მთავრობა კარგა ხანია უმიზნებს „საქართველოს ფოსტის“ გაყიდვას და საამისოდ ბოლო პერიოდში დიდ სამზადისშია. რა თქმა უნდა, ასეთი დიდი ლუკმა ბანკების ყურადღების მიღმა არ დარჩება და ამას ადასტურებს კიდეც ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძეც.
როგორც ირკვევა „საქართველოს ფოსტის“ შეძენით დაინტერესებულნი არიან ადგილობრივი საბანკო სექტორის წარმომადგენლები. ჩიკვაიძე ამბობს, რომ მათთან პირველ ეტაპზე სტრატეგიულ პარტნიორობაზე მუშაობენ, რომელმაც შესაძლოა, დაასწროს პრივატიზების პროცესს.
„რამდენიმე უცხოური, ელექტრონული კომერციით დაკავებული კომპანია, ასევე ორი დიდი ფინანსური ინსტიტუტი ჯგუფურად განიხილავს რამდენიმე ეროვნული ოპერატორის პრივატიზებას. „საქართველოს ბანკიც“ დაინტერესებულია, „თიბისი ბანკიც“ დაინტერესებულია. „თიბისი ბანკთან“ ვმუშაობთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და ვეცდებით, რომ დავაინტერესოთ საბოლოო პრივატიზებითაც“, - აღნიშნა ჩიკვაიძემ.
რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიის გასხვისების ვადას, დირექტორის ინფორმაციით, ეს აუდიტზეა დამოკიდებული, რომელიც აქტივის საბაზრო ღირებულებას დაადგენს.
„სახელმწიფო ფოსტის“ უახლესი ფინანსური ანგარიშგება 2017 წლით თარიღდება. აუდიტორული კომპანია „კრესტონ პაპიაშვილის“ დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო ფოსტის აქტივები 72.861,000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კომპანიის გასაყიდი ფასიც დაახლოებით ამდენივე უნდა იყოს.
ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ ფოსტა ზარალზეა. 2017 წელს კომპანიის ბრუნვა 22%-ით გაიზარდა და მან 86.7 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა კომპანიას მარაგების შესყიდვა - 30 მილიონი ლარი, პერსონალის ხარჯი - 23.5 მილიონი ლარი, ცვეთა - 3.3 მილიონი ლარი, ხოლო სხვა ხარჯები კი, 30 მილიონი ლარი დაუჯდათ.
საოპერაციო საქმიანობაში ფოსტამ 1.5 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. კომპანიას აგრეთვე სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რაც კომპანიის ანგარიშებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვას უკავშირდებოდა. საერთო ჯამში, ფოსტის მთლიანი ზარალი 2017 წელს 330 000 ლარი იყო.
„საქართველოს ფოსტამ“ საქმიანობა 2016 წელსაც ზარალით დაასრულა. მაშინ კომპანიის ფინანსური ზარალმა 2.2 მლნ ლარს მიაღწია.
უშუალოდ ქართული ბანკები ფოსტით დაინტერესებას არ ადასტურებენ. „საქართველოს ბანკის“ დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ კი ისიც თქვა, რომ ლევან ჩიკვაიძის მხრიდან პოტენციურ შემძენად „საქართველოს ბანკის“ დასახელება მისთვის გასაკვირია.
მთავრობაში კი ადასტურებენ, რომ სახელმწიფო ფოსტის გაყიდვას გეგმავს, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, მოესწრება თუ არა ამ აქტივის სრულფასოვანი შეფასება და მისი გასაყიდად გამოტანა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ჩაჩანიძე „ბიზნეს მედიასთან“ აცხადებს, რომ კომპანიის შემოწმების პროცედურები ზოგჯერ ზედმეტად ოპტიმისტურად არის დაგეგმილი.
„ვადების თქმა მიჭირს იქიდან გამომდინარე, რა პროცესი იქნება. ხანდახან ოპტიმისტურად დაგეგმილი აუდიტი უფრო მცირე ვადას მოითხოვს, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ უფრო მეტი რაღაცაა შესასწავლი... ამდენად, ობიექტს გასაყიდად გამოვიტანთ თუ არა წელს, ამის თქმა, ბუნებრივია, წინასწარ არ შეგვიძლია“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ.