კავკასიელი მონტე-კრისტო

კავკასიელი მონტე-კრისტო

ქართული წარმოშობის ბიზნესმენი ბორის (ბიძინა) ივანიშვილი გარკვეულ დრომდე ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა და კავკასიელი მონტე-კრისტოს ცხოვრებას ეწეოდა.

რუსეთსა და დუნიაზე თითქმის ოცწლიანი "ხეტიალის" შემდეგ ის თავის მშობლიურ ჭორვილაში დაბრუნდა და თითქოს იმიტომ გამოიკეტა საგანგებოდ აშენებულ სასახლეში, რომ საიდუმლოდ მომზადებულიყო საკრალური მისიისთვის.

ათი წელია, ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს არათუ ინტერვიუს აღება, არამედ მისი ფოტოების მოპოვებაც კი. ბოლო დრომდე ივანიშვილი საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედებას ეწეოდა, ინკოგნიტოდ ეხმარებოდა ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ხელოვნების ღვაწლმოსილ მუშაკებს, აშენებდა ეკლესია-მონასტრებს, არემონტებდა თეატრებსა და უმაღლეს სასწავლებლებს.

მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა საიდუმლო უფრო მალე მჟღავნდება, ვიდრე რუსეთში. ბოლოს, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი "იდუმალი განდეგილის" პოლიტიკურ არენაზე გამოსვლით დასრულდა.

მილიარდერმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ პოლიტიკაში მისვლა არასოდეს უფიქრია, მაგრამ მეტი აღარ შეუძლია თავისი პრინციპების ღალატი, ჩუმად ყოფნა და თავისი ჭორვილის სენაკიდან იმის ყურება, თუ როგორ იღუპება და იძირება ავტორიტარიზმისა და ძალადობის ჭაობში მისი სამშობლო.

ბიზნესმენმა მიხეილ სააკაშვილს ბრალი დასდო თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში, ტოტალური კონტროლის დაწესებაში ბიზნესსა და მედიის ყველა ელექტრონულ საშუალებაზე. გამოაცხადა, რომ ქმნის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, აპირებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას და არ მისცემს სააკაშვილს, საპრეზიდენტო უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ გაპრემიერ-მინისტრების საშუალებას.

ამ განცხადების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, რეპრესიებით დაემუქრნენ და, რასაკვირველია, მის კრემლთან კავშირზე ალაპარაკდნენ...

"ეჭვი ივანიშვილის კრემლთან კავშირისა, უსაფუძვლოა, მისი ბიზნესი უკვე რუსეთში აღარ არის, - ამბობს პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ალექსეი მუხინი, - საფიქრალია, რომ ივანიშვილს საჭირო ხალხმა სთხოვა. ვინ არიან ისინი, გაურკვეველია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ბიზნესმენს სურს თავისი ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილეობა“.

მიხეილ სააკაშვილმა ვერც ერთ მსხვილ ოლიგარქთან ვერ გამონახა საერთო ენა, ვერც კახა ბენდუქიძესთან, ვერც ბადრი პატარკაციშვილთან. საქართველოს საქმიან წრეებს კი პრეზიდენტის რეჟიმი არ მოსწონთ.

რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარეს, მიხეილ ხუბუტიას მიაჩნია, რომ ივანიშვილი არის კაცი, რომელიც მუდამ რაღაცას ქმნის.

აღფრთოვანებული ხუბუტია ამბობს, რომ ივანიშვილი რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ესმის, რომ ორი მეზობლის დაშორება არ შეიძლება.

გოსდუმის წევრი სიმონ ბაღდასაროვი სკეპტიკურად ამბობს: - ასეთი პროექტები დროდადრო იქმნება, მაგრამ მათი განხორციელების პერსპექტივები ნაკლებია. სააკაშვილი ძლიერი, მოქნილი პოლიტიკოსია და ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად.