ზუგდიდში რულოვსის გამარჯვება ნიშნავს სააკაშვილის სრულფასოვან დაბრუნებას პოლიტიკაში

ზუგდიდში რულოვსის გამარჯვება ნიშნავს სააკაშვილის სრულფასოვან დაბრუნებას პოლიტიკაში

„რულოვსს თავს დაესხნენ მაშინ, როდესაც იქ იყო ფოტოგადაღება - ჟურნალისტები ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ, ამ პირების ამოცნობა ხელისუფლებისთვის არ იქნება რთული. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს რა მოხდა სინამდვილეში," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 14 მაისს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, სადაც „გაერთიანებული ოპოზიციის" მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს თავს დაესხნენ.

15 მაისს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას დაგეგმილ ვიზიტზე, 19 მაისს გასამართ შუალედურ არჩევნებსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე „რეზონანსი" ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, ზუგდიდის შუალედურ არჩევნებში რა შანსები აქვს სანდრა რულოვსს?

ვ.ძ.: ვისურვებდი, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს და ნაკლებად იყოს ისეთი ექსესები, როგორიც დღეს ვიხილეთ, რაც უბრალოდ ჩრდილს აყენებს არჩევნების შედეგებს და მოსახლეობაში არასტაბილურობის განცდას ტოვებს.

შუალედურ არჩევნებზე თუ „ქართული ოცნება" შეძლებს ამომრჩევლის მიყვანას და მათ მობილიზებას, შედეგები უფრო ახლოს იქნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან.

როგორც წესი, შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველი ნაკლებად მიდის, ნაკლები ინტერესი აქვს, თუმცა ეს უფრო საპარლამენტო არჩევნებს ეხება, დავუშვათ მთაწმინდის ამომრჩეველს.

გარკვეული ფორა უფრო ხელისუფლებას აქვს, არა იმიტომ, რომ უკეთესი პოლიტიკური ძალაა, უბრალოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაა. ხელისუფლებას კი ყოველთვის აქვს გარკვეული ფორა ოპოზიციასთან მიმართებაში. ამიტომ, მგონია, რომ ზუგდიდში უფრო „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, ვიდრე სანდრა რულოვსი.

ზუგდიდში არჩევნების წაგება „ქართული ოცნებისათვის", ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ის 2020 წლის არჩევნებისთვის მინიმუმ სამეგრელოს მთელ ოლქს დაკარგავს, თუ დასავლეთ საქართველოსაც არა.

ეს არჩევნები პირდაპირ 2020 წლის არჩვენებს უყურებს და ეს ერთი წელი „ქართული ოცნებისთვის" რა იქნება, თუ ზუგდიდში სანდრა რულოვსი გაიმარჯვებს? ამიტომ, ზუგდიდის არჩევნებში ოპოზიცია მაქსიმალურად იქნება კონცენტრირებული. ხელისუფლებას არც სხვაგან აქვს კარგად საქმე, მაგრამ მას ის უპირატესობა გააჩნია, რომ ხელისუფლებაა.

": და რას ნიშნავს ზუგდიდის არჩევნებში რულოვსის გამარჯვება?

ვ.ძ.: ზუგდიდში რულოვსის გამარჯვება ნიშნავს სააკაშვილის სრულ პოლიტიკურ რეანიმაციას - პოლიტიკაში სრულფასოვნად დაბრუნებას, ოღონდ არა უშუალოდ თბილისში ფიზიკურად ჩამოსვლას, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ექნება, ის ფიზიკურად იქნება თუ არა საქართველოში.

": დეპუტატთა ჯგუფის მოწვევით, 15 მაისს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მივა, სადაც ის ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. პარლამენტში მისი ვიზიტი რას შეცვლის?

ვ.ძ.: საკმაოდ უცნაური რამ ხდება. თუ რაიმე აქვს სათქმელი, სივრცე იმისა, რომ თქვას, ნამდვილად არსებობს. რაღაც მოულოდნელს ნამდვილად არ ველოდები, პირიქით. ცოტა გამაკვირვა უმრავლესობის პროტესტმა, რომ ქობულია პარლამენტში არ მისულიყო. თუ ქობულიას რაიმე სათქმელი აქვს, ის ამას იტყვის.

ეს უფრო პოზიორობა მგონია - თუ სათქმელი აქვს რატომ არ იტყვის? პრეკონფერენციაზე ნათქვამი რატომ იქნება უფრო ნაკლებად მძაფრი, პარლამენტარების გარკვეულ ჯგუფთან შეხვედრაზე ნათქვამთან შედარებით? არ ველოდები რაღაც არაორდინალურს. რაღაცეებს იტყვის, მაგრამ ახალი და მოულოდნელი ეს არ იქნება.

": „ოცნებაში" მიმდინარეობს განახლების პროცესი - ახალი კადრების მოძიება ხდება.თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს პროცესი თუნდაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?

ვ.ძ.: ჯერ ვერ გავიგე მიმინოშვილის როლი და ფუნქცია ამ კადრების შერჩევაში. უნარ-ჩვევებში უნდა გამოსცადოს ეს ხალხი, თუ როგორ უნდა იყოს, არ მესმის. ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა ეცადოს ავტორიტეტული ადამიანები მოიზიდოს, მაგრამ მიმინოსშვილის დანიშვნა რატომ ხდება, გაურკვეველია.

ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, რომ არჩევნების წინ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას გაახსენდეთ, რომ თურმე საკადრო ცვლილებებია საჭირო. ზოგადად, პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს თუ არა ხვალ მაინც უნდა შექმნან საკუთარი სკოლა და ის ჯგუფი, რომელიც კადრების მოზიდვაზე მუდმივად იმუშავებს - პოპულაური ადამიანების გადმობირებაზე. ყველგან ასე ხდება - ადამიანი, რომელსაც აქვს ავტორიტეტი, ის ყველა პარტიას სჭირდება.

პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენა არის საკმაოდ რთული. მაინც ნაცნობ-მეგობრულ წრეში ვიკეტებით და დროა ამ სივრციდან გავიდეთ. მიუხედავად ამისა, კარგია, რომ ვიღაცეებს ეძებენ, მაგრამ ის მეთოდი, რომლითაც ისინი ამას აპირებენ, არასერიოზული მგონია.