"ჩემი ეჭვები გამართლდა. "ქართულ ოცნებაში" პრაქტიკულად ყველა პრორუსულად განწყობილი ადამიანია შეყრილი და ეს ადამიანები დღეს სხვადასხვა თანამდებობის კანდიდატებად მოისაზრებიან. დაველოდები მათ მიერ გაკეთებულ გადაწყვეტილებებს და შეფასებასაც მერე გავაკეთებ. ჩემთვის მთავარია, რა კურსი ექნებათ რუსეთთან მიმართებაში. ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს ვერ ვიგებ. ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს. ბევრ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს. აქედან გამომდინარე, არ მაინტერესებს მისი განცხადებები - დაველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს", - აცხადებს ყოფილი პარლამენტარი, მთამსვლელი გია თორთლაძე გაზეთ "რეზონანსისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თორთლაძე: "ჩემი ეჭვები გამართლდა - "ოცნებაში" ყველა პრორუსულად განწყობილი ადამიანია შეყრილი".
"თუ კარგად წავა საქმე, ძალიან კარგი. არასდროს არ ვყოფილვარ ჩასაფრებული არც ერთი ხელისუფლების მიმართ. ასე რომ, თუ ჩემთვის მისაღები იქნება მათი გადაწყვეტილებები, ვიტყვი, რომ მისაღებია, თუ არა და არა. თუ ივანიშვილი ყველა ნაბიჯს გადადგამს, რომელიც ჩემთვის იქნება მისაღები, რევანშისტი არ ვარ, რომ გადავეკიდო. პირველ რიგში, მაინტერესებს, რა ნაბიჯებს გადადგამს, რის ფასად აფინანსებდა რუსეთი და რას მოსთხოვენ ახლა. ძალიან მალე გაირკვევა ყველაფერი. ახლა, როცა კანდიდატებზეა ლაპარაკი, არ შემიძლია ვიდავო და ვიქილიკო. კანდიდატი დღეს ერთია, ხვალ შეიძლება სხვა იყოს. ასე რომ, დაველოდები მინისტრებს, ვის სად დანიშნავენ. თუმცა პირველ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მინისტრობის ბევრი კანდიდატი ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მიუღებელია ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში შევარდნაძის პერიოდში მუშაობდნენ და მათ უწყებებში ხდებოდა უამრავი დარღვევები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია თორთლაძე.
"მაგალითად, ივანიშვილმა ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უნდა აღიაროს. არ უნდა მოხდეს ოკუპაციის შესახებ მიღებული კანონის გადახედვა, რუსეთის ბაზების დაკანონება, ნატოსთან მიმართებაში არ უნდა შეიცვალოს პოზიცია და ბევრი სხვა საკითხი. ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩემთვის ბევრს არ ნიშნავს. ეს უნდა მიიღოს პარლამენტმა. ამ თემას დღეს თუ ვინმე შეეხება და ამაზე დაიწყებენ ლაპარაკს, რომ რუსეთის ოკუპანტობის სტატუსი უნდა მოეხსნას, ვიქნები ძალიან რადიკალური და შუალედურ პოზიციას არ დავიკავებ. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა მტერთან თანამშრომლობას ნიშნავს. სანამ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, მათთან თანამშრომლობა არის შეუძლებელი და მიუღებელი. მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ოღონდ მოლაპარაკების მთავარი თემა უნდა იყოს დეოკუპაციის პროცესის დაწყება და დევნილების დაბრუნება", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საგარეო საფრთხეების გაზრდაზე საუბრობდით. რას იტყვით დღეს ამასთან დაკავშირებით, გაზრდილია თუ არა რუსეთის მხრიდან საფრთხე?" - პასუხობს:
"საგარეო საფრთხე გაზრდილი არ არის, იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას", სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ეყო გონიერება, რომ მშვიდ და წყნარ პროცესებში ჩაეტარებინა არჩევნები. თუ აქ იქნებოდა გამოსვლები, საპროტესტო აქციები, მაშინ რა თქმა უნდა, რუსეთი ამით აუცილებლად ისარგებლებდა და შემოვიდოდა. ახლა რუსეთისთვის ყველაზე მისაღები ძალა მოვიდა ხელისუფლების სათავეში და ამას არც მალავენ. მაგრამ რის სანაცვლოდ აფინასებდნენ, ამ წუთში უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ეკონომიკის აყვავებისთვის და სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის არ მოუყვანიათ".