ნაციონალური სისტემა ჩამოიშალა

ნაციონალური სისტემა ჩამოიშალა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლისა პირასაა. ამის შესახებ ამავე ფრაქციიდან წამოსულმა საკრებულოს დეპუტატებმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნეს. მათი ინფორმაციით, სულ მალე ძალიან ბევრი ნაციონალი განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე გადაეწყობა. თუმცა ამ ეტაპზე მათი დასახელებისგან თავს იკავებენ.  

38 წევრისგან შემდგარი საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ხუთმა დეპუტატმა დატოვა. მიხეილ ქავთარაძემ, ირაკლი შიხიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ, მერაბ რაფავამ და ზაურ დოლიძემ ახალი ფრაქცია - „თავისუფლება“ შექმნეს, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პლატფორმას შეუერთდება.

როგორც ირაკლი შიხიაშვილმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ისინი ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა მათ მოღალატეებად მოიხსენიებს, ისინი მიიჩნევენ, რომ მოღალატეები კი არა, ქართველი ერის გვერდით მდგომი ადამიანები არიან და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მმართველი გუნდის სისასტიკეს უპირისპირდებიან.

განდგომილ დეპუტატებთან მიმართებით საკუთარი აზრი გამოთქვა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ. მან გაიხსენა ამ ადამიანების მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოები ერთგულებასთან დაკავშირებით და ცნობილი რუსული ფილმის „გარაჟის“ ორ პერსონაჟთან პარალელიც გაავლო: „ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც ექსპერიმენტებს ატარებს მაკაკებზე, ცდილობს, ტუნდრაში მოაჯიშოს ისინი, იქ არის უმრავლესობის ჭიდილი, თუ რომელი მოაჯიშებს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის ირყევა და ბოლოს ასეთ ფრაზას ამბობს: Я человек большенства. ასევე, მე ამავე ფილმის მეორე პერსონაჟი გამახსენდა - მდივანი, რომელიც ასევე ფორმირდება უმრავლესობასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ Вовремя предать, это предвидить, ანუ დროული ღალატი არ არის ღალატი“, - განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის გადაწყვეტილებას, თუმცა მას აქამდე ამ დეპუტატებისგან არასდროს სმენია გამოეხატათ რაიმე სახის პროტესტი.

სხვათა შორის, ირაკლი შიხიაშვილმა და მიხეილ ქავთარაძემ თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ციხეებში პატიმრების წამების ფაქტების გამო დატოვეს, ხოლო გიორგი ნემსაძემ, მერაბ რაფავამ და ზაურ დოლიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 12 ოქტომბერს დატოვეს.

ამასთან, ყოფილი ნაციონალები ელიან, რომ ახალ ფრაქციაში მათ არაერთი ძველი ნაციონალი შეუერთდება და მათი კარი ამ ადამიანებისთვის ღია იქნება.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ თვეების განმავლობაში რატომ რჩებოდნენ ისინი „ნაციონალურ მოძრობაში“, ყოფილი ნაციონალები აცხადებენ, რომ მათ ეგონათ, ქვეყანას კანონიერი ქურდებისა და დამნაშავე სამყაროს მიერ წალეკვა ემუქრებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციის სიმცდარეში დარწმუნდნენ, შეხედულება შეიცვალეს. 

For.ge მიხეილ ქავთარაძესა და ირაკლი შიხიაშვილს ესაუბრა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი საკრებულოდან მიხეილ ქავთარაძე აცხადებს, რომ მან და ირაკლი შიხიაშვილმა 27 სექტემბერს დატოვეს საკრებულოს „ნაციონალების“ ფრაქცია. ამის მიზეზი კი ქვეყანაში არსებული განუკითხაობა იყო. მისი თქმით, ისინი „ქართული ოცნების“ მომხრეები არ ყოფილან. უბრალოდ, მხარი დაუჭირეს „ოცნებას“, რათა ეს განუკითხაობა დამთავრებულიყო. 

„არჩევნების შემდეგ გიგი უგულავამ თათბირი ჩაატარა. იქიდან მოგვივიდა ინფორმაცია, რომ მოღალატეების ეპითეტით შეგვამკო, მაგრამ რას ნიშნავს მოღალატეობა?! გამოდის, მე ვუღალატე სამშობლოს, საკუთარ რჯულს?! მთავარია, ადამიანი საკუთარ სინდისთან იყოს მართალი. ეს ის ძალა და სისტემა იყო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ზეწოლასა და ტერორში ამყოფებდა. ამიტომ ასეთ დროს რა მნიშვნელობა ჰქონდა, ადამიანი გარეთ იქნებოდა თუ ციხეში?! ყველანი ერთნაირი ტერორის წინაშე ვიყავით“, - აცხადებს საკრებულოს ყოფილი
„ნაციონალი“ დეპუტატი.

მისი პროგნოზით,  „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ძალიან ბევრი თანამოაზრე ჰყავთ. თუმცა ამ ეტაპზე ვერ იტყვის, მათთან გადასვლას ვინ აპირებს.  

ერთის თქმა კი შეუძლია, რომ მათი ახლადშექმნილი ფრაქცია დედაქალაქის მოქალაქეების ინტერესების საკეთილდღეოდ იმუშავებს. ახალ ფრაქციაში მყოფ ოთხ მაჟორიტარსაც ძალიან ბევრი საქმე ექნება თავიანთ სამანდატო ოლქებში.

ჩვენს შეკითხვაზე, ნუთუ საკრებულოში არსებული უსამართლო გადაწყვეტილებების გამო 27 სექტემბრამდე პროტესტი არ გასჩენიათ და ხელის აწევით რატომ ეთანხმებოდნენ ნაციონალების მოთხოვნებს, მიხეილ ქავთარაძემ აღნიშნა, რომ ისინი ზოგიერთ სხდომაზე არც მისულან, რათა უკანონო გადაწყვეტილებებში თანამონაწილედ არ გამხდარიყვნენ.

„მინდა გითხრათ, რომ ვერავინ ვერაფერს შეცვლიდა. ამ ქალაქში გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი კაცი იღებდა. ამით დამთავრებული იყო ყველაფერი. ახლა დენსა და დასუფთავებას რაც შეეხება, თავის დროზე ბიუროს სხდომაზე ამ თემის განხილვა მოეწყო და ითქვა კიდეც, თუკი მენეჯმენტის თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება სწორია, მაშინ რაღაც დიფერენცირებული ტარიფი ყოფილიყო - ზაფხულში, ვთქვათ, ხუთი თეთრი, ზამთარში - 2 თეთრნახევარი ან 2 თეთრი, რათა ძალიან არ დატყობოდა მოსახლეობას. თუმცა გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ ვიღებდით, ფაქტრობრივად, ჩვენ ნოტარიუსები ვიყავით. დენისა და დასუფთავების გადასახედების მიბმას იმით ამართლებდნენ, რომ დარგის გადარჩენა უნდოდათ. საკრებულოს სხდომაზე ჩვეულებრივ გამოდიოდა უკვე მომზადებული საკითხი, რომელიც უმრავლესობას უნდა გაეტანა. ჩვენ ვერაფერს შევცვლიდით“, - აღნიშნა მიხეილ ქავთარაძემ.

გიგი უგულავას საპასუხოდ, რომელმაც მათ მოღალატეები უწოდა, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ ყოფილი დეპუტატი ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმდენი შეგნება და კარგად ხედავდეს რეალობას, რომ, როცა ფეხზე ამდგარი მთელი ერი ხმამაღლა იძახის, არ მოგვწონხართ და გვინდა, თქვენი პოლიტიკური მმართველობა მოუსავლეთში გავაგზავნოთ, ამის შემდეგ ურცხვად არ უნდა თქვას, რატომ გააკეთეს საკრებულოს დეპუტატებმა ასეთი არჩევანი ისე, რომ პარტიის მხარე არ დაიჭირესო.

„ჩვენ ხალხის მხარე დავიჭირეთ, ამაზე მეტი მას რა უნდა ვუპასუხოთ. თუ ადამიანი იმდენს ვერ ხვდება, რომ ყოველთვის უნდა იდგეს თავისი ერის ნების მხარეს და არა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მხარეს, მაშინ ძნელია მასთან საუბარი. ბატონ გიგის თურმე უთქვამს, რომ შიხიაშვილისა და ქავთარაძის ნაბიჯი, რომლებიც ნაცმოძრაობას გაემიჯნენ, ამორალური საქციელია. უფრო მნიშვნელოვანია, საკრებულოში გავაკეთოთ ის საქმე, რის გამოც მოსახლეობამ ნდობა გამოგვიცხადა. ჩემთვის ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალაქის მერის ასეთი განცხადება“, - გვითხრა ირაკლი შიხიაშვილმა.

მისი თქმით, ბავშვიც ვერ დაიჯერებს, რომ ნაცმოძრაობის მმართველი გუნდი საქმის კურსში არ იყო იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა და რა სისასტიკე ინერგებოდა ხალხის დასაშინებლად. ქართველი ერი ამას რომ ვერ მოითმენდა, მათ ეს დაავიწყდათ.

„როდესაც 27 სექტემბერს ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, კარგად ვიცოდით, რომ ნაცმოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში, ამას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა. მაგრამ ჩვენმა დანარჩენმა კოლეგებმა ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით, საჭირო დროს მიიღეს, რადგან თვალნათლივ დაინახეს, რომ ნაციონალების საარჩევნო კამპანია მთლიანად სიცრუეზე იყო აგებული. მოსახლეობას აშინებდნენ, რომ შემოვიდოდა რუსის ჯარი, მოვწყდებოდით ევროატლანტიკურ სივრცეს, კრიმინალთა პარპაში დაიწყებოდა. ერთმა მოქალაქემ მითხრა, სახლში ჩურჩულით ვლაპარაკობთ, ყველაფერი იცის ამ ხელისუფლებამ, რადგან ყველა საშუალებით გვისმენენ და ამ დროს ამისთანა წივილ-კივილი გამოდიოდა ციხიდან, ნუთუ მათ ყურამდე არ აღწევდა?! მოგვიანებით ნაციონალები თავად შეეცადნენ, ამ სისასტიკესთან მებრძოლი „მედროშეები“ გამხდარიყვნენ. ეს ამაზრზენი ცინიზმი იყო, ნაცვლად იმისა, გულწრფელი ბოდიში მოეხადათ, გადამდგარიყვნენ და რეალური ნაბიჯები გადაედგათ დამნაშვეების დასასჯელად. თუმცა ვინ უნდა დაეჭირათ, თავიანთი თავები?“ - კითხულობს ირაკლი შიხიაშვილი.

მანვე საკრებულოში არსებულ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აქამდე საკრებულოში მერის გადაწყვეტილებები შემოდიოდა და ამას საკრებულო ნოტარიულად აფორმებდა. მისი აზრით, ძალიან ამაზრზენი იყო, როცა დავით საგანელიძეს ათავისუფლებდნენ თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან. საგანელიძეს მაშინ არ სურდა უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა რომელიმე კოლეგა და თავად აპირებდა განცხადების დაწერას. ამ დროს კი ზაალ სამადაშვილმა ლამის თავი მოიკლა და იგი გაათავისუფლა.

„გარდა ამისა, ბიუჯეტთან დაკავშირებით ვითომ ცვლილებები შემოდიოდა და ამ დროს უკვე დამტკიცებული ბიუჯეტი დასამტკიცებლად შემოდიოდა. ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ თითოეული დეპუტატი საკრებულოს სხდომაზე იგებდა, მათ დაუდებდნენ მრავალფურცლიან გადაწყვეტილებას, ბიუჯეტის ანგარიშს და იმის წამკითხავი არავინ იყო. ათ წუთში კი ვერავინ წაიკითხავდა. არცერთი კომისია არ მუშაობდა რეალურად. ყველაფერი ფარსი იყო. დღეს კი რა ბედნიერებაა, ტელეფონზე ხალხი თავისუფლად ლაპარაკობს და ადამიანებს მომღიმარი სახე გაუხდათ“, - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.

ცნობისთვის, ირაკლი შიხიაშვილი თბილისის საკრებულოში არჩეული იქნა როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი სამგორის ოლქიდან, ნემსაძე - ნაძალადევის საარჩევნო ოლქიდან, რაფავა - კრწანისის საარჩევნო ოლქიდან, დოლიძე - ვაკის საარჩევნო ოლქიდან. ხოლო მიხეილ ქავთარაძე თბილისის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გახდა.