ზაალ ანჯაფარიძე:

ზაალ ანჯაფარიძე: "ქართული ოცნება" იმდენად იყო კონცენტრირებული უმძიმეს საარჩევნო კამპანიაზე, რომ გამარჯვებას გარკვეულწილად მოუმზადებელი შეხვდა"

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარების თავისებურებებზე "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს პოლიტტექნოლოგიების საკითხებში, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა. 

- ბატონო ზაალ, როგორ შეაფასებდით საპარლამენტო არჩევნებისა და სააკაშვილ-ივანიშვილის შეხვედრის შემდგომ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს?
- სააკაშვილის და ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ ქვეყანაში ვითარება ბევრად არ შეცვლილა. ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებასა და ამოქმედებას, რთა შემდგომ პოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენოს. აშკარაა, რომ არჩევნებში დამარცხებული "ნაცმოძრაობა" რევანშისთვის საფუძვლიანად ემზადება. ამაზე ნათლად მეტყველებენ ის გადაწყვეტილებები, რომელიც, ერთი მხრივ, სააკაშვილმა და, მეორე მხრივ, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიიღეს. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ისინი ამ ტიპის გადაწყვეტილებას მომავალშიც კიდევ ბევრს მიიღებენ. ბერკეტების შენარჩუნებისთვის იქნა მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილებები საშუალო და თვითმართველობების დონეზეც კი. ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს, თავი მოუყაროს ძალაუფლების ყველა იმ ბერკეტებს, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" გადამწყვეტი ბრძოლისთვის დასჭირდება. სავარაუდოდ, "ქართულ ოცნებაზე" შეტევას ოპოზიციაში გადასული "ნაცმოძრაობა" მაშინ განახორციელებს, როცა ახალი მთავრობა მუშაობას შეუდგება.
"ნაცმოძრაობის" მხრიდან მთავრობის გაკონტროლების მცდელობა ისეთ ფორმას მიიღებს, როგორც თავის დროზე, თავად "მოქკავშირელ" ჟვანია-სააკაშვილის რეფორმატორული ფრთა შევარდნაძის აღმასრულებელ ხელისუფლებას რომ ებრძოდა. ახალ ვითარებაში "ნაცმოძრაობა" ისევე შეეცდება მის დაქვემდებარებაში მყოფი "რუსთავი-2"-ის გამოყენებას, როგორც ამ ტელევიზიას შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებდა. განსხვავება ახლა იმაშია, რომ "ნაცმოძრაობას" საზოგადოებრივი აზრის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ შესაქმნელად, "რუსთავი-2"-ის გარდა, აქვს ტელეკომპანია "იმედი". ჩემი აზრით, "ნაცმოძრაობის" სამომავლო გეგმები სწორედ ამგვარი იქნება.
ჩემი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ამ ტელევიზიებს საინფორმაციო ბრძოლაში დაეხმარება კიდევ ერთი ტელევიზია, რომელმაც სიხშირე სულ ახლახან მიიღო და, რომლის მფლობელი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქალბატონი ჩერგოლეიშვილია. საინტერესოა ისიც, რომ კომინიკაციების ეროვნულმა კომისიამ იმის მოზეზით, რომ ეს არხები ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდნენ, უარი უთხრა "მე-9" არხსა და "მაესტროს" სარეზერვო სიხშირეების გადაცემაზე. აშკარაა, რომ უახლოეს მომავალშიც მედიასივრცეში შეჯიბრი "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ იქნება.

- თქვენს მსგავსად, ბევრი ამტკიცებს, რომ "ნაცმოძრაობა" რევანშისთვის ემზადება. "რესპუბლიკელთა" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის მტკიცებით, "ნაცმოძრაობაში" მალე რღვევა დაიწყება და 6 თვეში ეს პარტია აღარც იარსებებს". თქვენ როგორ შეაფასებდით "ნაცმოძრაობის" პოლიტიკურ პერსპექტივას?"
- არ ვიცი, ბატონი ლევან ბერძენიშვილი რა მონაცემებს ეყრდნობა, როცა ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. ამ თვალსაზრისით, "ნაცმოძრაობის" დაშლის შანსი ახლა 50-50-ზეა. ეს ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოლიტიკას გაატარებს თავად "ქართული ოცნება". ეს, ასევე, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად აქტიურად იმუშავებს კოალიცია პარლამენტში "ნაცმოძრაობის" იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც მერყევ პოზიციაში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობის" დაშლის შანსი არსებობს, მაგრამ ასევე არსებობს იმის შანსიც, პარტიამ კონსოლიდაცია იმის იმედით მოახდინოს, რომ ის მომავალში შეძლებს რევანშის აღებას. ამისათვის კი "ნაცმოძრაობას" ჯერჯერობით საკმაოდ ბევრი ბერკეტები აქვს.

- როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" მოქმედებებს?
- არჩევნების დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" მოქმედებებში ქაოტურობა შეიმჩნევა. ამის კარგი მაგალითია მთავრობის არა ერთიანად, არამედ ნაწილ-ნაწილ წარმოდგენა. მოგეხსენებად, ჯერაც უცნობია 7 მინისტრის ვინაობა. ამ თემაზე საზოგადოებაში დაწყებულ სპეკულაციებს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ნამდვილად არ უმოქმედია. ალბათ აჯობებდა, რომ კოალიციას მთავრობის შემადგენლობა ერთიანად წარმოედგინა, საზოგადოებას ნათელი და სრული წარმოდგენა ჰქონოდა მთავრობის შემადგენლობასა და მთავრობაში შესულ პირთა წარსულზე.

"ქართულ ოცნებას" სამინისტროებში საკმაოდ ცუდი მემკვიდრეობა დახვდება. კოალიციის მთავრობის წევრებს დასჭირდებათ გარკვეული დრო, სამინისტროები ეფექტური გახადონ იმდენად, რომ ეს ხალხმა იგრძნოს. ეს კი უარყოფითად აისახება მათდამი საზოგადოების დამოკიდებულებაზე. "ქართული ოცნების" მოქმედებებისადმი ჩემი განცდა ასეთია - მათ შეეძლოთ ამ პროცესს უფრო მომზადებული შეხვედროდნენ.

- სწორს ბრძანებთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მომავალი მთავრობის შემადგენლობა კი დაასახელა, მაგრამ ჯერაც უცნობი რჩება არა მარტო ეკონომიკური ბლოკის საკვანძო სამინისტროების ხელმძღვანელთა ვინაობა. გასაგებია, რომ ნამდვილი დემოკრატიიდან საქართველო ჯერ შორსაა, მაგრამ ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება, საზოგადოებას ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობას წინასწარ აცნობს. რა უნდა ვიფიქროთ, "ქართულ ოცნებაში" კადრების ნაკლებობაა, თუ კოალიცია არჩევნებში გამარჯვებას გარკვეულწილად მოუმზადებელი შეხვდა?
- სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა "ქართული ოცნების" გარკვეულ ქაოტურ მოქმედებაზე ვსაუბრობდი. შესაძლოა, "ქართულ ოცნებაში" მართლაც იყოს პროფესიული, სანდო კადრების ნაკლებობა და ეს ახსნადია. შესაძლოა, ივანიშვილი მის კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას ცდილობს. არა მგონია, "ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვებას არ ელოდა. არჩევნების შედეგები იმიტომ იყო პროგნოზირებადი, რომ ხელისუფლებისადმი საზოგადოების მხრიდან მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება და პროტესტი ძალიან დიდი იყო. შეიძლება ითქვას, "ქართული ოცნება" იმდენად იყო კონცენტრირებული უმძიმეს საარჩევნო კამპანიაზე, რომ არჩევნებში გამარჯვებას გარკვეულწილად მოუმზადებელიც კი შეხვდა.

- რას შეიძლება ნიშნავდეს ე.წ. ძველი კადრების ივანიშვლის მთავრობის შემადგენლობაში ხილვა? კირვალიძე, გამყრელიძე, საუბარია ფინანსთა მინისტრად ირაკლი მანაგაძის დანიშვნაზეც.
- ამის მიზეზი მართლაც შეიძლება იყოს კადრების დეფიციტი. კადრების დეფიციტის შექმნას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეუწყო ხელი "ნაცმოძრაობამ". მათ 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოახერხეს ე.წ. ძველი კადრების დემონიზაცია. 2003 წლამდეც არსებობდნენ თავისი საქმის პროფესიონალები, რომლებიც არ იყვნენ გარეული კორუფციაში. ისინი კორუფციაში რომ ყოფილიყვნენ გარეული, აუცილებლად მოყვებოდნენ იმ რეპრესიებში, რომლიც 2003 წლის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ ქვეყანაში განახორციელა. ივანიშვილის მთავრობაში ე.წ. ძველ კადრების არსებობაში განსაკუთრებულს არაფერს ვხედავ. კოალიციის მთავრობაში მიწვეული ადამიანები პროფესიონალები არიან და იმედს ვიტოვებ, რომ ეფექტურად წაუძღვებიან მათთვის ჩაბარებულ სამინისტროებს.

- არჩევნების დასრულების შემდეგ უდაოდ გამორჩეულმა ქართველმა ინტელექტუალმა, ხელისუფლებისადმი ლოიალობით ცნობილმა ექსპერტმა გია ნოდიამ "ფეისბუქის" თავის კედელზე დაწერა - "ფულმა დემოკრატია დაამარცხა". შესაძლოა, სწორედ ამაზე პასუხი გახლდათ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ექსპერტის ლადო პაპავას შეფასებაც - "არჩევნებში ფული დამარცხდა". ორივე შეფასებაში ფული ფიგურირებს. შეიძლება კითხვა ასედაც დაისვას, ბოლოს და ბოლოს საქართველოში რიგითმა ამომრჩეველმა არჩევნებში ვინ კი არა, რა დაამარცხა?
- ჩემი აზრით, 1-ელი ოქტომბრის არჩევნებზე რიგითმა ამომრჩეველმა უსამართლობა დაამარცხა. რაც შეეხება ამაში ფულის როლს. ფინანსების გარეშე რომ პოლიტიკის წარმოება შეუძლებელია და ამ თვალსაზრისით ფინანსები და პოლიტიკა განუყოფელნი არიან, ეს დიდი ხანია, ცნობილია.

აქამდე ჩვენთან უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ყველა არჩევნებში "ნაცმოძრაობას" საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა თავის ოპონენტებთან. მანამდე "ნაცმოძრაობის" საარჩევნო ხარჯები ლამის 20-ჯერ აღემატებოდა ყველა დანარჩენი პარტიების ხარჯებს ერთად აღებულს. ამჯერად, ორივე მხარე თანაბარ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მე ბოლომდე ვერ გავიზიარებდი ბატონ ნოდიას მოსაზრებას, რომ "ფულმა დაამარცხა დემოკარტია". მოქალაქეების მიერ თავისი ნებისა და არჩევანის თავისუფლად გამოხატვა, სწორედაც რომ ბატონ ნოდიას აზრის საპირისპორეზე მეტყველბს.