თურქული გამოცემა „SABAH" ავრცელებს სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილი ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე საუბრობს.
გამოცემა წერს: „ქართული ოცნების ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როცა საკითხი თურქეთს ეხება, ყოველთვის ყურადღებას თურქეთთან მნიშვნელოვან ურთიერთობებზე ამახვილებს. ის ამბობს, რომ „არასწორი ინტერპრეტაციაა, თითქოს საქართველოში თურქეთისა და თურქი ბიზნესმენების მიმართ არსებობს არასასურველი დამოკიდებულება, ასევე დანგრეული აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის შესახებ საზოგადოებას აქვს ნეგატიური დამოკიდებულება. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს. საქართველოში მეჩეთების მშენებლობა არასოდეს ყოფილა პრობლემა და არც ახლა შეეშლება ხელი ადრე დაწყებული პროექტის განხორციელებას.
„ქართველები ოდითგანვე პატივს ვცემთ სხვა სარწმუნეობებს. ეს იყო სპეციალურად შექმნილი თემა და უფრო ცარიელი კარების მტვრევას ჰგავდა, რასაც მოყვა არსწორი ანალიზი. მე თურქეთის ელჩთან აღნიშნული საკითხზე შეხვედრა მოვითხოვე, თუმცა ეს შეხვედრა ჯერ არ შემდგარა. ხსენებული საკითხის ირგვლივ თუ არსებობს რაიმე სახის არასწორი შეხედულებები ეს მხოლოდ წინა ხელისუფლების დანაშაულია. მე მზად ვარ ეს უსაფუძვლო, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხი გამოვასწორო“, - განაცხადა ივანიშვილმა. (თურქულიდან თარგმნა ტარიელ ნაკაიძემ - ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ)
ქართულ მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, სადაც თურქულ ენაზე გამოქვეყნებული სტატიიდან ბიძინა ივანიშვილის ციტატაა მოყვანილი: „აზიზიეს მეჩეთი ბათუმში დაგეგმილ ადგილას აშენდება", თუმცა, მსგავსი ციტატა სტატიაში არ იძებნება.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან" მაია ფანჯიკიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის უცნობია ამ ინტერვიუს შესახებ. ინტერვიუს შესახებ არ იცის ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის უფროსმაც, ნონა ყანდიაშვილმა, რომელიც ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდა.
ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, 5 აგვისტოს გამართულ აქციაზეც ისაუბრა აჭარაში მეჩეთის მშენებლობის საკითხზე:
„როცა ოქტომბერში არჩევნებში გავიმარჯვებთ, დაუყოვნებლად გამოვარკვევთ და სააშკარაოზე გამოვიტანთ ყველაფერს, რაც ამ მტკივნეულ და საჩოთირო საკითხთანაა დაკავშირებული. შემდეგ კი თქვენთან ერთად გადავწყვეტთ საქმეს ისე, რომ ჩვენს ისტორიულ საგანძურსაც მიეხედოს და არც ჩვენი მოქალაქეების რეალური და კანონიერი მოთხოვნები დარჩეს უგულვებელყოფილი" -განაცხადა ივანიშვილმა.
აზიზიეს მეჩეთის ბათუმში აშენების შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა. საუბარი იყო საქართველოსა და თურქეთს შორის მოლაპარაკების შედეგად ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენების და ამის სანაცვლოდ თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების რესტავრაციის შესახებ. ამ თემამ განსაკუთრებული ვნებათაღელვა ბათუმში გამოიწვია - ბოლო ერთ წელში რამდენიმე საპროტესტო აქცია და წირვა გაიმართა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე გმირთა სკვერში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, აზიზიეს მეჩეთის აგება იგეგმებოდა.
ამ დროისათვის თურქეთში ორი ქართული ძეგლის, იშხანისა და ოშკის რესტავრაცია იგეგმება. ტენდერი იშხანის რესტავრაციაზე ერზრუმის კულტურის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა და კომპანიის შესახებ, რომელმაც რესტავრაცია სამუშაოების დაწყებიდან 400 დღეში უნდა დაასრულოს, ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი.