ასე თუ გააგრძელეს, ხვალ ან ზეგ ჩიჩხიტურს მიადგებიან,

ასე თუ გააგრძელეს, ხვალ ან ზეგ ჩიჩხიტურს მიადგებიან,

„აზერბაიჯანული მხარე ინტენსიურად მუშაობს და ჩიჩხიტურის ტაძრის მიმართულებით მიიწევს. მათ მიერ შესრულებული სამუშაო მინიმუმ ორი ნამუშევარი დღის შედეგს წარმოადგენს. მათ უკვე 1 კილომეტრი და 200 მეტრის გზის გაყვანა მოახერხეს - სოლიდური, კაპიტალური გზის მონაკვეთი კეთდება და ჩიჩხიტურის ტაძრამდე დაახლოებით კილომეტრია დარჩენილი. ამ ტემპით თუ იმუშავებენ, ისინი ხვალ თუ არა ზეგ დილით ჩიჩხიტურს მიადგებიან," - აცხადებს „რეზონანსთან" სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის გაყვანის სამუშაოების გაყვანის შესახებ საუბრისას.

ამასთანავე, მისი თქმით, ამჟამად უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკიც დაკეტილია და აზერბაიჯანული მხარე ამის მიზეზად საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობას ასახელებს.

„ასევე, უდაბნოსთან მისასვლელი ბილიკი კვლავ დაკეტილია. ჩიჩხიტურის მონასტერი, რომელიც 5 მაისის შემდეგ გავახსნევინეთ, სადაც 2007 წლიდან ვერავინ შედიოდა აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეების გარდა, 16 მაისიდან მონასტერი კვლავ დაკეტილი იმ მიზეზით, რომ თითქოს მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ასევე არ გაღიზიანდენენ აზერბაიჯანელები - დაწესდა ეს შეზღუდვები, რომელიც უნდა მოხსნილიყო ორ-სამ დღეში, მაგრამ უკვე 10 დღე გავიდა.

„დაანონსდა ორი თარიღი, 5 და 15 მაისი - 5 ან 15 მაისამდე გაცდით, რომ „თქვენ დღესასწაულთან დაკავშირებით მოილოცოთ და ამის შემდეგ კი დავკეტავთ". ეს დაპირება აზერბაიჯანელებმა შეასრულეს და უკვე 16 მაისიდან დღემდე გზა დაკეტილია, რასაც ჩვენი ხელისუფლება „აპრავებს", - აღნიშნა ქაცარავამ.

იგი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დავით გარეჯთან ვითარება საკმაოდ დაძაბულია.

„სამუშაობი მიმდინარეობს გზის გაყვანის კუთხით და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს რეალობასთან აცდენილ განცხადებებს, რომ ის თურმე მხოლოდ მასმედიის საშუალებით იგებს ამ სამუშაოების წარმოების შესახებ. თუ ჩვენ, სამოქალაქო პატრულს, არ გამოგვეპარა ეს მოქმედება, ის მესაზღვრეები, რომლებიც დღე და ღამე აქ დგანან, მათ თვალს ვერ გამოეპარებოდა აზერბაიჯანული მხარის მოქმედებები. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია დღეს ძალიან სუსტია.

„მოქმედება, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე აწარმოებს ნამდვილად არ არის მეგობრული, უკვე მტრობის ელემენტებიც შემოვიდა ამ მოქმედებაში და მითუმეტეს, როდესაც კომისია მუშაობს დელიმიტაციაზე, ყოველ შემთხვევაში ასე გვეუბნებიან, ამ კომისიის მუშაობის დასრულებამდე, სანამ ყველა ხაზი და წერტილი არ გაირკვევა, წესით არანაირი მოქმედება ახალი გზის გაყვანასთან დაკავშირებით, არ უნდა ხორციელდებოდეს აზერბაიჯანთა მხრიდან. შესაძლებელია, რომ ის გზა გარკვევის შემდეგ მოექცეს ჩვენ მხარეს.

„ძალიან არეული სიტუაციაა და ამ გაურკვევლობას, ყველაფერთან ერთად, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უმყარებს საფუძველს," - განაცხადა დავით ქაცარავამ.