„ვფიქრობ, დამფინანსებელი მიხვდება, რომ ფულის გადაყრა აღარ ღირს და ნაციონალების საქმე უფრო ცუდად წავა“

„ვფიქრობ, დამფინანსებელი მიხვდება, რომ ფულის გადაყრა აღარ ღირს და ნაციონალების საქმე უფრო ცუდად წავა“

54,18% გიორგი შენგელია; 42.84% სანდრა რულოვსი – ამ შედეგით დასრულდა შუალედური არჩევნები ზუგდიდში. გამარჯვებული მერის განცხადებით, ზუგდიდელებმა დაამტკიცეს, რომ მათ მშვიდობა და განვითარება სურთ. კონკურენტის გამარჯვებას არ აღიარებს ოპოზიცია და მომავალ გეგმაზე მუშაობას იწყებს. გეგმის ერთ–ერთი ნაწილია პროცესების რადიკალიზაცია, რაზეც მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, უკვე პარტიის წევრებიც საუბრობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ ქვეყანაში პროტესტის დიდი ტალღა დაიწყება, სანდრა რულოვსი კი ყველა სოფლის და რეგიონის ამომრჩეველს პირადად შეხვდება.

„ჩვენ ამ მოძრაობას ვიწყებთ, რა თქმა უნდა, - ზუგდიდიდან. ქალბატონი სანდრა შეხვდება ყველას, ის შევა ყველა სოფელში, ის მოივლის და დაიწყებს ამას ზუგდიდიდან და ის მოივლის სრულიად საქართველოს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

დამარცხების აღიარებას არ გეგმავს ზუგდიდის მერობის დამარცხებული კანდიდატი, სანდრა რულოვსი, რომლიც ამბობს, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება ივანიშვილის სასახლესთან.

„საპროტესტო ტალღა დაიწყება და მთელი საზოგადოება ღიად დააფიქსირებს თავის პოზიციას. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა უნდა დატოვოს. ყველა სოფელში, ყველა ქალაქში გუნდთან ერთად მივალ და აქციები ივანიშვილის შუშის სასახლესთან დასრულდება. ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან, უნდა დაგვანებოს თავი, იმიტომ, რომ მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა არის ყველასთვის ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, არ შეუძლია, არ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ, არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, სოფელს, ყველანი ერთად ხელიხელჩაკიდებულები უნდა მივიდეთ თბილისამდე და მოვიშოროთ ივანიშვილი. საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია და ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ერთად, მთელ გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ, მაგრამ ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს, რადგან არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება და ივანიშვილის გარეშე უნდა გავაგრძელო ამ ქვეყნის გადარჩენა და აღმშენებლობა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მეუღლეს მხარდაჭერას „facebook Live“–ით უცხადებს ქვეყნიდან გაქცეული ექს–პრეზიდენტი. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, არ აპირებს გაჩერდეს. მოუწოდებს აქტივისტებს, რომ დაირაზმონ და შექმნან მშვიდობიანი ტალღა, რომელიც წალეკავს ივანიშვილს.

„იმისთვის, რომ ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები საქართველოს რომელიმე ცალკე აღებულ პუნქტში, ან ქვეყნის მასშტაბით, ამის ერთადერთი მეთოდი არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მოშორება. მეტი გზა არჩევნების ჩატარების ფიზიკურად და თეორიულადაც არ არსებობს. ჯერ მოშორდება ივანიშვილი და მერე არის არჩევნები. ივანიშვილი და არჩევნები ერთად საქართველოში შეუთავსებელია.

მთლიანად მხარს ვუჭერს და ვუერთდები სანდრას მოწოდებას. არ ვაპირებთ გავჩერდეთ. ეს არ არის გასული წლის ნოემბერი, როცა მივიღეთ რაც იყო. ვერ ეღირსებიან. ბრძოლა გამარჯვებამდე. მე არ გავჩერდები არც ერთი წამით, ვიდრე ივანიშვილს არ ჩამოვაშორებთ საქართველოს მმართველობას. ახლა დრო არის დარაზმვის, ერთად შეკვრის და მშვიდობიანი ფართო მოძრაობის გაშლის. მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც წალეკავს ივანიშვილს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ტერმინი – პროცესების რადიკალიზაცია, მისაღებია გაერთიანებული ოპოზიციისთვის. ედპ–ს თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, პირადად მისი და გაერთიანებული ოპოზიციის პოზიცია არის ის, რომ მხარს უჭერენ პროცესების რადიკალიზაციას. როგორც ქარდავა ამბობს, ივანიშვილმა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გააუქმა არჩევნები და ამიტომ საჭიროა ბრძოლა მის დასაბრუნებლად.

„ზოგად, რაღაც რადიკალურ აქციებზე ვისაუბროთ, ამის მიმდევარი ნამდვილად არ ვარ. ყოველ პროტესტს უნდა ჰქონდეს თავისი მიზანი და, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს სწორედ საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და ამ ყველაფრისთვის ჩვენ დაგვჭირდება ქუჩაში პროტესტი.

ბუნებრივია, ამას ენის მოჩლექით მე არ ვიტყვი და დარწმუნებული ვარ, იგივე განწყობა არის გაერთიანებულ ოპოზიციაშიც. აუცილებლად მივმართავთ ამ ზომებს. პროტესტი და ასე ვთქვათ, ბრძოლა რადიკალური, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი და მე ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოველგვარ თანამშრომლობაზე უარს აცხადებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომლის განცხადებით, სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი, ეს არის ფუჭი ოცნება. მისი თქმით, „შენების მოძრაობის“ მთავარი ამოცანა, „ოცნების“ დამარცხებაა და მისი მოძრაობის წევრები, ექსპრეზიდენტთან ერთად, არანაირი ტიპის აქციაში მონაწილეობას არ გეგმავენ.

„მე ვიცი „შენების მოძრაობის“ გეგმები. ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის და ზუსტად ვიცით, რომ სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ესაა ფუჭი ოცნება. ჩვენ კი „ოცნება“ გვყავს დასამარცხებელი. ბოლო აქცია, რომელშიც სააკაშვილთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ეს იყო 2003 წლის ნოემბერი, „ვარდების რევოლუცია“ რომ ერქვა. მას შემდეგ 15 წელია მასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვგეგმავ“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ნაციონალური საპროტესტო აქცია რომ მარცხისთვის არის განწირული, ამის შესახებ საუბრობენ ანალიტიკოსები, თუმცა მათივე შეფასებით, როდესაც მოწოდება ხდება პროცესების რადიკალიზაციისკენ, ამით საგამოძიებო სტრუქტურა უნდა დაინტერესდეს. ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ძნელი საპროგნოზოა როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ზუსტად იცის, რომ რევოლუციის საფრთხე არ არსეობს, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

„რაც არ უნდა ილაპარაკონ პროცესების რადიკალიზაციაზე, თუ მათ მომხრეები არ ჰყავთ და ამის რესურსი არ აქვთ, ეს არ მოხდება. რევოლუციური სცენარის ალბათობა არის ძალიან მცირე, რეალურად არ არის. ამ ძალას რევოლუციის მოწყობის არანაირი რესურსი არ აქვს. უბრალოდ ლაპარაკობენ, ხმაურს ტეხენ, ეს ხომ მათი სტილია. არ გამოვა აქედან არაფერი და ეს კარგად ესმით პარტიაში, სადაც სხვადასხვა პოზიციები არის. ნიკა მელიას კომენტარიც ამას მოწმობს, რომ არ ეთანხმება რევოლუციურ სცენარს. რამდენჯერმე დააანონეს რევოლუცია, ამის საზოგადოებას უკვე არ სჯერა და ცხადია, რომ არც გამოვა“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ამის მიუხედავად, ზარდიაშვილი თვლის, რომ პოლიტიკოსების მოწოდება სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. იმედი აქვს, რომ განცხადება ყურადღების მიღმა არ დარჩება და თუ რაიმე საფრთხე არის, ამით შესაბამისი ორგანოები დაკავდებიან.

„მაგრამ ეს არის რიტორიკა მხოლოდ. რა თქმა უნდა, რიტორიკის იქით პროცესები არ განვითარდება. ილაპარაკებენ, ჰყავთ „რუსთავი 2“, რომლის მეშვეობით ატეხენ აჟიოტაჟს, მაგრამ ამის იქით ვერ წავლენ. რამდენი წელია რევოლუციით იმუქრებიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს. პოლიტიკური კამპანია საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა და ჩნდება ერთი კითხვა – ვინც არის დამფინანსებელი,  ვფიქრობ, მიხვდება, რომ ფულის გადაყრა აღარ ღირს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო ცუდად წავა ნაციონალების საქმე, ვიდრე ახლა არის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის დაკვირვებით, შუალედურმა არჩევნებმა ნათლად დაგვანახა, რომ ამომრჩეველის სურვილია პროცესების კონსტრუქციულ და საქმიან ვითარებაში წარმართვა. მისი თქმით, არსებობს ოპოზიციური მუხტი, მაგრამ ეს არ აისახება ქუჩაში.

„ქუჩის აქციები, დესტრუქციები, მობეზრდა ხალხს. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“ და მის გარშემო შეკრებულ ოპოზიციურ პარტიებს, ძალიან დაბალრეიტინგიან პოლიტიკოსების დესტრუქციულ განცხადებებს, ეს დესტრუქციული განცხადებები განცხადებებადვე დარჩება. ჩვენ გვახსოვს გარკვეული მეთოდები, წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაუმორჩილებლობაზე და ა.შ. მაგრამ ეს დაანონსებული აქციები არ შედგა, კიდევ უარესი - ბოლო პერიოდში გრიგოლ ვაშაძე საერთოდ არ ჩანდა პოლიტიკურ ასპარეზზე.

ასე რომ, საზოგადოება კონსტრუქციულად არის განწყობილი. ყველა ქვეყანაში პოლიტიკური არჩევნები წყდება საარჩევნო ყუთთან და არა ქუჩაში. დესტრუქციული პოლიტიკოსები ყოველთვის წამგებიან პოზიციაში არიან, იყვირებენ და ბოლოს დაიშლებიან. საზოგადოება მათ ქუჩაში არ უჭერს მხარს, საზოგადოებ მხარს უჭერს ჯანსაღ პოლიტიკურ და კონსტრუქციულ პროცესებს“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

Maverick ბაჩუკი ქარდავას: ქუჩაში პროტესტს მხარდამჭერები ჭირდება რაც თქვენი 0.00% კუხნის პარტიების ე.წ. გაერთიანებას არ ყავს, ამიტომ ჯერ პადიეზდებში და კუხნებში გააკეთეთ მოთელვები და მერე სადმე პერეულკებში ცადეთ ბედი.
P.S. არ გეგონოთ კუხნა-პადიეზდ-პერეულკების ქართული შესატYვისი არ ვიცოდე, უბრალოდ თქვენი საცოდაობის შემხედვარე მეტის ღირსი არ ხართ!...
2 თვის უკან
thrgg@yahoo.com ავაგოროთ საპროტესტო ტალღა სანდრა რულოვსის წინააღმდეგ, როგორც მტრული ძალის წინააღმდეგ, რომელიც ხალხს მოუწოდებს ძალადობრივი გზით გადააგდონ კანონიერად არჩეული ხელისუფლება და იქნებ დაგვასვენონ ცოტა ხნით და ქვეყნის განვითარებაზე ფიქრის და საქმის კეთების დრო მოგვეცეს სუყველას!!!
2 თვის უკან