მზად არ არის, ისინი ვერ გაგვიგებენო. არადა, ჩვენ გვინდოდა მოლაპარაკება, მაგრამ თქვენ არ მოდიოდით ამაზე. გაიხსენეთ, რევანშის რამდენი შემთხვევა იყო.?!

რა გაქვთ მხედველობაში?

– ზუსტად ვერ ვიხსენებ თარიღებს. იყო პრობლემის საომარი გზებით მოგვარების მცდელობები. მთელი ამ 20 წლის განმავლობაში დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებენ საქართველოს სპეცსამსახურები დივერსიულ ქმედებებს გალის რაიონში, იტაცებენ ხალხს, ხოცავენ.

ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ გალის რაიონში იტაცებენ და ხოცავენ ქართველებს.

–მე ვიცი ოფიციალურად, ჭორებს კი არ გიყვებით.

ჩვენც ოფიციალური ინფორმაცია გვაქვს.

– არის ხალხი, რომლებიც დააპატიმრეს და მათ მისცეს შესაბამისი ჩვენებები. გაგახსენებთ გილაევის მხრიდან შემოჭრის მცდელობას, ესეც საქართველოს სპეცსამსახურების მიერ იყო ინსპირირებული. ომი დღესაც გრძელდება.

იმას ამბობთ, რუსი მესაზღვრეები არაფექტიანად გიცავენ?

– რუსი მესაზღვრეები დგანან, მაგრამ საზღვარი 80 კილომეტრია და ძალიან ბევრი შემოვლითი გზაა, მაგრამ საზღვარი უკეთ გაკონტროლდება. მადლობა ღმერთს, არსებობს თანამედროვე საშუალებები, მაგრამ ეს არ არის ის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვინდა ცხოვრება. ჩვენ არ გვინდა, გამოვეყოთ საქართველოს ჩინეთის კედლით და გვძულდეს ერთმანეთი. ზოგიერთ ქართულ საიტს რომ კითხულობ, მიდიხარ დასკვნამდე, რომ აფხაზეთში კაციჭამიები ცხოვრობენ და იქ კარგი არაფერი ხდება.

იცით ქართული, ბატონო ბესლან?

– არა, სამწუხაროდ.

რაკი რთული საიტები ახსენეთ, იმიტომ გკითხეთ.

– რუსულენოვანი ქართული საიტები ვიგულისხმე. სადაც ნებისმიერ ჭორს სინამდვილედ უყვებიან მკითხველს.

აფხაზეთში დარეკვა შეუძლებელია სატელეფონო კოდების ცვლილების შემდეგ. ასე რომ, მთლად ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ ამ საინფორმაცი ვაკუუმს. 2009 წლიდან ვცდილობ, ინტერნეტით დავუკავშირდე აფხაზებს, მაგრამ ონტქტზე არ გამოდიან, ამიტომ თქვენ კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. აფხაზეთში აფხაზებს ეკრძალებათ ქართველებთან კონტაქტი?

– პირდაპირი აკრძალვის შესახებ არაფერი მსმენია, თუმცა მე არ ვარ ჩინოვნიკი. მთავარია, ადამიანებს არ ჰქონდეთ ილუზიები.

როდესაც კონტაქტი არ არის, გასაქანი ეძლევა ფანტაზიებს და ილუზიებიც აქტიურად იკვებება. ამიტომ უნდა ვიკონტაქტოთ...

– მე სხვა რამ მაქვს მხედველობაში. 20 წლის შემდეგ ჩვენი ხალხი არავისთან არ აპირებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის განხილვას. ეს გადაწვეტილება მიღებულია და არ სჭირდება მას ვინმეს დადასტურება. დღეს როგორც არც ერთი ქართველი არ დათანხმდება, იყოს რუსეთთან ერთად ერთ სახელმწიფოში, ასევე, არც ერთი აფხაზი არ დათანხმდება, იყოს საქართველოს შემადგენლობაში.

რუსეთ-საქართველოს ისტორია რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ურთიერთობისგან. ცუდი ანალოგიაა.

– მაშინ სხვა ანალოგიას მოგიტანთ: არც ერთი ქართველი არ დათანხმდება სპარსეთის შემადგენლობაში ყოფნას.

ეს მაგალითიც უარგისია. კარგი, თქვით, თქმაც გინდათ, არ შეგეკამათებით, იმიტომ რომ ჩვენი მკითხველისთვის თქვენი არგუმენტებია უფრო საინტერესო, ვიდრე ჩემი კონტრარგუმენტები.

– მე მინდა, გაიგოთ, რომ არავისთან არ აპირებს აფხაზეთი, განიხილოს თავისი დამოუკიდებლობის საკითხი, მათ შორის, არც რუსეთთან. აფხაზმა ხალხმა აიღო დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის კურსი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის აგრესიული გადაწვეტილება გარე სამყაროსთვის. ეს არ არის სახიფათო გადაწყვეტილება არც საქართველოსთვის. პირიქით, ჩვენ გვინდა, გვქონდეს ნორმალური, თანამედროვე ურთიერთობები. ეს არის ის, რასაც ვერ ვაგებინებთ საქართველოს ხელისუფლებებს.

გვინდა ნორმალური და ცივილიზებული ურთიერთობებიო, მაგრამ თქვენს მიმართვაში საქართველოს პარლამენტისადმი არსად არ არიან ნასხენები დევნილები.

– რატომღაც თქვენთვის და ბევრი ქართველისთვისაც ეს ითვლება ყველაზე რთულ კითხვად.

არ არის ეს რთული კითხვა, ეს ბუნებრივი კითხვაა. მე მაინტერესებს, რატომ არ ახსენებთ დევნილებს.

– იმიტომ დევნილები და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ორი სხვადასხვა საკითხია.

კი ბატონო, ორი სხვადასხვა საკითხი იყო.

– მინდა, გაიგოთ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა სუფთა პოლიტიკური საკითხია და ამას საქართველო ან აღიარებს, ან არა. 20 წელია, არ აღიარებს და ამას კარგი არაფერი მოუტანია. ეს სიტუაცია კი თქვენგან კიდევ უფრო გვაშორებს. მეტიც, საქართველო წინააღმდეგობას გვიწევს, მოვიწვიოთ ინვესტორები, ქართული დიპლომატიური სამსახური ხელს გვიშლის და ეს არანორმალურია.

რაც შეეხება დევნილებს: მე მესმის, რომ ეს მტკივნეული საკითხია ქართველებისთვის, მაგრამ მათი გაყრის გადაწყვეტილება არ მიუღია აფხაზეთის ხელმძღვანელობას. ჩვენთან ბევრი ქართველი ცხოვრობს.

იყო ასეთი მოსაზრებაც: საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, თუ დააბრუნებთ ქართველ დევნილებს. მისაღები წინადადებაა?

– ეს არასწორი მიდგომაა.

მე არ გეკითებით, სწორია თუ არა. მე გეკითხებით, არის თუ არა ეს თქვენთვის მისაღები?

– აფხაზეთის აღიარებას წინ არ უნდა უძღოდეს არანაირი წინაპირობები: საქართველო ან აღიარებს, ან არა აფხაზეთს. დევნილების შემთხვევაში კი თითოეულ ადამიანს უნდა ელაპარაკო ინდივიდუალურად. ისე არ ხდება არსად, რომ ადამიანები დაიძრებიან ტალღად და ჩასახლდებიან. არაღიარებული აფხაზეთის პირობებში ამ დევნილებს არავისთან ლაპარაკი არ შეუძლიათ, რადგან საქართველო არ აღიარებს ლეგიტიმურად აფხაზეთის ხელისითულებას.

დავუშვათ, გაღიარათ. რას ნიშნავს, ინდივიდუალურად განვიხილავთო? სერგეი შამბასგან მომისმენია აზრი, რომ, ვინც საომარ მოქმედებებში იღებდა მონაწილებას, მას არ შემოვუშვებთო. იზიარებთ?

– რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე საკითხია, ჰკითხეთ დევნილებს, სად უნდათ დაბრუნება? უმეტესობას დაბრუნება უნდა აფხაზეთში, რომელიც საქართველოს ნაწილია.

მე თქვენ გეკითხებით.

– მიკითხავს დევნილებისთვის და ისინი ამბობენ, რომ დაბრუნება უნდათ ომამდე არსებულ აფხაზეთში, რომელიც საქართველოს ავტონომია იყო. ის აფხაზეთი კი არ არსებობს, დღეს ახალი რეალობაა.

დავუშვათ, თქვეს, დაბრუნება უნდათ დამოუკიდებელ აფხაზეთში.

– ამ შემთხვევაში, კანონს უნდა ჩავხედოთ და ეს საკითხი ინდივიდუალურად გადავწყვიტოთ.

და ეს რას ნიშანვს?

– ისინი დაწერენ განცხადებას აფხაზეთის პრეზიდენტის სახელზე, რომ უნდათ, გახდნენ აფხაზეთის მოქალაქეები. შემდეგ განიხილება ეს განცხადებები და მიიღება გადაწყვეტილება. ალბათ, შემოწმდება ინდივიდუალურად, ვინ იღებდა თუ არ იღებდა მონაწილეობას ომში. თუ დამნაშავეა, როგორ უნდა მისცე აფხაზეთის მოქალაქეობა?! ასეთი ადამიანი კი ბევრია.

ცივილიზებული მიდგომა მგონია, როდესაც დამნაშავეს სჯიან, ოღონდ ჯერ ეს უნდა დაამტკიცო. მე არ მსმენია, რომ დამნაშავეებს აძევებდნენ ქვეყნიდან. თქვენ იცნობთ ასეთ საერთაშორისო პრაქტიკას?

– ეს მომავლის საკითხია. თქვენ ცდილობთ, ცივილიზებულად მიუდგეთ ამ სკითხს, მაგრამ მაშინ რატომ ვერ ბრუნდებიან დღესაც საქართველოში თურქი მესხები?

ჯერ ერთი, ჩვენმა სახელმწიფომ აიღო ეს ვალდებულება, მეორეც, ჩემი პირადი აზრით, ყველა უნდა დაბრუნდეს იქ, საიდან გაასახლეს. ასე რომ, ამ შენიშვნას ვერ მივიღებ.

– ჩემი აზრით, ეს საკითხი არ უნდა დაისვას, რადგან აჩენს უამრავ საკითხს. მაგალითად, საკუთრების პრობლემას. არსებობს ასეთი პრობლემების მოგვარების საერთაშორისო გამოცდილება. ზოგი შესაძლოა, კომპენსაციას დათანხმდეს, ზოგს თანხას საერთაშორისო ფონდები გამოუყოფენ, მაგრამ დადგება მეორე საკითხიც: ომის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ დაითვალა, რა ზარალი მოგვაყენა ომმა და ეს არის 20-25 მილიარდი დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ მივდივართ ცივილიზებული გზით, ეს საკითხებიც დადგება და მათზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს.

როგორც ვხვდები, თქვენი მოთხოვნებია: საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება პლუს კონტრიბუციის გადახდა?

– არა, ეს არ არის კონტრიბუცია.

აბა, არ არის?

– ზარალი მიადგა აფხაზეთის ეკონომიკას.

ნუ ვიდავებთ ტერმინებზე: დავარქვათ კომპენსაცია.

– სხვაგვარად ნორმალური ურთიერთობის დალაგება არ შეგვიძლია, ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ, ამისთვის კი ერთმანეთი თანაბარუფლებიან პარტნიორებად უნდა ვაღიაროთ.

მაინცდამაინც დამოუკიდებლობა ნდა ვაღიაროთ, რომ თავი თანაბარუფლებიან პარტნიორად იგრძნოთ?

– სხვა ფორმულირება არსებობს საერთაშორისო პრაქტიკით?! ყველა განცხადება, რომლებსაც აკეთებს საქართველო, უნდა შეესაბამებოდეს ამ პრაქტიკას. ფაქტობრივად, ეს იქნება აფხაზეთის აღიარება. მაგრამ ეს არ არის ყველაზე მთავარი საკითხი. რომ იცოდეთ, მე მხოლოდ ჩემს აზრს გამოვხატავ. თუ ფიქრობთ, რომ ყველა ოცნებობს, საქართველომ გვაღიაროსო, ცდებით.

უფრო პრაქტიკული იქნება, იოცნებონ ამაზე, რადგან, თუ საქართველო არ აღაიარებს, არანაირი რეალური დამოუკიდებლობა არ იქნება.

– საქმე ის არის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 1992-1993 წლების ომის დაგმობა და უარის თქმა აფხაზეთის პრობლემის ძალადობრივ გადაჭრაზე, საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთს სხვანაირად შევხედოთ. 20 წელია გასული და ჩვენს და თქვენს საზოგადოებებს ერთმანეთზე სტერეოტიპები ჩამოუყალიბდა. მათი გადალახვა შეიძლება, თუ დავიწყებთ ურთიერთობას, ურთიერთობა კი შესაძლებელია, თუ ერთმანეთს თანაბარუფლებიან პარტნიორებად ვაღიარებთ, 20 წელი უკვე გავიდა, კიდევ 20 წლის გასვლას ხომ არ უნდა ველოდოთ?!

თქენ ამბობთ, რომ აფხაზეთს ვერ წარმოუდგენია საქართველოსთან ერთ სახელმწიფოში არსებობა, მაგრამ საქართველოს ვერ წარმოუდგენია აფხაზეთის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობა. თუ ორივე მხარე, ჩვენ ჩვენ პოზიციებზე დავრჩებით, ესე იგი, ვერასდროს შევძლებთ ურთიერთობას.

– არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება, სანამ არ აღიარებენ აფხაზეთს.

ეს თქვენი აზრია?

–ეს არის მთელი აფხაზი ხალხის აზრი. თუ რომელიმე პოლიტიკოსი დაიწყებს ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებას, ის, როგორც პოლიტიკოსი, აღარ იარსებებს

ისევე, როგორც, ის ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, ვაღიარებ აფხაზეთსო.

– მაგრამ საქართველოს პარლამენტმა აღიარა ჩერქეზების გენოციდის საკითხი. მე მხარს ვუჭერ ამას, მაგრამ იმავდროულად მოხდა აფხაზების გენოციდიც.

რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიამ ნამდვილად მოაწყო აფხაზების გენოციდი.

– თუ საქართველოს ხელისუფლებამ 150 წლის წინანდელი ამბავი გაიხსენა, რა უდგას წინ, გაიხსენონ 20 წლის წინანდელი ამბები?! გია ყარყარაშვილი ამბობდა, რომ ის მზადაა, ამოწყვიტოს აფხაზეთის მთელი მოსახლეობა.

ცოტა სხვაგვარად ითქვა, თუმცა გეთანხმებით, რომ ეს არ იყო მისი საუკეთესო განცხადება, მაგრამ, თუ არ ვცდები, მან ეს უკვე აღიარა.

– მე ვამბობ იმაზე, რაც 20 წლის წინათ იყო.

ბატონო ბესლან, აი, ახლა წინ მიდევს სოხუმში, 2000 წელს გამოცემული წიგნიაფხაზეთის გმირები“, რომელიც ეძღვნება 1992-1992 წლების ომის მონაწილე არააფხაზებს, რომლებიც ებრძოდნენ ქართველებს. ამ წიგნში კონკრეტულადაა მითითებული, ვინ რამდენი ქართველი დახოცა, რის გამოც სხვადსხვა ჯილდოები მიიღეს. მათ შორის, ნათქვამია, ვინ მოკლა გოჩა ყარყარაშვილი გია ყარყარაშვილის ძმა. ძალიან დიდი ველურობა გონია ასეთი წიგნის გამოცემა. ასე რომ, მეც ბევრი პრეტენზია მაქვს და ერთმანეთისთვის ჩვენ პრეტენზიების წაყენება უსასრულოდ შეგვიძლია.

– არა, პრეტენზიებს არ გიყენებთ. თუ თქვენმა პარლამენტმა ჩერქეზების გენოციდი აღიარა, ესე იგი, ის არის მზად, რომ დაგმოს 1992-1992 წლების ომი, როგორც დანაშაულებრივი ქმედება.

ეს სხვა საკითხია.

– სახელმწიფო საბჭომ დანაშაული ჩაიდინა არა მხოლოდ აფხაზი, ქართველი ხალხის წინააღმდეგაც. იმ ომმა გაომიწვია ის პრობლემები, რის შედეგებსაც ახლაც ვიმკით.

ანუ რა არის თქვენთვის მთავარი საკითხი?

– დაიგმოს ის ომი, დასახელდეს დამნაშავეების სახელები, გაიმართოს სასამართლო პროცესი. ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ გადაწყდა ომის დაწყება?! მინდა, ნათლად გაიგოს თქვენმა მკითხველმა: აფხაზები არ დათანხმდებიან არანაირ როლს, გარდა სრულფასოვანი პარტნიორისა.

მე მივიტან ამ თქვენს მთავარ აზრს მკითხველამდე.

– ეს სიტუაცია არ არის სახიფათო ქართული სახელმწიფოსთვის, პირიქით, თუ წარსულის მემკვიდრეობას გადავლახავთ და ისე მოვექცევით ერთმანეთს, როგორც მე გთავაზობთ, ეს შეიძლება, გახდეს ჩვენი კეთილი მეგობრობის დასაწყისი, რის საფუძველიც ურთიერთაღიარება და ურთიერთპატივისცემა იქნება.

არ მიწყინოთ: კობახია აფხაზური გვარია?

– ეს სუფთა აფხაზური გვარია, ის აფხაზურად სხვანაირად ჟღერს – აკუაბახიია, ქართულ ენაზე არ ითარგმნება.

ჩვენც გვყავს კობიხიები.

– დიახ, გალშიც ცხოვრობენ კობახიები და სხვაგანაც. ბევრი ნათესავი მყავს თურქეთში, მოჰაჯირების შთამომავლები. ჩვენ 11 საუკუნის მეხსიერება გვაქვს.