რა საფრთხეს უქმნის ლარის რყევა ბიზნესს და მთლიანად ეკონომიკას?

რა საფრთხეს უქმნის ლარის რყევა ბიზნესს და მთლიანად ეკონომიკას?

უკვე რამდენიმე დღეა გადამცვლელ პუნქტებში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2,74-ის ფარგლებში მერყეობს. კურსის გაუფასურების მიზეზად საქართველოში დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა და თურქეთში ლირის გაუფასურება სახელდება.

გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის დარგის სპეციალისტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა და საგანგაშო არაფერია.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. არც ერთი ფუნდამენტური მაჩვენებლის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს გაუფასურებასთან. ეკონომიკა იზრდება. მარტში ძალიან მაღალი ტემპი გვქონდა - 6 პროცენტი, ექსპორტიც მატულობს. შესაბამისად, საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება“, - აღნიშნა თურნავამ.

მთავრობა ყოველი რყევის დროს ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებს, მაგრამ სამაგიეროდ, შფოთავს საზოგადოება. გარდა ამისა, იგი დიდი თავის ტკივილია ბიზნესისთვისაც.

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ მთავარი საზრუნავი სებ-ისთვის ეროვნული ვალუტის მდგრადობის შენარჩუნება უნდა იყოს.

„თუ ეროვნულ ბანკს ის პოლიტიკა აქვს, რომ ლარი ცოტ-ცოტა გაუფასურდეს, ეს ერთის მხრივ კარგია. ექსპორტს შეუწყობს ხელს, ტურიზმს უხარია, როდესაც მსყიდველობით უნარი მეტია აქვს დოლარს. ლარის მცურავი გაცვლითი რეჟიმის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშია. ისინი ლარს მხოლოდ გაუფასურების მიმართულებით აცურავებენ, რაც ცუდია ადგილობრივი წარმოებისთვის.

მთავრობის წარმომადგენლებს პრემიერთან შეხვედრის დროს ეს ვთხოვე, თუ ამ პოლიტიკას მიაწვებიან, მაშინ სუბსიდირება გაუკეთონ ადგილობრივ მეწარმეებს. პრემიერისგან ამ საკითხზე მზაობა იყო და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. სავალუტო რყევები არის დიდი საფრთხე ისეთი მწირი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა“, - აღნიშნა პაპაშვილმა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე „კომერსანტთან“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძეც საუბრობს.

„უნდა დაველოდოთ, იქნება თურქეთში სიტუაცია დასტაბილურდეს, რომ ამან უფრო ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს საქართველოზე. რაც ბოლო პერიოდში ხდება, ვფიქრობ, ეს არის რუბლის და ლირის გაუფასურების გამო გამოწვეული პრობლემები“, - აცხადებს სოსო ფხაკაძე.

მეზობელ ქვეყანაში კი მართლაც სავალალო ვითარებაა. 1 დოლარის ღირებულებამ 6,24 ლირას მიაღწია. მსგავსი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის სექტემბერში დაფიქსირდა. მას შემდეგ თურქეთის ეროვნული ვალუტა დასტაბილურობას გზა ადგა, მაგრამ ადგილობრივი არჩევნებისა და პოლიტიკური ვითარების დაძაბულობის გამო მდგომარეობა ერთბაშად შეიცვალა.

ლირის მიმართ ნდობის შესუსტება თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერდოღანის პარტიამ სტამბოლში ოპოზიციის კანდიდატთან წააგო. ქვეყნის საარჩევნო უწყებამ კი, ეს შედეგები გააუქმა და ხელახალი კენჭისყრა დანიშნა. შედეგად, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშეა.

მეორე საკითხია ის, რომ თურქეთში ამ ეტაპისთვის ინფლაციის მაჩვენებელი 20%-ს აღემატება, ქვეყანაში ყველა სახის პროდუქციაზე ფასები გაზრდილია. ანალიტიკოსები პროცესების გამწვავებას პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, თურქეთის ეკონომიკური პრობლემები შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვისაც გადამდები აღმოჩნდეს.