სად გადის ზღვარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და სამართლის აღსრულებას შორის?

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და სამართლის აღსრულებას შორის?

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უმაღლესი თანამდებობის პირებს თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდებათ. ამის შესაძლებლობას მათ ”საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” პრეზიდენტის ბრძანებულებაში შეტანილი შესაბამისი შინაარსის დამატება აძლევთ.

პირები, რომელთაც თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიძლება დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდეთ, არიან პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მდივნის მოადგილეები, მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები, გენერალური პროკურორი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, პრეზიდენტის მრჩევლები, თანაშემწეები, პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, ამავე სამსახურის მთავარი კონსულტანტები და კონსულტანტები, ასევე მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილეები, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები, პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები, პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უშიშროების, ევროინტეგრაციის კომიტეტების აპარატის უფროსები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორის მოადგილეები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები, თბილისის მერი, პრემიერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და სხვა თანამდებობის პირები.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში გარკვეული ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღოს. ამ ეჭვებს „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში კონკრეტული პირების აქტიური მიმოსვლაც აძლიერებს. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლადი ივანიშვილის რეზიდენციაში უკვე არაერთხელ იყო მისული. ამას ემატება „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიზნეს-ცენტრში უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას ვიზიტიც, რომლის შემდეგაც ითქვა, რომ მხარეებს შორის შეხვედრაზე საქართველოს მომავალზე და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაზე იყო საუბარი. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს, ანუ 12 ოქტომბერს, ივანიშვილთან ჯერ რიჩარდ ნორლანდი მივიდა, შემდეგ გიგა ბოკერია, ხოლო დღის მეორე ნახევარში ნორლანდი „ქართული ოცნების“ ლიდერის რეზიდენციას კვლავ სტუმრობდა. რას უკავშირდება ივანიშვილის რეზიდენციაში ამერიკის ელჩის ასეთი ხშირი სტუმრობები და შესაძლოა თუ არა, რომ პრეზიდენტის მიერ დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მისი მხრიდან გარკვეულ პრევენციას ემსახურებოდეს, რადგან უკვე რამდენიმე დღეა სხვადასხვაგვარი ინფორმაციები ვრცელდება რამდენიმე მინისტრის ადგილსამყოფელის შესახებ. ამიტომ ჩნდება კითხვა, ხომ არ აპირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელშეუხებლობის გარანტიების მიღებას და ქვეყნის დატოვებას? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით for.ge-ს პოლიტიკური ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრება.

ხათუნა ლაგაზიძე: „პირველი ასოციაცია, რაც ადამიანს უჩნდება, სწორედ ეს არის, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ნებისმიერ მათგანზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა, ამ შემთხვევაში მათ დიპლომატიური პასპორტები ვერ უშველით. შესაძლოა, მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი თემა ესეც იყო, რადგან თუ არ ვცდები, „ქართული ოცნების“ რომელიღაც წარმომადგენლის კომენტარი იყო ასეთი, რომ ისინი ამ ტიპის შეღავათის დაწესების წინააღმდეგნი არ არიან. როგორც ჩანს, მსგავსი რაღაც განიხილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავისუფალი მიმოსვლის უფლება ჰქონდეთ, მაგრამ ვიმეორებ, თუკი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ვერანაირი დიპლომატიური პასპორტი ვერ დაგიცავს. თუმცა ფაქტია, რომ ეს რაღაც შეღავათებისთვის, ანუ თავისუფალი მიმოსვლისთვის კეთდება.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ თემის გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული პირების აქტიური მიმოსვლა? მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ივანიშვილის რეზიდენციაში უკვე არაერთხელ იყო მისული, მათ შორის ორჯერ იყო მისული იმ დღეს, როდესაც ბიზნეს-ცენტრს გიგა ბოკერია სტუმრობდა. ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს?

– სხვა ჟურნალისტებმაც დამირეკეს და მკითხეს, რატომ შეიძლებოდა ივანიშვილთან ბოკერია მოსულიყო და ამაზე საუბრისას რიჩარდ ნორლანდის ხშირი ვიზიტები მე თვითონ მოვიშველიე. მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება - საგარეო-პოლიტიკური და ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით ჩვენ შეგვიძლია ძალიან აქტიურად ვითანამშრომლოთო. მისი ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რამდენჯერმე ნახსენებ ფუნდამენტურ განსხვავებებს თავისთავად გამორიცხავს. რა ფუნდამენტურ განსხვავებებზეა საუბარი, როდესაც ასეთი აქტიურობით და სიხშირით მე მგონი ამერიკის არც ერთ ელჩს არ უვლია საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან, თუ არ ჩავთვლით რიჩარდ მაილსს 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, აქცენტები საგარეო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების თემებზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ხომ არ უკავშირდება ირანის თემის გააქტიურებას, ანუ უფრო სიღრმისეული პრობლემა ხომ არ არის, ვიდრე ცალკეული სახელმწიფო მოხელეების პირადი უსაფრთხოების საკითხი, რადგან ამაზე ინფორმაცია ხშირი არ არის, მაგრამ აქა–იქ გაკრთება ხოლმე, რომ შეიძლება ობამამ ირანზე გარკვეული ტიპის სამხედრო ოპერაცია არჩევნებამდე განახორციელოს, რაც მას მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევის გარანტიებს მისცემსო.

სხვათა შორის ამაზე თვეების წინ ბჟეჟინსკიც წერდა და უშვებდა იმის ალბათობას, რომ თუ ობამას პრეზიდენტობის პირობებში ირანზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იქნება. ბოლო დღეებშიც რაღაც მსგავსი ტიპის ინფორმაციები გაჩნდა. ამიტომ, მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვსაუბრობ ამაზე, რადგან აბსოლუტურად არანაირი ხელჩასაჭიდი არ მაქვს, მაგრამ ნორლანდის ასეთ ხშირ ვიზიტებს ვერ ვხსნი. როდესაც ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მიმართულების პირველი პირების საკითხი წყდებოდა, მაშინ გასაგები იყო ამერიკის ინტერესი და ამ ვიზიტების ინტენსივობაც ახსნადია, რომ საგარეო თავდაცვით მიმართულებას სხვა კურსი არ მიეღო და პროამერიკელი შემადგენლობით ყოფილიყო დაკომპლექტებული, რაც მოხდა კიდეც. მაგრამ ახლა, როდესაც დარჩა ფინანსური და ეკონომიკური, ასევე განათლების ბლოკი, ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ამერიკის ელჩი ივანიშვილთან შეხვედრაზე დღეში ორჯერ მიდიოდეს. თუმცა არც ეს გამოირიცხება, რადგან ეკონომიკა ამერიკისთვის ისეთივე ინტერესის სფეროა, როგორიც საქართველოს თავდაცვის და საგარეო კურსია. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ასეთი გახშირებული ვიზიტები მხოლოდ საკადრო საკითხებზე არ უნდა იყოს მიბმული.

გარკვეულ კითხვებს ბადებს ამ ვიზიტების ქრონოლოგიური განხილვაც, რადგან 12 ოქტომბერს ივანიშვილთან ჯერ რიჩარდ ნორლანდი იყო მისული, შემდეგ გიგა ბოკერია და დღის მეორე ნახევარში ისევ ნორლანდი. ამიტომ ჩნდება კითხვა – ხომ არ არის გარკვეული მოლაპარაკება, რომელსაც ამერიკის ელჩი მეურვეობს?

– არც ეგ არის გამორიცხული, რადგან დასავლეთი პრესა წალეკა იმან, რომ არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომ ეს მხოლოდ დემოკრატიის გზაზე შედგომი ნაბიჯია და ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეძლებს ეს ორი პოლიტიკური ძალა თანაცხოვრებას. ფაქტია, რომ დასავლეთი არ მიესალმება ანგარიშსწორებას, თუმცა თავად ანგარიშსწორება ცუდი განსაზღვრებაა. არსებითი არის ის, თუ რა ჩარჩოებში მოექცევა სამართლის აღსრულება და როგორ შეაფასებს ამას დასავლეთი. თუ ის, რასაც ჩვენ სამართლის აღსრულებას ვეძახით, დასავლეთისთვის ანგარიშსწორებაა, მაშინ არ მესმის, ყველაფერ იმის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, რატომ უნდა აღიქმებოდეს მისი წამყვანი ფიგურების პასუხისგებაში მიცემა და სამართლის აღსრულება, ანგარიშსწორებად?! ამიტომ არ შემიძლია ზუსტი პასუხის გაცემა, რას შეიძლება ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს.

ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნების შემდეგ გამოჩნდნენ წართმეული ბიზნესების ყოფილი მეპატრონეები, რომლებიც აცხადებენ, რომ თავიანთი საკუთრების უკან დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ. თუ გავითვალისწინებთ ივანიშვილის განცხადებას, რომ სამართლის აღსრულებაში იგი არ ჩაერევა და ამას მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლო გააკეთებს, ცხადია, რომ ეს ასეც მოხდება, რადგან მომჩივანები უკვე გამოჩნდნენ და უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ ძალიან ბევრი გამოჩნდება. ამდენად, სად შეიძლება გადიოდეს ზღვარი პოლიტიკურ რეპრესიებსა და სამართლის აღსრულებას შორის და თქვენი აზრით, როგორ დაინახავს ამ ყველაფერს დასავლეთი?

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ დაანახვებენ დასავლეთს სამართლის აღსრულებას და თავად გამოძიება და სასამართლო განხილვები რამდენად ღია იქნება. სასამართლოს გახსნილობა ძალიან ბევრ რამეს გააიოლებს. „ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლეს ეშელონებში ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ იმსახურებდეს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია მათ მიმართ აღსრულდეს სამართალი, რათა ხვალ და ზეგ იგივეს გაკეთების ცდუნება ახალ ხელისუფლებას არ გაუჩნდეს.

რაც შეეხება განსხვავებას პოლიტიკურ რეპრესიებსა და სამართლის აღსრულებას შორის, აქ ზღვარი ძალიან ძნელი გასავლებია. იგივე 2003 წლის შემდგომი პერიოდი რომ გავიხსენოთ, როდესაც ყოფილ ჩინოვნიკებს იჭერდნენ, შეიძლება ბევრი მათგანი სისხლის სამართლებრივ დევნას მართლაც იმსახურებდა (როგორც დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი პირები), მაგრამ რა ფორმითაც ეს კეთდებოდა, ეს სუფთა პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო, ანუ სახლებში შევარდნა, ვიდეოკამერებით ცოლ-ქმრის, უკაცრავად და, საცვლების ამარა გადაღება და ა.შ. ამიტომ სამართლის აღსრულება (გააჩნია რა ფორმით იქნება ეს გაკეთებული) შეიძლება წმინდა წყლის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გადაიქცეს. შეიძლება მოტივაცია ანგარიშის გასწორების იყოს, მაგრამ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ ეჭვი მეპარება, რომელიმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არასამართლიანი იყოს. ამიტომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება ფორმა, რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი.

თუ გავითვალისწინებთ 2003 წლის რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ალბათ ლოგიკური იქნება, რომ „ნაციონალებს“ ახალი ხელისუფლებისგან გარკვეული ხელშეუხებლობის გარანტიების მიღება სურდეს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა მათაც ამ მეთოდებით გაუსწორდნენ

– რა თქმა უნდა, მათ ენდომებათ, მაგრამ მეორე მხარეა, რამდენად ღირს მათთვის ამ გარანტიების მიცემა. ის ვინც, თუნდაც მხოლოდ ის ციხის დანაშაულები ჩაიდინა, რაც ჩვენ ვნახეთ, ვინც ამის იდეოლოგი იყო (ეს იყო მიდგომა და არა ცალკეული შემთხვევა), ვინც ეს დაამკვიდრა, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები დაუსჯელები დარჩნენ, ისინი ხომ დამნაშავეები არიან და საზოგადოებისგან იზოლირებულები უნდა იყვნენ. რომელი ევროპელი მოითმენს, ვინმემ მოსთხოვოს, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე სამართალი არ აღასრულონ? ამას არავინ დათანხმდება და ჩვენ რატომ უნდა დავეთანხმოთ?