არჩევნების გამყალბებლის სკანდალური აღიარება! - "სამეგრელოში ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები!" - ხვიჩა ჟორდანია
"მე ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს სამხარეო შტაბის წევრი. შტაბს ხელმძღვანელობდა ზაზა გოროზია, ის იძლეოდა დავალებებს და ითხოვდა დაწვრილებით ინფორმაციებს. ჩვენთან გროვდებოდა მთელი სამეგრელოს ინფორმაცია, მუშავდებოდა და შემდეგ როგორც გოროზია ბრძანებდა, ისე ვმოქმედებდით - შავი ბუღალტერია პრობაციონერთა სიები, ციხიდან გასათავისუფლებელი ადამიანების სიები, "ქართული ოცნების" შესახებ ინფორმაციები - ვინ იყვნენ კოორდინატორები, შტაბის წევრები, როგორ შეიძლებოდა მათი მოსყიდვა, დაშინება და გადმობირება - აი, ეს ინფორმაცია იყრიდა თავს ჩვენთან შტაბში. მე ვკურირებდი ელექტრონულ მიმოწერებს, მევალებოდა ინფორმაციების შეგროვება, დაჯამება და დამუშავება ბოლო ორი თვის განმავლობაში - მანამდე ციხეში ვიჯექი", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს შტაბის წევრი ხვიჩა ჟორდანია გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით არჩევნების გამყალბებლის სკანდალური აღიარება! / ხვიჩა ჟორდანია: ვიცოდი, რომ დანაშაულს ჩავდიოდი! / 2008 წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს, პირადად მე დავამზადე 8 ათასი ცალი ყალბი პირადობის მოწმობა!"
"დიახ, ამისთვის გამომიშვეს, ისედაც მეწურებოდა ვადა, მაგრამ 22 დღით ადრე გამომიყვანეს. მშობლებთან მივიდნენ - ციხიდან გამოვიყვანთ და ჩვენთან უნდა იმუშაოსო. ქურდობისთვის - საკრედიტო ბარათიდან თანხის უკანონოდ მოხსნის გამო ვიყავი დაკავებული. 1 წელი მქონდა პატიმრობა და 5 წელი პირობითი მსჯავრი - მეუბნებოდნენ, რომ არჩევნების შემდეგ მომიხსნიდნენ. არჩევნების დღეს შექმნილი იყო საინფორმაციო ცენტრი, სამეგრელოში 375 საარჩევნო უბანია და ყველა ამ უბნიდან ვიღებდით ინფორმაციებს ჩვენი კოორდინატორებისგან. პირადად მე შევქმენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამა - საარჩევნო უბანზე თუ ფიქსირდებოდა რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხმების 60%-ზე ნაკლები ჰქონდა მიღებული, ის უბანი ავტომატურად წითლდებოდა... არჩევნებზე ყველანაირი ხერხი იქნა გამოყენებული - ე.წ სომხური კარუსელები, ჩვეულებრივი კარუსელები, ყალბი პირადობის მოწმობები, ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა და ა.შ. ბოლო ორი თვის განმავლობაში გოროზია ზუგდიდან არ გასულა, პირადად კონტროლზე ჰქონდა ყველაფერი აყვანილი" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხვიჩა ჟორდანია.
"წინასწარ იყო დამზადებული ყალბი პირადობის მოწმობები. მოსყიდულ ხალხზე, ვისაც ბოლომდე მაინც არ ენდობოდნენ, სომხური კარუსელები ჩაატარეს. იყო ასევე რამდენიმე "მწვანე უბანი", სადაც ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა - "მწვანე უბანს" ეძახიან იმ საარჩევნო უბანს, რომელზეც კომისიის ყველა წევრი მოსყიდულია. ზუგდიდში დაახლოებით 5 ასეთი უბანი იყო, რაიონებში - უფრო მეტი. ჩვენთან შემოსული ინფორმაციის თანახმად, აბაშის რამდენიმე უბანზე "ქართული ოცნების" კომისიის წევრები მოსყიდული იყვნენ.რაც შეეხება სხვა პარტიებს - ლეიბორისტების, "ქრისტიან-დემოკრატების" კომისიის წევრები მთელ სამეგრელოში "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ მუშაობდნენ!.. პროფესიით იურისტი ვარ, კანონებს, ასე თუ ისე, ვიცნობ და ვიცოდი, რომ დანაშაულს ჩავდიოდი, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, რომ თუ ნაციონალების მითითებით დანაშაულს არ ჩაიდენდი, რაც უნდა უდანაშაულო ყოფილიყავი, ბოლოს მაინც დამნაშავედ გამოგიყვანდნენ და დაგიჭერდნენ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"არჩევნების ღამითვე, სანამ ცესკო დაიწყებდა შედეგების გამოქვეყნებას, ჩვენ უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ მთელ საქართველოში არჩევნები წააგო "ნაციონალურმა მოძრაობამ". ვნახე, რომ ქართველი ხალხი ფეხზე დადგა, შიშის ფაქტორი გაქრა და მეც უკვე აღარ მეშინოდა ისე, როგორც ადრე - ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი - ვერ გავბედავდი ამას, რადგან 5 წლით შემაბრუნებდნენ ციხეში. მე 3 ოქტომბრის შემდეგ წამოსული ვარ ზუგდიდიდან და თბილისში ვიმალები. არანაირი საკომუნიკაციო საშუალება არ მაქვს, მაგრამ ზუგდიდში ჩემს დედ-მამასთან რეკავდნენ და ემუქრებოდნენ, ჩუმად იყოს თქვენი შვილი, თავი არ დაიღუპოსო... იქ არიან ბიჭები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ და იცავენ ჩემს ოჯახს", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "როგორც ვიცი, სასამართლო პროცესზე გამოხვედი და მოყევით ამ ყველაფერს, რასაც ახლა ლაპარაკობთ..." - პასუხობს:
"დიახ, სასამართლოზე გამოვედი და ყველაფერი ვთქვი. პროცესს ესწრებოდა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი გიორგი ფიფია, რომელიც არჩევნების გამყალბებელია დან 2008 წელს ჩემთან ერთად მონაწილეობდა არჩევნების გაყალბებაში. დიახ, 2008 წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს პირადად მე დავამზადე 8 ათასი ცალი ყალბი პირადობის მოწმობა. მომცეს სპეციალური პრინტერი და ორი ბეჭედი, რომლითაც უნდა დამოწმდეს პირადობის მოწმობა, მოჰყავდათ ხალხი, რომლებსაც სურათებს ვუღებდით და ყალბ პირადობებს ვაძლევდით. პიროვნებები, რომლებიც ამ ყალბი პირადობების კარუსელზე დადიოდნენ, ხელებს მთლიანად იბანდნენ მარკირების სითხეში, რის შედეგადაც მარკირების აპარატი ლაქას ვეღარ აფიქსირებს! ეს მარკირების სითხე და აპარატი გადმომცა პირადად გიორგი ფიფიამ. ეს ყველაფერი ფიფიას სასამართლო პროცესზე გავახსენე. პასუხი არ გაუცია - არ ეყო თავხედობა, რომ უარი ეთქვა".
"ახალი ხელისუფლება გადაწყვეტს, როგორც მომექცეს. დანაშაული მაინც არ დაიმალებოდა. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე მეღიარებინა და ხალხისთვის მეთქვა, რაც ხდება რეალურად! სამეგრელოში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და მარტო ახლა კი არა, ყოველთვის ასე ხდებოდა. მთავარი დამნაშავეები არიან ზაზა გოროზია, რომელიც სამეგრელოს შტაბს ხელმძღვანელობდა და ზუგდიდის შტაბის უფროსი ლაშა დამენია - ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა ისე, ამ ორ კაცს რომ არ სცოდნოდა. ამ არჩევნებზე პირადად მე არ დამიმზადებია, მაგრამ ვიცი, რომ 8 ათასზე გაცილებით მეტი ყალბი პირადობის მოწმობა დამზადდა. პრობაციონერი შტაბში მხოლოდ მე ვიყავი. საერთოდ, ორი ადამიანის გარდა ყველა იყოს გოროზიას თანაშრომელი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან", - ამბობს ხვიჩა ჟორდანია.
"არჩევნების დღეს არა, მაგრამ წინა დღეებში ბევრი ფული დაარიგეს. თანხებს "ქეშად" არიგებდნენ. იყო ოჯახი, რომლის გადმობირებაც 100 ლარი ჯდებოდა, იყო ოჯახები, რომლებიც 2 ათას ლარად მოისყიდეს - "კარდაკარის" პროგრამის დროს შეისწავლეს ყველა ოჯახის მდგომარეობა, ვის რა სჭირდებოდა და ვის როგორ უნდა მიდგომოდნენ. იყო ოჯახები, ვისაც ფულით ვერ მიუდგნენ, მაგრამ დაემუქრნენ და დააშინეს - დაშინებას ახორციელებდა როლანდ ახალაიას ხალხი, პროკურატურის თანამშრომლები. პრობაციის სამსახურიც აფრთხილებდა პრობაციონერებს, რომ 5-იანი შემოეხაზათ... მარტო მე კი არა, მთელი სამეგრელო ამას ამბობს: სამეგრელოში ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები!" - დასძენს ხვიჩა ჟორდანია.