„გამაფრთხილებელი განცხადებები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სრულიად მიუღებელია“

„გამაფრთხილებელი განცხადებები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სრულიად მიუღებელია“

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს საგარეო კურსი არ იცვლება - ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების მხრიდან განცხადებები ხელისუფლებაში მოსვლამდეც კეთდებოდა თუმცა ნაციონალური მოძრაობა კვლავ ამ პოლიტიკური ძალის საგარეო ვექტორზე ახდენს აპელირებას.

საყოველთაოდ გაცხადებული საგარეო კურსის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დროდადრო გამაფრთხილებელი განცხადებები ისმის. მსგავსი დამოკიდებულება გამოიკვეთა ყოფილი მმართველი გუნდის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდის დაწყებამდეც და, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ეს განწყობა სამომავლოდაც შენარჩუნდება.

„ქართული ოცნების“ წევრინ დავით ზალკალიანი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მოიაზრება, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ჩვენთან საუბრისას  აცხადებს, რომ საკუთარი პოზიცია ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ გამოუხატავს, როგორც პლატფორმაში ასევე თავის გამოსვლებში.

„ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს საგარეო კურსი არის უცვლელი, მიმართული ევროატრლანტიკური სივრცისაკენ და ნატო არის საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი. რაღაც ხრიკები ან გამაფრთხილებელი განცხადებები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სრულიად მიუღებელია. საგარეო პოლიტიკური კურსი არაერთხელ გაჟღერებულა და ვერ ვხედავ, რომ ამ მიმართულებებით რაიმე ცვლილებები იყოს“, - აცხადებს ზალკალიანი.

ძნელი სათქმელია, ნაციონალური მოძრაობის გამაფრთხილებელი განცხადებების შედეგია თუ არა, მაგრამ ხელისუფლების ტრანზიციის პროცესში აქტიურად არის ჩართული ამერიკაცა და ევროპაც და საქართველოს საგარეო ურთიერთობებზეც ბევრად უფრო ფართედ და ღიად მიმდინარეობს მსჯელობა, ვიდრე ოდესმე.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში მოთხოვნების ნიშნული კიდევ უფრო მაღლა აიწევს. 

„ჩვენ საქართველოსთან მიმართებაში ყოველთვის ვმოქმედებთ ფორმულით - კიდევ მეტი. საქართველოს შეუძლია, კიდევ უფრო მეტი იმუშაოს, რათა მიუახლოვდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“, - განაცხადა დიმიტროვმა მისივე თქმით, ასეთივე დამოკიდებულებას ელოდება საქართველოს მხრიდანაც. 

2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს მიერ ევროპასათან მიმართებაში შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით ახალი კონტურები გამოიკვეთა და ითქვა, რომ პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ქართული მხარე ამ ვალდებულებების შესრულებას არ ჩქარობდა. ეს ეხებოდა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემოღებას, შრომის კოდექსის შეცვლას და ა.შ.

როგორც დავით ზალკალიანი ამბობს, ამას სჭირდებოდა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური ნება და ქართული მხარისგან იყო ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი.

„იგივე ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმთან, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობდა და ხელისუფლების გრკვეულ წრეებში არ იყო მზაობა, რომ ამ მიმართულებით გადადგმულიყო ნაბიჯები. ამ ყველაფერს აუცილებლად შევცვლით და მეტი ინტენსიურობით წარვმართავთ ევროპასთან დიალოგს. მე უკვე, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, 19 ოქტომბერს მივიღებ მონაწილეობას საქართველო-ევროკავშირის კომიტეტის მორიგ სხდომაში, რომელიც ბრიუსელში გაიმართება და ჩვენ ვიქნებით გარანტორი იმისა, რომ ტრანზიციის პროცესი არავითარ შემთხვევაში არ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს“, – ამბობს დავით ზალკალიანი.

როგორც დიმიტროვი აცხადებს, ძალაშია სიგნალები, რომ თუკი საქართველო დემოკრატიული მიმართულებით სვლას განაგრძობს, ამით ის პროგრესს მიაღწევს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, ელჩის თქმით, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და ამის რეალიზაცია ხდება. გარდა ამისა, ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა ისიც, რომ საქართველოსთან მიმართებაში თითქმის უკვე ჩამოყალიბებულია ახალი სქემა, რომელიც 2014-დან 2020 წლამდე ურთიერთობის გეგმას მოიცავს. 

დავით ზალკალიანი განმარტავს, რომ ახალი ხელისუფლება ახლა იწყებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც ევროპასთან და ნატოსთან დაგვაახლოებს.

„არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მოითხოვს სხვა დემოკრატიული პროცესების უფრო მეტი ინტენსიურობით წარმართვას. იგულისხმება სასამართლო, ადამიანის,საკუთრების უფლებები, მედიის თავბისუფლება და ა.შ. ეს არის მთელი კომპლექსი. არჩევნები მხოლოდ დასაწყისია და ამ ყველაფრის კეთებას ჩვენ ახლა ვიწყებთ“ - ამბობს ზალკალიანი.

დიმიტროვი საქართველოში არსებული კონფლიქტების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ საკითხით დაინტერესებას აგრძელებს, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლების მიდგომებს ელოდება. 

მართალია, ევროპას ახალი ხელისუფლების ხედვები აინტერესებს, მაგრამ უკვე შესამჩნევია, რომ ამ საკითხში ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკა მიაჩნია სწორად და „ქართული ოცნების“ მინისტრობის კანდიდატების მიერ გაკეთებული განცხადებების მიმართ საკუთარი კრიტიკული განწყობა არც დაუმალავს.

როგორც დავით ზალკალიანი ამბობს, სწორედე ნაციონალურმა მოძრაობამ მიიყვანა საქართველო იმ მდგომარეობამდე, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.

„ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიებს. ეს სწორედ ნაციონალური მოძრაობის უშუალო პასუხისმგებლობაა. ასე რომ, ჩვენ არავისი გაფრთხილება არ გვჭირდება, ჩვენი პოზიციები გაცხადებულია და ჩვენი პოლიტიკა იქნება არა აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიების დაბრუნება, არამედ უპირველესად აფხაზებისა და ოსების. პირველ რიგში ამ ხალხთან უნდა მოვძებნოთ საერთო ენა, ჯერ ქვეყნის აღმშენებლობას უნდა მივხედოთ, რომ ეს ქვეყანა იყოს მათთვის მიმზიდველი.

როგორც დიმიტროვი აცხადებს თუ ახალი ხელისუფლების მოსაზრებები ამ კუთხით მათ მოლოდინებს დაემთხვევა, „მაშინ პროდუქტიული იქნება ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც“.

რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, რომ არსებობს შანსი პირისპირ ველაპარაკოთ აფხაზებსა და ოსებს, რამაც რამდენიმე დღის წინ  ნაცმოძრაობაში აჟიოტჟი შექმნა, ზალკალიანი ამბობს, რომ იგულისხმება სახალხო დიპლომატია, რაც საერთაშორისო მოლაპარაკებების თანმდევი პროცესი უნდა იყოს.

„ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ ხალხთა შორის ურთიერთობა და ნდობის ფაქტორის გაძლიერება ამ სახალხო დიპლომატიის საშუალებით.

რაც შეეხება საერთაშორისო მოლაპარაკებებს, საერთაშორისო მედიაცია აუცილებელია და ის საერთაშორისო აქტიორები, რომლებიც ჩართული არიან, ეუთო გაერო,აშშ, მათი მონაწილეობა ამ პროცეში აუცილებელია“, - აცხადებს ზალკალიანი.

ქართული მხარისგან განსხვავებით საერთაშორისო მოლაპარაკებების ნაკლებად სჯერა აფხაზურ მხარეს, რომელიც აცხადებს, რომ საერთაშორისო მოლაპარაკებათა რაუნდებს ერთადერთი სარგებლობის მოტანა შეუძლია - იქ ახალბედა დიპლომატები კვალიფიკაციას იმაღლებენ.

დავით ზალკალიანი ამბობს, რომ დიპლომატიაში არ არსებობს მოლაპარაკებები რომელიც მყისიერ შედეგს იძლევბა და მითუმეტეს ისეთი მოლაპარაკებები, რომელიც დაკავშირებულია ომთან, კონფლიქტებტან, რომლის შედეგადაც ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს.

„უამრავი შემთხვევაა საერთაშორისო პრაქტიკაში, როდესდაც მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები საკმაოდ ხამგრძლივად მიმდინარეობდა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოლაპარაკებებიც  გარკვეულ ეტაპზე გამოიღებს შედეგს. ჩვენ ვიცით, რომ ძალით და შეიარარებული დაპირისპირებით ეს კონფლიქტები ვერ გადაწყდება, აუცილებლად უნდა გამოვძებნოთ დიპლომატიური გზები და მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებით დავარწმუნოთ ისინი, რომ სხვა გზა არ არსებობს გარდა იმისა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებით დასრულდეს ეს პროცესი“,- აცხადებს ზალკალიანი.

ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ფინანსურ დახმარებასაც, რომელიც ქვეყნისთვის 670 მილიონი ევროს გამოყოფაში გამოიხატება.  მისივე განმარტებით, თანხის ნაწილი წავა უშუალოდ ბიუჯეტის დასახმარებლად, ნაწილი - კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე.

„გარდა ამისა, გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით , მაგალითად სასამართლოს დამოუკიდებლობის და ეფექტურობის გაზრდით, ასევე ციხის რეფორმის, სოფლის მეურნეობის და რეგიონალური პროექტების განხორციელების კუთხით“, - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა, რომელიც ამბობს, რომ მას ამხნევებს მომავალი ხელისუფლების ის განცხადებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშირდება.