"ნაციონალური" რღვევა საკრებულოში.

"ნაციონალური" რღვევა საკრებულოში - "უახლოეს თვეებში ეს პროცესი დასრულდება. ახალ წლამდე "ნაციონალურ მოძრაობას" შესაძლოა ერთი ფრაქციის შექმნაც გაუჭირდეს!" - კახა კუკავა

საკრებულოს წევრის, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოში "ნაცმოძრაობის" შეუქცევადი რღვევის პროცესია დაწყებული. ეს განცხადება შიხიაშვილმა გუშინ მას შემდეგ გააკეთა, რაც მან და თბილისის საკრებულოს კიდევ 4-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს და საკრებულოში ახალი ფრაქცია - "თავისუფლება" შექმნეს, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკურ პლატფორმას შეუერთდება. შიხიაშვილი ყოფილ თანაპარტიელებს ახალ ფრაქციაში მიღებასაც ჰპირდება. ახალი ფრაქციის წევრები არიან - მიხეილ ქავთარაძე, ირაკლი შიხიაშვილი, მერაბ რაფავა, ზაურ დოლიძე და ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე. "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლისა და ახალ ფრაქციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება მათ საკრებულოში გამართული პრესკონფერენციის მომენტში მიიღეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ნაციონალური" რღვევა საკრებულოში.

"ვემიჯნებით "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც მისმა მმართველებმა დისკრედიტირებულ და ამორალურ ორგანიზაციად გადააქციეს. თბილისის მერი გიგი უგულავა ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს, მაგრამ გვინდა მას ვუთხრათ - როცა პოლიტიკური ორგანიზაცია უპირისპირდება საკუთარ მოსახლეობას და ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი ნება, როცა არჩევანს აყენებს საკუთარ პარტიასა და ქართველ ხალხს შორის, რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი ყოველთვის ქართველი ხალხის მხარეს იქნება", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას მიხეილ ქავთარაძე ამბობს, მან და შიხიაშვილმა საკრებულოს უმრავლესობა არჩევნებამდე ორი დღით ადრე დატოვეს და ამის მიზეზი ციხეებში პატიმრების წამების ფაქტები გახდა. გიორგი ნემსაძემ, მერაბ რაფავამ და ზაურ დოლიძემ კი ფრაქცია 12 ოქტომბერს დატოვეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ხელისუფლებაში ყოფნის გამო არ ვყოფილვარ პარტიაში. მე დაფუძნების დღიდან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვარ. როცა ციხის ამბები განსაჯაროვდა, მე და ჩემს მეგობრებს მორალური უფლება არ გვქონდა პარტიაში დავრჩენილიყავით და ამ მახინჯი სისტემის წინააღმდეგ არ დავმდგარიყავით. როგორც კი ციხის ამბები გახმაურდა, პარტია მეორე დღესვე დავტოვე, ეს პარტიაში ძალიან კარგად იციან. დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატს, გოგი ჩაჩანიძეს ვეხმარებოდი, მაგრამ კადრების ნახვის შემდეგ გოგის ვუთხარი, რომ მივდიოდი. უბრალოდ განცხადება გვიან გაკეთდა. როცა პარტიიდან წამოვედი, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი გახარებული იყო ჩემი ამ ნაბიჯით. ჩემთვის მთავარი ღირსებაა და არა თანამდებობები და ვინც მიცნობს, ეს ყველამ იცის... ჩემი მეგობრები ისევ რჩებიან "ნაციონალურ მოძრაობაში" და ვიცი, რომ ბევრი მათგანი ამ წუთშიც ზუსტად ჩემსავით ფიქრობს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ ქავთარაძე. 

"საკრებულოს წევრი, "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ბევრი დატოვებს, თუმცა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს. მისი აზრით, "ნაციონალები" საკრებულოში უმრავლესობას დაკარგავენ. უფრო მეტიც, ვარაუდობს, რომ რამდენიმე თვეში შესაძლოა, "ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ ერთი ფრაქციის შესაქმნელად საჭირო ადამიანები დარჩეს. აღსანიშნავია, რომ საკრებულოში "ნაცონალურ მოძრაობას" ერთი დიდი ფრაქცია ჰქონდა და ის 38 წევრისაგან შედგებოდა, ოპოზიციაში კი მხოლოდ 11 დეპუტატი იყო. ფრაქციის შესაქმნელად მინიმუმ 3 ადამიანია საჭირო, ხოლო იმისთვის, რომ "ნაციონალებმა" უმრავლესობა დაკარგონ, 5 დეპუტატის წამოსვლის შემდეგ კიდევ 10 დეპუტატის წამოსვლაა საჭირო", - დასძენს გამოცემა.

"ზოგადად საკრებულოს წევრთა უმრავლესობაში არ იყვნენ ის ადამიანები, ვინც მგზნებარე ნაციონალებად შეიძლება მივიჩნიოთ, მათთვის საკრებულოს წევრობა უბრალოდ მიმდინარე სამსახური იყო. მათთვის არც მაშინ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, რომელი პარტიის სიით იქნებოდნენ. ეს ადამიანები მაინცდამაინც აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ. საკრებულოს სხდომები თვეში ერთხელ ტარდება და მართალია, ბოლო პერიოდი არ მინახავს ეს ადამიანები, თუმცა მათ ორი წელია ვიცნობ და ვფიქრობ, რამდენიმე ერთეული ადამიანის გარდა არავინ მოისურვებს "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩეს. 10 წევრის წამოსვლაა საჭირო, რომ საკრებულოში მათ უმრავლესობა დაკარგონ. ვვარაუდობ, რომ უახლოეს თვეებში ეს პროცესი დასრულდება. ახალ წლამდე "ნაციონალურ მოძრაობას" შესაძლოა ერთი ფრაქციის შექმნაც გაუჭირდეს. ახლა რომ ვფიქრობ, რომელი სამი წევრი შეიძლება დარჩეს პარტიაში, თავს ვერავიზე ვერ დავდებ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.