„გრიგოლ ვაშაძე მიშას შეწყალებას და საქართველოში ჩამოყვანას აპირებდა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო ამ განცხადებაში“

„გრიგოლ ვაშაძე მიშას შეწყალებას და საქართველოში ჩამოყვანას აპირებდა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო ამ განცხადებაში“

„ვაღიარებთ ოპოზიციაში „ნაცმოძრაობის“ პრიორიტეტს“, - ამ სიტყვებთან ერთად „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მიშას მხარდამჭერთა გარეშე პროდასავლური ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ვერ დაამარცხებს. მისი თქმით, ქოცური თუ ნაცური აკვიატება - „მხოლოდ ბიძინა თუ გადაგვარჩენს სისხლიანი მიშას მობრუნებისგან“, ან „მარტო მიშა თუ მოგვაშორებს პუტინის ჩანერგილ ბიძინას“ ერთნაირი დოზის სიბრიყვეა, რადგან ნაცური, თუ არანაცური ხმების ჯამი ის 800 ათასი ხმაა, რაც გრიგოლ ვაშაძეს მისცეს მეორე ტურში.

დავით ბერძენიშვილის მტკიცებით, ნახევარზე მეტი ამ ხმებში არამიშისტური, მეტიც, ანტიმიშისტური ხმები იყო. უფრო ზუსტად, ეს იმ ხალხის ხმები იყო, ვინც 2012-ში მიშას წინააღმდეგ ბიძინას მისცა ხმა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პირადად იგი ადრეც ამბობდა, რომ მოგვწონს თუ არა, მიშას მომხრეებს დავარქმევთ, თუ გრიგოლ ვაშაძის მომხრეებს, სააკაშვილის მხარდამჭერთა გარეშე შეუძლებელია ბიძინას დამარცხება. ეს კი, თუკი გრიგოლ ვაშაძისადმი მიცემული ხმებით ვიანგარიშებთ, 800 ათასი ადამიანია.

„მე არც „ნაციონალების“ პარტიის წევრი ვარ და არც მათი დიდი ქომაგი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი პარტიაა, რომელიც არჩევნების წაგების შემდეგ არ გაქრა. თანაც, ასეთი წნეხის პირობებში, როცა მათ ლიდერებს შორის ზოგიერთი ციხეშია, ზოგი გაქცეულია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და შეკითხვის საპასუხოდ, „ჩვენს ხალხს აქვს შიში, „ოცნების“ დამარცხებამ მიშას მობრუნება არ გამოიწვიოს“, განმარტავს, რომ ჩვენი საზოგადოების შიში გასაოცარია.

პოლიტოლოგის განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენს საზოგადოებას აშფოთებს, რომ „მიშა მოვა“, „მიშას ბანდა დაბრუნდება“... სხვათა შორის, ასეთნაირი განწყობა იყო ზვიადის მომხრეებშიც, 4 არჩევნები ჩატარდა და ზვიადის ზოგიერთი ვენებგადაჭრილი მომხრე კიდევ ამტკიცებდა, უნდა დაბრუნდეს კანონიერი ხელისუფლებაო. ამდენად, სოსო ცინცაძეს აინტერესებს, ელემენტარულად, კიდევ რამდენი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომ ეს შიში ამომრჩეველმა დაძლიოს?! „ნაცმოძრაობის“ მერამდენე თაობა უნდა მოვიდეს, რომ „ბანდა დაბრუნდება“-ს ძახილი არ იყოს?!

შეკითხვის საპასუხოდ, რომ მიშას ყოველნაირი მეთოდებით უნდა საქართველოში დაბრუნება, სოსო ცინცაძე განმარტავს, „ვის რა უნდა, ეს სხვაა და რეალობა სხვაა. რეალისტები ვიყოთ, ეს გამორიცხულია. ასე, მეც მინდა, ქოჩორი ამომივიდეს და 18 წლის ბიჭი გავხდე. გაერთიანებულ ოპოზიციაში ზოგიერთი ისეთი ადამიანიცაა, რომელსაც ცოცხალი მიშა არც უნახავს, მიშა მხოლოდ ტელევიზიით უნახავს. 8 წელი მცირე დრო არ არის, სულ სხვა თაობები წამოვიდა, სრულიად სხვა ფასეულობითა და ღირებულებით. „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის გარეშე არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება ზღაპარია. ვინც დღეს იძახის, „ნაციონალების“ ელექტორატი არ გვჭირდებაო, ის „ოცნების“ გადაღებილი წევრია. ამ მხრივ ყველაზე მეტად სოსო შატბერაშვილი აქტიურობს, ის ამბობს, მიშას წინააღმდეგი ვარ, მიშა არ მინდა, ამიტომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგიც ვარო. ამავდროულად, შატბერაშვილი იძახის, არც ბიძინას მომხრე ვარ, „ოცნებამ“ დაპირებები ვერ შეასრულა, სამართლიანობა ვერ დაამყარაო, ამიტომ შეუძლებელს ითხოვს, გამოჩნდეს ახალი ძალა და ის მოვიდეს ხელისუფლებაში. თუმცა შატბერაშვილმა განა არ იცის, რომ, ბოლოს და ბოლოს, 3-მილიონიანი ქვეყანა ვართ, ჩვენ არ ვართ უკრაინასავით 40-მილიონიანი, ჩვენი რესურსი თითზე ჩამოსათვლელი პარტიებია, ერთი-ორი პარტია და დამთავრდა, არ ჩანს მესამე ძალა და არც იქნება. რაც ვართ, ეს არის“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისი თქმით, ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ „ნაციონალების“ ელექტორატს, ქსენია დიასახლისებს მიშა მოსწონთ. ქსენია დიასახლისებმა თვითონაც არ იციან, რატომ უყვართ მიშა, უბრალოდ, უყვართ. ჩვენ ხომ აღარ ვართ ის ქვეყანა, 50 წლის წინ რომ ვიყავით საბჭოთა კავშირში ინტელექტითა და კულტურით, დღეს ჩვენ უწიგნურების ქვეყანა ვართ.

ამიტომ დღეს ჩვენს პოლიტიკურ ბაზარზე რომელი აქტორებიც გვევლინებიან, სწორედ მათ შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი, სხვა გზა არ არის. პოლიტოლოგის განმარტებით, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ბიძინას, მიშას, ან გრიშას მომხრე იყოს, ჩვენს ქვეყანაში პლურალიზმია, მაგრამ ადამიანები უნდა იყვნენ გულწრფელები.

„რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლას, განვიხილოთ „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე უარესი სცენარი, ვთქვათ, არჩევნებში გაიმარჯვეს მიშას მომხრეებმა. ამის შემდეგ ეს გამარჯვებული ძალა როგორ პოზიციას დაიკავებს მიშას მიმართ, ეს კიდევ დიდი კითხვის ნიშანია. მართალია, გრიგოლ ვაშაძე მიშას შეწყალებას და საქართველოში ჩამოყვანას აპირებდა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო ამ განცხადებაში. საბოლოოდ ყველაფერი ისევ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ დღეს ნუ ვკამათობთ იმაზე, რაც ბუნდოვანია, ვილაპარაკოთ რეალობაზე, თუნდაც იმაზე, კორუფცია როგორ გაქრეს, ხალხი როგორ გაძღეს, ბავშვებს არ შიოდეთ. ეს არის მთავარი, რათა ხალხს „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ისევ მოუნდეს“.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ თვით პოლიტიკაშიც კი ღირსებაა მთავარი და პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სულაც არ არის საჭირო სააკაშვილის მომხრეების გამოყენება.

მისი აზრით, ღირსების საქმეა, რომ პოლიტიკოსი არ დადგეს ყველას გვერდით, არ დადგეს მათ გვერდით, ვინც გაზით წამლავდა საკუთარ მოსახლეობას და პოლიტიკურ ტერორს უწყობდა. სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება კი ნიშნავს იმას, რომ მის წინააღმდეგ ჩვენი საზოგადოება იარაღით გამოვა.