ამერიკულმა Sports Illustrated-მა 2019 წლის NBA-ს დრაფტისთვის სია განაახლა და სასიხარულოა, რომ მე-10 ადგილი ქართველ ტალანტ გოგა ბითაძეს მიუჩინა. ეს უმაღლეს პოზიციაა, რაც კი გოგას წინასადრაფტო რეიტინგებში დაუკავებია.
SI-ის ვერსიით, 19 წლის ბითაძე “ატლანტა ჰოუქსმა” უნდა აიყვანოს, რომელმაც აღნიშნული დრაფტ-პიკი “დალას მავერიქსისგან” მიიღო. აი, რას წერს აღნიშნული ვებგვერდი.
“ბითაძე ატლანტელთათვის კარგი არჩევანი იქნება. მან ცენტრის პოზიციაზე არსებული ვაკანსია ხანგრძლივი დროის პერსპექტივაში უნდა შეავსოს. ქართველი ცენტრი ნბა-ში გადაბარგების იმ პროდუქტიული სეზონის მერე აპირებს, რომელიც “მეგა ბემაქსსა” და განათხოვრების წესით, “ბუდუჩნოსტში” გაატარა. ბითაძეს საკმარისი შესაძლებლობები აქვს, რათა NBA-ში წარმატებული სტარტი აიღოს”.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს ბრუკლინის “ბარკლაი სენთერში” ჩატარდება და წინასწარი ვარაუდით, ქართველ კალათბურთელს პირველ რაუნდში ანუ 30 მოწინავეში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. ვთქვათ ისიც, რომ SI-ის კლასიფიკაციაში გოგას ევროპელთა შორის უმაღლესი ადგილი უკავია და მათ შორის, ფრანგ სეკუ დუმბიასაც უსწრებს.