მსახიობებს საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არააორდინალურ მდგომარეობაში უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის.
დღევანდელ წერილში რამდენიმე სახალისო მოგონებას შემოგთავაზებთ და თავდაპირველად სიტყვა ქალბატონ ნინო ჩხეიძეს გადავცეთ.
ნინო ჩხეიძე: „ერთხელ საშობაო გადაცემას ვამზადებდით თეატრში. ეს გახლდათ ვაჟა - ფშაველას მოთხრობა „ტყის კომედია“, სადაც მთავარი მოქმედი გმირები თაგვები იყვნენ. გამოგვიძახეს მე, ლენა ყიფშიძე, შოთა მშვენიერაძე, ვაჟა ფირცხალაიშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან და ბადრი ბეგალიშვილი მუსკომედიიდან.
ვითამაშეთ რამდენიმე სპექტაკლი და ერთხელაც თეატრში მისულს ჩემს სახელზე დამხვდა რუსულად შევსებული უზარმაზარი კონვერტი. გავხსენი, შიგნითაც რუსულად წერია. ამას მე რა გამაგებინებს - მეთქი და სასწრაფოდ მივკუსკუსდი ლენასთან, წამიკითხე, ერთი, ვინ არის, რას მწერს, რა უნდა ჩემგან - მეთქი?
სანამ გავარკვევდით, ვინ იყო და რა იყო, კონვერტში ჩადებული სურათიც აღმოვაჩინეთ, საიდანაც ვიღაც გაჩხიკინებული, სათვალიანი, ნაავადმყოფარი სახის ბიჭი იყურებოდა. მისი შემხედავი იტყოდით, ერთი სულის შებერვაღა აკლია და წაიქცევაო.
თურმე ეს საწყალი ყურებამდეა ჩემზე შეყვარებული. არ დაგავიწყდეთ, მე ამ დროს სამოცდაათ წელს არაფერი მიკლია და ის ბიჭი კი ოცდაათის არის.
სიყვარულის ახსნასთან ერთად მწერს, სიმაღლით ვარ ას ოთხმოცდაათი სანტიმეტრიო, ორმოცდაათი კილო წონითო და თუკი რამეს წევრი იყო - წითელი ჯვრის, ტყის მეგობრის, ბუნების დაცვის, წყალში დამხრჩვალთა თუ არდამხრჩვალთა, თუკი სადმე გაევლო, რომელიმე საზოგადოებაში, სუყველაში გაწევრიანებულა და ყველას ქსეროასლი დევს ამ კონცერტში. მწერს ეს ორმოცდაათკილოგრამიანი კაცი, ძალიან მიყვარხარო, უნდა გამომყვე ცოლადო. ისეა გაგიჟებული, რომ ქორწილსაც ვეღარ უცდის და კანკალებს ჩემი ნდომით.
ამის შესახებ რომ გაიგეს თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა, გაგიჟდნენ, ხარხარებენ, ხითხითებენ, დაოსდნენ სიცილისგან. მე, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ მიმიღია ჩემი „გაჩხიკინებული პაკლონიკის“ სიყვარულის ფეთებები. ვიფიქრე, შტერია ვიღაცა - მეთქი და ასე მივივიწყე ეს ამბავი.
გავიდა ერთი თუ ორი კვირა, თეატრში კრება მოიწვიეს, დარბაზში ზის მთელი შემოქმედებითი კოლექტივი, ადმინისტრაცია და უფროსობა. გადის საკითხი ასაკოვანი მსახიობების პენსიაზე გასვლის შესახებ. ჩამოთვალეს ისინი, ვინც საპენსიო ხალხი იყო და მეც აღმოვჩნდი ამ სიაში. წამოხტა ცხონებული შოთა მშვენიერაძე და მიმართა თეატრის დირექციას - ვის უშვებთ თქვენ პენსიაზე, ნინიკო ჩხეიძესო? კაცი ვენებს იჭრის ამის სიყვარულით, არ დაღუპოთ ქალი, ბედი კარზე მოსდგომიაო. სამოცდაათი წლის ქალს თხოულობს ოცდაათი წლის კაცი და ახლა უშვებთ პენსიაზეო?
უნდა გენახათ რა სიცილ - ხარხარი ატყდა დარბაზში. რა თქმა უნდა, ხალხი გაუშვეს პენსიაზე, მე კი გადავრჩი, როგორც გასათხოვარს არ შემეხო საპენსიო ასაკი.“
დიმიტრი ტატიშვილი: „როდესაც მუშაობა დავიწყე განგებამ მარჯანიშვილის თეატრში გამანაწილა. რაც არ უნდა იყოს, ჯერ ახალგაზრდა მსახიობი ვარ. ქეიფობის სერია მიდიოდა იმ დროს. წამიყვანეს საქეიფოდ. უარს როგორ ვეტყოდი თეატრის კოლორიტთა - კოლორიტს გოგი გელოვანს?
მოკლედ, კარგად ვიქეიფეთ. წავედი სახლში, თაგვივით მთვრალი ვარ. დილით ძმაკაცი მესტუმრა ქუთაისიდან „ვსვიიიით“ - ვაი დედასა! საღამოს რეპეტიციაა. მივედი და რას ვხედავ? - შესასვლელი კარი დაკეტილია. დამცეცხლა. როგორია, რეპეტიციაა და არ მიშვებენ. გავიწიე და თხა და გიგოსავით ვეძგერე კარს. მალე ვიგრძენი, რომ თავიდან ოფლის გარდა, სისხლიც გადმომდიოდა.
- რას აკეთებ, ბიჯო, შენ აქ? - დამადგა მორიგე მილიციელი.
- კარს დავეჯახე და უკან გადმოვვარდი, - არ დავმალე ფაქტი.
- ვაა, ყოჩი ხარ? რის კარს დაეჯახე, შენა?
- თეატრის, - დავაწექი ჩვენებას. - რეპეტიციაა „საბრალდებო დასკვნა.“
ამ დროს გარეთ თეატრის დარაჯმა გამოიხედა.
- რად აკავებთ? - ეკითხება მილიციელს.
- რეპეტიციაზე მივდივარო...
- ვაა!... გაუშვი რა! გაუშვი, ისე დღეს დასვენების დღეა - ორშაბათი, გაუშვი.“
გოგი ქავთარაძე: „ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში სტუმრად გვყავდა რუსი მსახიობი იური იაკოვლევი, რომელსაც სწორედ ჩვენთან შეუსრულდა 50 წელი. თეატრში რაღაც ღონისძიება იყო. მე დავრჩი. იაკოვლევი, რამდენიმე მსახიობთან ერთად, რესტორან „გელათში“ გავისტუმრე.
ცხადია, გაიშალა დიდებული სუფრა, ბრწყინვალედ მღერის ქუთაისის დასი. ჰოდა, ამღერდნენ მსახიობები და აჰყვნენ ნაირნაირი კერძებით ხელდამშვენებული ოფიციანტები. რა სასწაულად მღერით, ეს ყველაფერი დადგმულიაო? - გაგიჟდა თურმე სტუმარი.
თეატრში როგორც კი დასრულდა ღონისძიება, რამდენიმე მსახიობთან ერთად, ფაფახებით, ნაბადებითა და სპორტული იარაღით აღჭურვილებმა ალყა შემოვარტყით რესტორანს და იაკოვლევი გამოვიძახეთ. გამოჩნდა თუ არა, მაშინვე „ტყვიები“ დავახალეთ. იდგა დაბნეული, შიშით დაზაფრულს ვერ გაეგო, რას ვერჩოდით. ბოლოს, ფანჯარაში გადმომდგარს, ფიალებზე ანთებული სანთლებით მივულოცეთ დაბადების დღე...“
თენგიზ გიორგაძე: „თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე სამსახიობო კარიერა რუსთაველის თეატრში დავიწყე. საყვარელ მსახიობებთან სიახლოვით და საკუთარი წარმატებებით აღტაცებული, სვანის სიყვარულივით დავფრინავდი და უცებ სამხედრო კომისარიატიდან „მოსაწვევი“ მომიტანეს. როგორც გავარკვიე, „დასასვენებლად“ მიწვევდნენ ავღანეთის თოვლიან ფერდობებზე.
იმ დროს, ყოველდღე ათი მეომრის ცხედარი მაინც ჩამოჰქონდათ საქართველოში და რაღა დაგიმალოთ, ცინკის კუბოში საწოლად თავი არ მემეტებოდა. დეზერტირობის ტაქტიკა ავირჩიე. ერთხელ მოვახერხე გაპარვა, მეორე გაწვევაზე კაბინეტში შევუვარდი და მაგიდის ქვეშ ვეცი ფეხებზე კომისარს. კომისარიატში შევარდნილს შეშინებული ადიუტანტები უკან დამდევდნენ და ჩემი გარეკვის უშუალო მოწმენი აღმოჩნდნენ. ვყვიროდი, უნდა დამეხმაროთ, მე ტანკზე მინდა ჯდომა - მეთქი.
როგორც იქნა, გამომათრიეს და მიმაბარეს ავლიპ ზურაბიშვილს. ბატონმა ავლიპმა განსაკუთრებული დიაგნოზი დამისვა. გიჟის კვალობაზე ჯერ ძალიან კარგად ვიქცეოდი, მერე კი დავიწყე „ჩემნაირების“ აჯანყება და დემონსტრაციების მოწყობა. კორპუსის დერეფანში ვითხოვდით „იკრას“, „ასატრინას“, მწვადებს, შამპანურს, ქალებს... ვმღეროდი სატრფიალო სიმღერებს, ხან კარუზო ვიყავი, ხან ბულბულ-ოღლი.
იმდენი ექიმი გამოვიცვალე, მსოფლიოს გიჟებს ეყოფოდათ. ჩიოდა ავლიპი, „ეს ვინ ყოფილა, კაცო, მთლად გადამირია გიჟებიო“. ავლიპის პაციენტთა „სასტავში“ მოხვედრა ადვილი არ იყო, მაგრამ მასწავლიდნენ, მსახიობისთვის ამპლუა არ უნდა არსებობდესო და მეც გავრისკე შერეკილობა. ჩაიარა ამ ამბავმა. მას შემდეგ სულ ვეხვეწები, კომპეტენტურ „მოხელე - ნაჩალნიკებთან“ სამხედრო წვრთნა მაინც მიმაღებინეთ - მეთქი და „რატომღაც“, ყოველთვის ცივი უარით მისტუმრებენ“.