ნაგავი პოლიტიკური დივიდენდებისათვის

ნაგავი პოლიტიკური დივიდენდებისათვის

თბილისის მერია ისეთივე უპასუხისმგებლო ქმედებებს აგრძელებს, როგორც ამას „ნაცმოძრაობის“ „ყვავილობის“ ხანაში აკეთებდა. რამდენიმე დღის თბილისის წინ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოკი იონათამაშვილი აცხადებდა, რომ

თბილისის მერია დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის განცალკევების მოდელზე მუშაობდა. დღეს კი თბილისის მერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ თბილისის მერია ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის განცალკევების საკითხს არ განიხილავს.

„ნაციონალურ“ გეგმებში ნაგვისა და ელექტროენერგიის გადასახადების გაცალკევება არც არასდროს შედიოდა და, სხვათა შორის, ამ გადასახადის გამო ცინიკური განცხადებების კეთება გიგი უგულავას ახლა არ დაუწყია - გრიბოედოვის თეატრში „ნაცმოძრაობის“ წევრებს და მომხრეებს წინასაარჩევნოდ რომ „ამუშავებდნენ“  უგულავა მაშინაც ანეკდოტივით ყვებოდა, როგორ თხოვეს არაბული ქვეყნების წარმომადგენლებმა კომუნალური გადასახადების ადმინისტრირებაში გამოცდილების გაზიარება. მათაც ასწავლეს, რომ ნაგვის გადასახადი დენზე მიებათ. შედეგად, თურმე საემიროებში მრავალათასიანი გაფიცვა და ხალხის პროტესტი მიიღეს, მაშინ როცა თბილისელები ამ გადასახადს  ხმის ამოუღებლად იხდიდნენ.  

როგორც კოკი იონათამაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, დენი და ნაგავი მხოლოდ წაგებული არჩევნების შემდეგ არ გახსენებიათ, არჩევნებამდეც ახსოვდათ და სწორედ ამ ფარგლებში რიგდებოდა 1000-ლარიანი ვაუჩერები, მათი გამარჯვების შემთხვევაში. როგორც მათ გაარკვიეს, თურმე თბილისელების უმეტესობა ამ 1 000-ლარიანი ვაუჩერების მოხმარებას სწორედ კომუნალური გადასახადების გადასახდელად გამოიყენებდა.

როგორც იონათამაშვილმა განგვიმარტა, რაკი არჩევნები წააგეს და 1000-ლარიან ვაუჩერებს ვერ დაარიგებენ, სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში დენისა და ნაგვის გადასახადების განცალკევების საკითხი, თუმცა იონათამაშვილმა არ დააკონკრეტა, რა მოდელზე იგეგმებოდა გადასვლა.

ამ საკითხის განსახილველად თბილისის მერმა გამარჯვებული კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატები დაპატიჟა, თუმცა პარლამენტარებმა წინასწარვე განაცხადეს, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედიოდა და მერთან სალაპარაკოდ თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მივიდოდნენ.
ახლა უგულავა ამბობს, რომ გადასახადები არ განცალკევდება, სამაგიეროდ

თბილისელებისთვის გადასახადების სხვა ოპტიმალური ვარიანტები გააჩნია. 
უგულავამ ჯერჯერობით ორი ვარიანტი შემოგვთავაზა: ვარიანტი A – არსებული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში, სეზონური ტარიფის შემოღებას გულისხმობს, ანუ ზამთარში ელექტროენერგია უფრო ნაკლები ეღირება, ვიდრე სხვა სეზონებზე, რადგან ზამთარში დენის მოხმარება მეტია. უგულავას ლოგიკით, ამ სისტემას თავისი უპირატესობებიც აქვს, თბილისში 25 ათასი ბინა დაკეტილია და შესაბამისად, თუ ბინა დაკეტილია, გადასახადსაც არ იხდის. 
ვარიანტი B – დასუფთავებაზე ფიქსირებული გადასახადის დაწესებას გულისხმობს და ეს ოჯახზე 7 ლარი იქნება.

რაც შეეხება სეზონურ ტარიფს, უგულავას მის შემოღებასთან ნამდვილად არაფერი ესაქმება, ეს სხვა უწყებების გადასაწვეტი საქმეა. შემდეგ კი უკვე შეეძლება ადგილობროივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს, გადაწყვიტონ, რომელი მოდელია ხალხისთვის უფრო მეტად მისაღები. საერთოდ, ტარიფებისა და კომუნალური გადასახადების საკითხს ის პარლამენტიც განიხილავს, რომელიც სავარაუდოდ, 20 ოქტომბრისთვის უკვე შეიკრიბება. უგულავას თუ სურდა, ქულები „ნაცმოძრაობისთვის“ ჩაეწერა, შეეძლო ტარიფების განცალკევების გადაწყვეტილება ამ უცნაური სპექტაკლების გარეშეც მიეღო.
როგორც ექსპერტი ვაჟა ბერიძე ამბობს, ამით მერია ცდილობს, ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში შეიჭრას.

უგულავას განცხადებით, „ვარიანტი B“ მისი აზრით უფრო ლოგიკური და საინტერესოა, ხოლო რაც შეეხება სოციალური ოჯახებისთვის შეღავათებს, ის ისევ გაგრძელდება. 

„ჩვენ შევთანხმდით, რომ 50 ათასი თბილისური ოჯახი ნებისმიერ შემთხვევაში გადაიხდის ტარიფის მხოლოდ ნახევარს“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მომავალ კვირასაც გაგრძელდება, რათა საკრებულოს უახლოეს სხდომამდე ოპტიმალურ ვარიანტზე შეჯერება მოხდეს.

ვაჟა ბერიძის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში სოციალური სამართლიანობა ირღვევა, მრავალრიცხოვანმა და ერთსულიანმა ოჯახმა ერთი და იგივე თანხა არ უნდა გადაიხადოს.

ექსპერტი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ნაბიჯია და ამით ნაციონალურ მოძრაობაც პოლიტიკური ქულების ჩაწერა სურს.

„გარკვეულწილად, ხვდებიან, რომ საზოგადოება ამ გადასახადის მიმართ ძალზე ნეგატიურად იყო განწყობილი. უკვე შეწინააღმდეგების პოტენციალიც აღარ გააჩნიათ და ასე ვთქვათ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს. ალბათ იმასაც ცდილობენ, რომ შემდეგ თქვან, ეს ჩვენი გაკეთებულიაო. გარკვეულწილად იმაშიც არის საქმე, რომ ეს მაინც თვითმმართველობის მოსაგვარებელი საკითხია, ჯერ თვითონ არიან თვითმმართველობებში უმრავლესობაში და შეუძლიათ გადაწყვეტა. მცდელობაა, რომ დაასწრონ ხელისუფლებას, თუმცა საბოლოო ჯამში რას აპირებენ, ცოტა გაურკვეველია,“- აცხადებს ებრალიძე.

როგორც დავით ებრალიძე განმარტავს, თუკი ტარიფი ფიქსირებული იქნება, მისი ადმინისტრირება შედარებით გაიოლდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უნდათ, რომ ტარიფი ცვალებადი იყოს, ალბათ საქმე გართულდება.

ვაჟა ბერიძის შეფასებით, ეს იყო უსამართლო გადასახადი, რომელსაც არანაირი ეკონომიკური დასაბუთება არ ჰქონდა და მოსახლეობისგან ფულის ამოღების ერთ-ერთი გზა და საშუალება იყო.

„მოგეხსენებათ, ის ბიუჯეტი, რომელიც თითქოს სოციალური პრობლემებისა და სხვა ქვეყნისთვის საჭირო პროექტების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი, არა ბიზნესის, არამედ ძირითადად მოსახლეობისთვის გადასახადების დამძიმების ხარჯზე ივსებოდა“ - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

მისივე განმარტებით, ეს ადრევე იყო შესაცვლელი, თუმცა აქამდე მოიტანეს და არჩევნებში რომ არ დამარცხებულიყვნენ, ამ საკითხს არც მიუბრუნდებოდნენ. მისივე თქმით, ეს გადასახადიც ნათლად აჩვენებს, რა სტილის პარტიულ-სახელმწიფოებრივ წარმონაქმთან გვქონდა საქმე.

„ახლა, უკან დახევით ერთი მხრივ ცდილობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შეინარჩუნონ გავლენა და რევანშისთვის მოემზადონ, მეორე მხრივ კი მაქსიმალურად შეუმცირონ დასაბეგრი ბაზა ახალ ხელისუფლებას“, - მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.

მისივე განმარტებით,  ახალი ხელისუფლება ტარიფების გადახედვას ისედაც გეგმავდა, რადგან ეს მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ვაჟა ბერიძე თვლის, რომ მოხდება როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი გადასახადების შემცირება მოსახლეობისთვის, რაც მათ მდგომარეობას შეუმსუბუქებს.

„ასეთად შეიძლება დასახელდეს გაზზე ტარიფის სავარაუდო შემცირება, ასევე ელექტროენერგიაზე ტარიფის შემცირება და სხვა, ეს ყველაფერი გაკეთდება თანმიმდევრულად და აუცილებლად“, - მიიჩნევს ბერიძე.

ვაჟა ბერიძე ამბობს, რომ როდესაც ნაგვის გადახდაზეა ლაპარაკი, ჯერ უნდა ვიცოდეთ რა ჯდება დასუფთავების სამსახურის შენახვა, ამის შემდეგ კი უნდა შეირჩეს სოციალურად სამართლიანი გადასახადი, რომელიც მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვება.